,,ევროსასამართლოსგან ვითხოვ 1 ევროს და იმის დადასტურებას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე, იყო საჯარო!

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩემმა წარმომადგენელმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან თამარ დეკანოსიძემ 2017 წლის 6 ივნისს გაგზავნა შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩემი საჩივარი არ უნდა დააკმაყოფილოს, რადგან:

ის, რასაც მე ვითხოვდი, დაკმაყოფილებულია; ჩემი დავა სამართლებრივად უსაფუძვლოა; მე არ განმიცდია სერიოზული ზიანი (1).

ევროსასამართლოში სახელმწიფოს მხრიდან გაგზავნილ შეპასუხებას ხელს აწერს ბექა ძამაშვილი, რომელიც ცდილობს ევროსასამართლოს იმაში დარწმუნებას, რომ ის ინფორმაცია, რასაც მე ვითხოვდი, არის პირის პერსონალური ინფორმაცია და ამიტომ საჯარო არ იყო.

შეგახსენებთ სტრასბურგამდე რა გზა გავიარე და რას ვითხოვდი:

2009 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მივმართე სასჯელაღსრულების იმჟამინდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინს – ვითხოვდი საჯარო ინფორმაციას, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი, რომლის უდანაშაულობაში დარწმუნებულები იყვნენ (და დღესაც არიან) გურამ შარაძის ოჯახის წევრები. შაშკინის სამინისტრომ უარი იმ მოტივით მითხრა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი, საიდუმლო იყო და არა საჯარო (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამინდელი ხელისუფლებაც იგივეს ამტკიცებს).

იურისტის გარეშე საქმეს შემდეგომ მსვლელობას ვერ მივცემდი, შემდეგი გარემოებების გამო: არ მქონდა ბაჟისთვის აუცილებელი 100 ლარი და ასევე, არ მქონდა იმდენი ცოდნა-გამოცდილება, რამდენიც ბოლო 7-8 წელია დამიგროვდა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან”, იგივე საია-სთან არსებულ “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში” მივედი და ვთხოვე, ჩემთვის სამართლებრივი დახმარება გაეწიათ. სასამართლოს სამივე ინსტანციაში ჩემს უფლებებს იცავდნენ “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” იმჟამინდელი იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე.

საქალაქო სასამართლომ, ისევე, როგორც შაშკინის სამინისტრომ დაასკვნა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი საჯარო არ იყო. პროცესი სააპელაციოშიც წავაგეთ. უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შევიტანეთ, რაც წარმოებაში არ მიიღეს.

აი, ასე მივიდა საქმე ევროსასამართლომდე – იქ საჩივარი 2011 წლის 15 მარტს გავგზავნეთ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩემი იმჟამინდელი წარმომადგენელი ნათია კაციტაძე გახლდათ, რომელიც მაშინ საია-ში მუშაობდა, ხოლო ახლა სახალხო დამცველის მოადგილეა. ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, დაედგინა ევროკონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა, რომელიც ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას შეეხება.

აგერ, ახლახანს სახელმწიფოს მხრიდან გაგზავნილ შეპასუხებაში ბექა ძამაშვილს მოხმობილი აქვს სხვადასხვა მაგალითები ევროსასამართლოს საქმისწარმოების პრაქტიკიდან, რაც რეალურად სხვაგვარ ფაქტობრივ გარემოებებს ეხება.

საქმეს, რომლის ნომერია № 18865/11, ჰქვია ასე – “ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”. ვიმეოდოვნებ ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებას ბარათელის საპყრობილიდან გამოსვლამდე გამოიტანს. გიორგი ბარათელის საპატიმრო დაწესებულების დატოვებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა.

განმარტება (1) – ევროსასამართლოს ზიანზე დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი 2014 წლიდან აქვს დადგენილი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია უფლება დაირღვა, მაგრამ არა ისეთი და იმ დონის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ იმსჯელოს” _ აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

კომენტარები