ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარკვეულ პირებს ძალიან არ უნდათ, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე გაიგოს სიმართლე და ამიტომაც არ სურთ, პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრას ადვოკატები არ დაესწრონ.

„პატრიარქს საკმაოდ ბევრი კითხვა გაუჩნდება და ექნება კიდეც, დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ოჯახის წევრები იმ კითხვებზე პასუხს გასცემენ. ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრა ინფორმაციის მიზანმიმართული დაბლოკვაა – როგორც კი გებულობენ ადვოკატების შესახებ, იმწუთშივე ცვლიან ყველაფერს. სიმართლე მათთვის მახვილივითაა და მტკივნეულია“ – აღნიშნა რამიშვილმა.

ადვოკატმა პატრიარქთან მათი პირველი შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწმინდესს წარმოუდგენლად მიაჩნდა გიორგი მამალაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

„როდესაც ძალიან მცირეხნიანი პირველი ვიზიტი გვქონდა ჩვენ, ადვოკატებს პატრიარქთან, მისი გერმანიიდან ჩამობრაძანების შემდგომ, მისი სიტყვები დღესაც კარგად მახსოვს. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ მამა გიორგი აღნიშნული დანაშაულის ჩადენას აპირებდა, რომ მისი ორგულობა წარმოუდნელია და პატრიარქი კითხულობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პატრიარქმა თავიდან ბრძანა, რომ ის მზად იყო, რაც სამართლებრივად იყო გასაკეთებელი, გვერდში დადგომოდა დეკანოზს და ამდაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა მას“ – აღნიშნა რამიშვილმა.

ორი კვირის წინ, პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა არ შედგა, რადგან ისინი ადვოკატების დაშვებას ითხოვდნენ. თუმცა, დღეს გახდა ცნობილი, რომ ოჯახი ამჟამად თანახმაა, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შეხვდეს. შეხვედრა 21 ივნისს, 13:00 საათზე საპატრიარქოში გაიმართება.

კომენტარები
Загрузка...