რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დავით ნარმანია: „თამაზ ელიზბარაშვილი მაღალი სამოქალაქო შეგნებიდან გამომდინარე მოქმედებდა”

„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ თამაზ ელიზბარაშვილს 10 000 ლარიანი ჯარიმა გაუუქმა.

„დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარის, თამაზ ელიზბარაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, თამაზ ელიზბარაშვილმა სვანიძის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირზე აღადგინა ლითონის მოაჯირი, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. მოაჯირის აღდგენამდე ბატონმა თამაზმა რამდენჯერმე მიმართა დედაქალაქის მერს, რომ დაეცვათ ამ ქუჩის მოსახლეობის უსაფრთხოება და სასწრაფოდ აღედგინათ დამცავი მოაჯირები, მაგრამ თხოვნა თხოვნად რომ დარჩა, ბიზნესმენმა თავად გაიღო ამისთვის ხარჯები. ამის გამო, თამაზ ელიზბარაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 10 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში აღნიშნული საქმის ზეპირი მოსმენები გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება კი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მიიღო:

2017 წლის 20 თებერვალს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, თამაზ ელიზბარაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თამაზ ელიზბარშვილს 10 000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა.

„შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია თამაზ ელიზბარაშვილის ქმედებას სხვა რაიმე მოტივი ჰქონოდა საფუძვლად, გარდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა. საჩივრის ავტორის ქმედება ნაკარნახევი იყო მისი მაღალი სამოქალაქო შეგნებიდან, რომლის მიზანს მხოლოდ უბედური შემთხვევის პრევენცია და პირთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა” – ნათქვამია დავით ნარმანიას ბრძანებაში.

თამაზ ელიზბარაშვილი მადლობას უხდის თბილისის მერ დავით ნარმანიას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის და როგორც დედაქალაქის მერს, ისე მთავრობის სხვა წევრებს, ვისაც ხელეწიფება ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, სთხოვს, მუდამ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close