გიორგი ტყემალაძე: ტაქსის სერვისის განხორციელებისთვის ნებართვის აღება გახდება სავალდებულო!
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მერიის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა რეალურ შედეგს მოიტანს და დედაქალაქი საცობებისგან საგრძნობლად განიტვირთება, რაც თავის მხრივ ქალაქში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას გამოიწვევს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დედაქალაქის მთავრობა რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს განახორციელებს. მათ შორის, მოხდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროს რეაბილიტაცია.
გიორგი ტყემალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მის ხელმისაწვდომობას გაზრდის და მოქალაქეების კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ცვლილებები შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც.
„სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული თითოეული ნაბიჯი თბილისის საცობებისგან განტვირთვისკენ და მოსახლეობისთვის გადაადგილების დროს კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნისკენ არის მიმართული. ეს ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთაც და თბილისის მერის და ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებაც გახლდათ,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ეტაპობრივად, გარკვეული სტანდარტები დამკვიდრდება. მანამდე კი ტაქსებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელებისთვის ნებართვის აღება გახდება სავალდებულო. როგორც ტყემალაძემ განმარტა, რეგისტრაცია სავალდებულო იქნება და მძღოლები მის გავლას უფასოდ შეძლებენ.
გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქში სატრანზიტო მოძრაობა აკრძალულია, თუმცა ჯარიმის სიმცირის გამო, ხშირია ამ წესის დარღვევა. მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება, მსგავს შემთხვევებს საგრძნობლად შეამცირებს.
„ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის ნაწილია, რომელთა განხორციელებაც სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით იგეგმება. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მთავრობა თბილისში თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის ყველაფერს გააკეთებს და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ დედაქალაქი საცობებისგან განიტვირთოს,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტისა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით განხორციელდება.