საზოგადოება

გიორგი ჩიქოვანი: მივაღწიეთ იმას, რომ ნამდვილად გვიცავენ ის ადამიანები, ვინც უნდა გვიცავდნენ

„ახალგაზრდული ცენტრი“-ს ლიდერი, გიორგი ჩიქოვანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის  გატაცების ფაქტზე  euronews ge-ს ესაუბრა.

გიორგი ჩიქოვანი:

_ უამრავი ვერსია მოვისმინე ამ თემაზე. მე ვერ დავემსგავსები ვერცერთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დაუსაბუთებლად და დაუდასტურებლად, პირდაპირ მიაწებებენ ხოლმე ადამიანს დანაშაულის ჩამდენის იარლიყს. ჩვენ გვაქვს უამრავი ვერსია და არ გვაქვს უფლება, წინ გავუსწროთ მოვლენებს. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო გატაცება და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ეს ხელისუფლებისთვის ერთგვარ გამოცდასავით არის, რადგან საქმე გახლავთ რეზონანსული. მასზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. შეგვიძლია, მოვიშველიოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ჩვენს ქვეყანას ეუბნებიან, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გამოიძიონ სწრაფად და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მეც  მაქვს კითხვები და ძალიან ბევრი ვერსიები, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ყველა ვვარაუდობთ, რომ  შესაძლებელია, ეს იყო თავად ამ ადამიანის სურვილი, ან იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, თუნდაც ქართველი სპეცსამსახურების დანაშაული და სხვა. ამ ვერსიებიდან ჩვენ ვერცერთს ვერ დავასაბუთებთ.

ვემხრობი მოსახლეობის აზრს, რომ ამ საქმის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი საზღვარზე, ვისი მეშვეობით და დახმარებით, თავისი სურვილით, რა მოტივით და ა.შ.  ამიტომ, თქვენს კითხვაზე – ეს იყო გატაცება, თუ ამ პიროვნების სურვილი, საზღვარი გადაეკვეთა ვუპასუხებ: არ ვუღალატებ ჩემს პრინციპს არასდროს, მიუხედავად იმისა, მომწონს საგამოძიებო უწყებების მუშაობა და მათი სტილი თუ არა. ასე, რომ დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებისგან ისეთი პასუხები უნდა მივიღოთ, რომ კითხვები აღარ გაჩნდეს.

 _ ოპოზიცია ხშირად ახსენებს ხელისუფლებას დღემდე გამოუძიებელ საქმეებს. გამორიცხავთ, რომ შეიძლება, ეს საქმეც ,,თაროზე შემოდონ”?

_ კარგად გვახსოვს, 2012 წელს რამდენი გამოსაძიებელი საქმე დახვდა ხელისუფლებას. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საგამოძიებო ორგანოები ძალიან კვალიფიციურად და უსწრაფესად მუშობენ, თუმცა არც მათ პროფესიონალიზმში შემაქვს ეჭვი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე საქმე არის თაროზე შემოდებული. მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებდეს წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად. ნაციონალები შუაღამეს აპატიმრებდნენ ადამიანებს, დილით მიუსჯიდნენ და შუადღეს უკვე ციხეში იყო. შესაძლებელია, ახლა ცოტა იწელება გამოძიება, მაგრამ კვალიფიცირად ხდება საქმეების გამოძიება. ვერ დავადანაშაულებ ვერც პროკურატურას და ვერც საგამოძიებო უწყებებს იმაში, რომ ისინი სწრაფად არ მუშაობენ. დრო არის საჭირო იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს თითოეულ  გამოუძიებელ თემაზე.

რაც შეეხება ამ საქმეს, ეს არის თვითონ ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოს გამოცდა. ასეთი საქმე უსწრაფესად და კვალიფიციურად უნდა იქნეს გამოძიებული. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ხელისუფლება ამ საქმეს მაღალ დონეზე გამოიძიებს. მითუმეტეს, მასში ჩართული არის პრემიერ-მინისტრი და არა მგონია, რომ რაიმე მიიჩქმალონ.

 _ სახალხო დამცველმა აღნიშნა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში არავინ არის დაცული. გამოდის, რომ ასეთი საფრთხეები არსებობს და კიდევ შეიძლება, თბილისის ცენტრიდან გაიტაცონ ადამიანი. ასეა? 

_ სახალხო დამცველის კვალიფიციურობასა და ცოდნაში ნამდვილად არ შემიძლია ეჭვი შევიტანო, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ყველანიარად ცდილობს, ეჭვი შეიტანოს და აჟიოტაჟი ატეხოს ქვეყანაში. ისინი ყოველთვის ჩასაფრებულნი არიან და  შეიძლება, კონკრეტიკის გარეშეც ,,მიაწებონ” ადამიანს ესა თუ ის დანაშაული.

ჩემი აზრით, სახალხო დამცველს არც მორალური და არც  პროფესიული უფლება არ აქვს, რომ ასეთი რამ დადასტურებით თქვას. არავის არ აქვს იმის უფლება, გამოძიების დასრულებამდე დადასტურებით განაცხადოს,  რომ ეს იყო გატაცება. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის ნება და ეს უფლება ჩვენ 2012 წელს მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მოგვადგება ის ვთქვათ და საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში. სახალხო დამცველი არ არის პოლიტიკური ფიგურა და ის არ უნდა იყოს მხარე. აქედან გამომდინარე სახალხო დამცველიც უნდა დაელოდოს გამოძიებას.

  _ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე?

_ მოსასმენად ეს არის ძალიან მძიმე თემა, თუმცა არა მგონია, ამ ამბის გამო,  ევროპამ კარი მოგვიხუროს. ქვეყნის იმიჯისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ შეცდომებს ყველგან უშვებენ, არის დარღვევებიც და ამას ჩვენც ვერ გავექცევით. ასეთი რამეები ხდება დემოკრატიულ ქვეყნებშიც – ნორვეგიაში, შვედეთში, ა.შ. შტატები. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება და ის ადამიანები, ვისაც ეს საკითხები ეხება, პრევენციულ ზომებს გაატარებენ. მე დღევანდელ საუბარს ასე დავამთავრებ, წინა ხელისუფლების პერიოდს თუ შევადარებთ ამჟამინდელს, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ დღეს ნამდვილად გვიცავენ ის ადამიანები, ვინც რეალურად უნდა გვიცავდნენ. ისინი არ გვდევნიან, არ გვცემენ…. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close