პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ  განცხადებებს,  რომ საკონსტიტუციო კომისიაში მარტო „ქართული ოცნება“ დარჩა. თუმცა როგორც  evronews.ge-მა გაარკვია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. საკონსტიტუციო კომისია არ დაუტოვებია „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელს, რაც  ლეიბორისტული პარტიის ერთ- ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ დაგვიდასტურა.

გიორგი გუგავა:

_ „ლეიბორისტული პარტია“ რჩება კომისიაში. ჩვენმა ლიდერმა წარადგინა ულტიმატუმები, რომელიც უნდა შეასრულოს მთავრობამ. კონკრეტულად ეს შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ანუ უნდა დარჩეს საპრეზიდენტო მმართველობა. ასევე, უნდა შეცვალოს მანდატების  ,,მოპარვის” წესი არჩევნებისთვის. ახალი პროექტით შემოაქვთ პროპორციული არჩევის წესი, ოღონდ ადგენენ,  რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა გადაუნაწილებელი ხმა, რაც ნიშნავს მანადატების მოპარვას. მესამე, რაც ჩვენ წარვადგინეთ, ეს არის ის, რომ კონსტიტუციაში ასახული იქნეს სოციალური გარანტიები ჯანდაცვის, განათლებისა  და შრომით საკითხებთან დაკავშირებით. შაბათს არის ბოლო სხდომა და მათ აქვთ საშუალება,  ამ ბოლო სხდომამდე  ეს ყოველივე გაითვალისწინონ.

_ როგორ ფიქრობთ, დაკმაყოფილდება  თქვენი მოთხოვნები?

_ თუ არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ნიშნად ჩვენც აუცილებლად დავტოვებთ კომისიას. ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა რესურს და საშუალებას. დიალოგის ფორმატი მთავრობასთან უკვე ამოწურულია. კონსტიტუცია არის საერთო შეთანხმების საერთაშორისო აქტი.  საერთო შეთანხმება თუ არ მოხდა, ეს იქნება მხოლოდ ერთი ძალის მიღებული კონსტიტუცია.

 

კომენტარები