გიორგი თევზაძე: სახალხო მონარქიის იდეა არის ერთიანობის ფორმულა
უფლებადამცველმა, საქართველოს სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ სამეფო კლუბის სახელით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ სახალხო მონარქიის იდეა არის ერთიანობის ფორმულა და პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მას მხოლოდ დააზიანებენ.
გიორგი თევზაძე:
_ სახალხო მონარქისტული იდეოლოგია არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და შესაბამისად, მას მოფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, წლების უკან შევქმენით სამეფო კლუბი, სადაც გაერთიანდნენ საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მათ შორის, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, იურისტები, ისტორიკოსები, მკვლევარები, მედიკოსები, ხელოვნების მოღვაწეები, ჟურნალისტები, და ა. შ.
თავიდანვე მიგვაჩნდა და დღესაც ასე ვფიქრობთ, რომ სახალხო მონარქიის იდეა საზოგადოებაში თავის გამოძახილს ჰპოვებს ყველგვარი პარტიული და ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის გარეშე, სწორედაც ამიტომ, თავიდანვე დავაარსეთ არა პარტია ან მოძრაობა, არამედ – კლუბი, სამეფო კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია, არაპოლიტიკური მოძრაობა, რაც საქართველოს პატრიარქის მიერ მოწონებული იქნა და კურთხეული. აღნიშნული სამეფო კლუბი დაფუძნდა საზოგადოებრივ საწყისებზე.
პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტოკოსებს, რომლებიც სხვადასხვა პროცესებში არიან ჩართული და არიან ამა თუ იმ ელექტორატთან თუ პოლიტიკურ ძალებთან დაპირისპირებული, მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ ამ საქმისთვის, რადგან, მათდამი დაპირისპირებული ან უარყოფითად განწყობილი ელექტორატის ნაწილის გაღიზიანება შეუძლიათ გამოიწვიონ. ეს კი მიუღებელია მონარქისტული იდეისათვის გავრცელებისათვის.
სამეფო კლუბმა დაამუშავა ყველა საკითხი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ კონცეფციის განხორციელებს შემთხვევაში უნდა ამუშავდეს. ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. მხოლოდ სამეფო კლუბი არის შემძლე ამ დიდებული ეროვნული იდეის დამუშავებისა და ხალხისთვის განმარტებისა, რადგან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ხალხში აღარ აქვთ ნდობა და ამიტომ, მათი ჩართვა ამ საქმეში, სავარაუდოდ, მხოლოდ ზიანს მოუტანს სახალხო მონარქიის იდეას.
ვთხოვთ ყველას, ვინც მომხრეა სახალხო კონსტიტუციური მონარქიის იდეისა, დაგვიდგნენ გვერდში ჩვენ, სამეფო კლუბს და ნუ მოინდომებენ სამეფო კლუბის დაპარალელებას ან ამ იდეით ქულების მოპოვებას, ვიწრო პარტიული ან პირადი ინტერესებისათვის.
ცნობისათვის, სამეფო კლუბის საიტია www,georoyal.ge და ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას.