რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი თევზაძე: ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და შენარჩუნებას ხელისუფლება ზერელედ ეპყრობა

   უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართული ენის დაცვა მარტო 14 აპრილს არ უნდა ახსენდებოდეთ. იგი მიმართავს ხელისუფლებას, საზოგადოებას და ახსენებთ, რომ ქართული ენას თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა.

 გიორგი თევზაძე:

_ ენა მიწა-წყალთან და სარწმუნოებასთან ერთად არის ერის დედაბოძი. იცავდე შენი ენის სიწმინდეს, ეს ნიშნავს, იცავდე ვინაობას, შენს მეობას, ღირსებას, შენი ერის კულტურასა და ისტორიას. როგორც ქართულ საზოგადოებას ასევე ხელისუფლებას მუდამ უნდა ახსოვდეს გრიგოლ ორბელიანის ცნობილი სტრიქონები – ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”. უდავოა, რომ დამახინჯებული მეტყველება დამახინჯებული აზროვნების, დეფორმირებული ცნობიერების გამოხატულებაზე მიანიშნებს.

სამწუხარო სინამდვილეა, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ბევრად მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე ამჟამად, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. მაშინ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან შექმნილი იყო ,,თანამედროვე ქართული ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია”, რომელიც შედგებოდა კომპეტენტურ და ავტორიტეტულ პირთაგან. კომისია იხილავდა სადავო ენობრივ საკითხებს და მის მიერ დადგენილი ნორმები სავალდებულოდ ითვლებოდა ყველასათვის. მთელი ეს მასალა, ანუ სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები გამოიცემოდა ბეჭდური სახით, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებულ პირთათვის. პირველი ასეთი კრებული, სათაურით ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები”, გამოვიდა 1970 წელს. შემდგომ გამოდიოდა ბიულეტენები. ამჟამად არც პრემიერ მინისტრთან, არც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არც ქვეყნის პრეზიდენტთან, მსგავსი კომისია არ არსებობს. ეს საქმე დავიწყებას მიეცა.

ყველას გვახსოვს, არსებობდა ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც ზრუნავდა ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის. ტელეეთერით, განსაზღვრულ დროს, სისტემატურად ეწყობოდა გადაცემები, რომლებსაც უძღვებოდა ბ-ნი ლევან ღვინჯილია. ბევრს ემახსოვრება ეს გადაცემები. ლევან ღვინჯილია ააშკარავებდა ქართულის დამახინჯების ფაქტებს, გვერდს არ უვლიდა ქალაქებში თუ რეგიონებში მომრავლებული უცხოსიტყვებით გაჯერებული აბრების წარწერებსაც კი. ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს გაეძლიერებინა ამ მეტად საჭირო უწყების როლი, მისი მნიშვნელობა და საქმიანობა საზოგადოებაში, წინა ხელისუფლებამ სულ გააუქმეს ეს სამსახური. რამდენად მართებული მიდგომა იყო ასეთი რამ ხელისუფლების მხრიდან, მომავალი თაობები უკეთ შეაფასებენ როგორც ანტიეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ეს პროცესი ასეთი ზერელე დამოკიდებულება ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და მისი შენარჩუნებისათვის დღემდე გრძელდება.

მივმართავ ხელისუფლებას, დაიწყოს ზრუნვა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დახვეწისა და გაფართოებისთვის. ეს უნდა იქცეს ერთ-ერთ მთავარ, პრიორიტეტულ მიმართულებად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას. არ უნდა დაგვავიწყდეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული დღე, როდესაც ერი და ბერი ერთად გაერთიანდა და დაიცვა, შეინარჩუნა საბჭოთა იმპერიის პირობებში ქართული ენა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close