დავით ლორთქიფანიძე სუდარას ეძებს
ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
_ ხელოვნების მუზეუმსა და სასტუმრო “რიქსოსს” შორის ეს ორი დღეა დიდი გადარბენა-გადმორბენები აქვთ; დავით ლორთქიფანიძე საგანძურის ჩამოსაფარებლად სუდარას ეძებს, რომ შემდეგ, იქაურობა დაკეტოს.
ამ გადარბენა-გადმორბენაში ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე ირაკლი ღვალაძე ხელოვნების მუზეუმის დერეფანში დავინახე. მივედი, თავი გავაცანი და ვკითხე, რა ხდება, ხელოვნების მუზეუმისთვის ჩამოსაფარებლად ბადეს რატომ ეძებთ-მეთქი. არა, არ ვეძებთო. სასტუმრო “რიქსოსსა” და ხელოვნების მუზეუმს შორის წინ და უკან რატომ დარბიხართ, რისთვის ემზადებით-მეთქი და არა, არ დავრბივართო. წუხელ და წინა დღეს ვინ გყავთდათ ხელოვნების მუზეუმში მოყვანილი, აქაურობას რისთვის ათვალიერებთ, რას ამოწმებთ-მეთქი და შენობასო.
ჩანთაში ვიდეოკამერა მაქვს და ამ კითხვებზე პასუხს ვიდეოკამერით ჩავწერ-მეთქი და არაო, – მომიგო ბატონმა ღვალაძემ და დააყოლა, ოფიციალურად მოგვმართეთ და გიპასუხებთო.
მას შევახსენე, რომ თითქმის ყოველ ჯერზე მუზეუმიდან არ მცემენ სრულ პასუხს და ხელმეორედ მიმართვა მიწევს. სხვათა შორის, ამჯერადაც ასეა – საგანძურის უცხოეთში გატანა აქვთ განზრახული და მე იმ ექსპონატების ჩამონათვალი გამოვითხოვე, რისი გატანაც უნდათ. პირველ განცხადებაზე არასრულად მიპასუხეს და ხელმეორედ 9 თებერვალს მივმართე. ეს ცალკე საკითხია და ამაზე ვრცლად მაშინ დავწერ, როცა წერილობით პასუხს მივიღებ.
ახლა ისევ მთავარ თემას მივუბრუნდები. ირაკლი ღვალაძეს თან ორი მამაკაცი ახლდა. ეს ბატონები ვინ არიან-მეთქი, – დავინტერესდი და მუზეუმის თანამშრომლებიო, – მომიგო. მათგან მხოლოდ ერთი გამეცნო – დავით ჯიქია. ცნობისთვის, ეს არის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი, ვინც ხელს აწერს ხოლმე მუზეუმიდან ჩემთვის გამოგზავნილ წერილებს.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილეს ვთხოვე წავეყვანე და ჩემთვის ის ტერიტორია ეჩვენებინა, რომელიც სასტუმრო “რიქსოსმა” მუზეუმს აჩუქა (საჯაროდ ასე ამბობს ბატონი ლორთქიფანიძე. სინამდვილეში, “რიქსოსი” მუზეუმის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდა და მუზეუმს არავის საჩუქებელი არაფერი სჭირს).
საჯარო განცხადებებში დავით ლორთქიფანიძე ამბობს, “რიქსოსმა” 3 ათასი კვადრატული მეტრი გვაჩუქაო; ჰოდა, იმ სამი ათასი კვადრატულის დათვალიერებაში ირაკლი ღვალაძეს დახმარება ვთხოვე. ვერ დაგათვალიერებინებთ, რადგან ჯერ ჩვენი არ არის, ბოლომდე არ გადმოუციათო. ამ სამ ბატონს დავემშვიდობე, ხელოვნების მუზეუმიდან გამოვედი და იქვე, მიბმულ სასტუმროს ტერიტორიაზე შევედი, იგივე თხოვნით – იმ ტერიტორიის ნახვა მინდა, სადაც სამუზეუმო კოელქციების გადმოტანა იგეგმება-მეთქი. დირექტორის მისაღებში მიმიყვანეს. იქაც იგივე გავუმეორე. დირექტორი ნახევარ საათში მოვაო. დაველოდები-მეთქი და კი ბატონოო, – მომიგეს. მისაღებში დავჯექი.
ნახევარ საათზე ოდნავ გვიან მოვიდა დირექტორი, გოჩა გვენეტაძე. ის დაინტერესდა რაში მჭირდებოდა იქაურობის დათვალიერება. მკითხა ისიც, ამის გაკეთება მუზეუმმა ხომ არ შემიკვეთა. ჩემი სტუმრობის მიზეზი ავუხსენი – სამუზეუმო სფეროზე მრავალი წელია ვწერ, მუზეუმებში არსებულ ვითარებას ხშირად ვაშუქებ და ახლა მაინტეერსებს სად, რა სივრცეში გეგმავენ საგანძურის გადმოტანას-მეთქი. დირექტორმა თავის ორ თანამშრომელს დაავალა მუზეუმისთვის განკუთვნილი ფართი ენახვებინათ. მან მითხრა ისიც, რომ ინფორმაცია არასწორად ვრცელდება – 3 ათასი კი არა, სინამდვილეში 3 650 კვადრატული მეტრია მუზეუმისთვის გამოყოფილიო.
