პოლიტიკა

დავით ასათიანი: CCBE საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გვიცხადებს

   ედინბურგში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების (CCBE) სესია და სამართლის საბჭოს (PECO) კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, დავით ასათიანი. ბატონმა დავითმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მადლობა გადაუხადა ამ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და საქართველოს ადვოკატთა კორპუსის მდგომარეობაზე ისაუბრა.
  დავით ასათიანი:
 _ რამდენიმე დღის წინ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა საგანგებო წერილი მისწერა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს. წერილში საუბარი იყო კონკრეტული ადვოკატების უფლებების დარღვევებზე, რის გამოც მან გამოხატა შეშფოთება და მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირადად აკონტროლონ ყველა საქმე და ნებისმიერ ღონეს მიმართონ, რათა დაცული იყოს საქართველოში ადვოკატთა უფლებები.
   _ ეს წერილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების (CCBE) სესიაზე და სამართლის საბჭოს (PECO) კომიტეტის სხდომაზე თქვენი გამოსვლის შედეგია?
  _ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების (CCBE) სესიაზე და სამართლის საბჭოს (PECO) კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ ბოლო დროს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირებისა და ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელოვანი პრინციპის დამტკიცების საკითხები. ევროპის ადვოკატთა ასოციაცია კმაყოფილია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია, რაც აისახა კონსტიტუციის პროექტში. (CCBE) თვლის, რომ ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება, აგრეთვე, ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლად თვითრეგულირების უფლება არის წინგადადგმული ნაბიჯი.
  _ კიდევ რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება?
  _ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, ადვოკატის მონაწილეობის აუცილებლობის მნიშვნელობაზე. მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს იმ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში. კანონპროექტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დაიშვებიან მხოლოდ ადვოკატები. სხვა იურისტებმა საქმეები შეიძლება გამონაკლის შემთხვევებში წარადგინონ. ასე ხდება ევროპაში, რადგან კვალიფიციური ადვოკატის მონაწილეობა ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
მარიამ მახნიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close