დავიწყეთ მუზეუმისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დათვალიერება. დანარჩენი სასტუმროსგან განსხვავებით იმ სივრცეში, სადაც სამუზეუმო კოლექციების გადაზიდვა უნდათ, კარ-ფანჯარა მოწესრიგებულია და კედლები თეთრადაა შეღებილი. პირველი სართული შესასვლელ ნაწილში, იგივე ფოიეში იატაკიც მოწესრიგებულია, კარებებიც ჩამოკიდებული, განსხვავებით ზედა სართულებისგან.
მუზეუმისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესასვლელი მდებარეობს სასტუმროს საპარადე შესასვლელის გვერდით. კიბეებს მოაჯირები ჯერ არა აქვს გაკეთებული. იქაურობა გადატიხრულიც არ არის. როცა ერთ-ერთ სართულზე ყოფნისას თანმხლებ პირს ვკითხე აქ რისი გაკეთება იგეგმება-მეთქი, მომიგო ჯერ თავადაც არ იციან სად რას გააკეთებენ, დაცვითი სისტემა უნდა დაამონტაჟონ; ჩვენ მაგათთვის ფული მიცემული და ანგარიში გასწორებული გვაქვსო.
ამ ნახევრად მომთავრებულ შენობში ყოფნისას ცხონებული მერაბ ბერძენიშვილი გამახსენდა – 2014 წლის 21 ნოემბერს, როცა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დამაჯილდოვა, აკადემიკოსმა ოთარ ჯაფარიძემ საყდრისის გადასარჩენად ბრძოლა შემიქო, მაგრამ სამუზეუმო სფეროში მიმდინარე მოვლენებისადმი ჩემი პოზიცია დამიწუნა. ოთარ ჯაფარიძეს მეორე აკადემიკოსი – თამაზ გამყრელიძე დაეთანხმა. მოკლედ, მითხრეს შენ კარგი გოგო ხარ საყდრისს რომ იცავ, მაგრამ მუზეუმებთან მიმართებაში ძალიან გეშლებაო. ამ საუბარს მერაბ ბერძენიშვილი ყურს უგდებდა. ბოლოს იქ მყოფთ შეახსენა 2012 წელს ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ახლადააშენებულ რაბათში გადატანის მცდელობა – ხატები ერთი კარიდან არ გაატანეს, მაგრამ იქაურობას მეორე კარი აქვს და ღმერთმა იცის იმ მეორე კარიდან რას შვებიანო. ყველა გაჩუმდა (მოგვიანებით გავიგე რომ ოთარ ჯაფარიძე დავით ლორთქიფანიძის განსვენებული მამის ახლო მეგობარი ყოფილა, ხოლო თამაზ გამყრელიძის ქალიშვილი დავით ლორთქიფანიძესთან მუშაობდა).
ხელოვნების მუზეუმს თუ ორი კარი აქვს, სასტუმრო “რიქსოსში” მუზეუმისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ყველა სართულზე სასტუმროსთან დამაკავშრიებელი თითო და ზოგ სართულზე ორ-ორი კარი აქვს; ლორთქიფანიძეს სასწადელის ასრულება თუ დასცალდა, ვინ რომელი კარიდან რას შეიტანს და გაიტანს, ჩვენ ვინ გაგვაგებინებს?!
სართულების დათვალიერების შემდეგ ვთხოვე ქვედა სართულზე ის სივცრე ენახვებინათ, სადაც ეროვნული მუზეუმის გენდირექტორს ფონდების ჩაზიდვა უნდა. თუ შეიძლება “გარაჟებიც” მანახეთ-მეთქი და ქვემოთ ჩავედით. აღმოჩნდა, რომ სასტუმრო “რიქსოსის” ქვეშ მთელი სივრცე ლორთქიფანიძის განკარგულებაში იქნება. თქვენს მანქანებს სადღა დააყენებ-მეთქი, – ვკითხე თანმხლებ პირებს და სანამდე პასუხს გამცემდნენ, თავად მივუგე – აქვე, “პანორამა” თბილისთან ხომ დიდ მიწისქვეშა ავტოსადგომს აკეთებენ და თქვენი მანქანები ალბათ, იქ დადგება-თქო. ამაზე არაფერი უპასუხნიათ.
არ შევიმჩნიე, მაგრამ იქიდან გული ხელით გამოვიტანე. მასპინძლებს თავაზიანი მადლობა გადავუხადე და წამოვედი.