პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის

რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ“ კვირიკაშვილის მოხნა და ვინ უგეგმავს მმართველ გუნდს რუსთავი 2-ისა და ზოგიერთი მედიასაშუალების ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნების წინ?
დიდი ხანია მიდის მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრს პოსტს დატოვებს. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ კვირიკაშვილის ადგილი შესაძლოა, გიორგი გახარიამ დაიკავოს, რომელიც ამჟამად ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, მაგრამ „ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები დღის წესრიგიდან მოხსნილია.

ჩვენივე წყაროს თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეულ პერეტრუბაციებს უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ უნდა ველოდოთ.

„ოცნების“ დამფუძნებელმა, ანუ ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა, კვირიკაშვილის მოხსნა გადაიფიქრა, რადგან, შესაძლოა, ამ ნაბიჯით ,,ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც მმართველ გუნდში კულუარულად საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურებში, მას შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თამაშიდან გავიდა, „პარადი“ კახა კალაძეს მიჰყავდა და ახლაც ასეა, „კვირიკამ“ იმდენი მოახერხა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში საკუთარი ქვოტები მოეპოვებინა, ანუ მინიმუმ, 30 ადამიანი პარლამენტში ზუსტად კვირიკაშვილის გუნდის წევრია. მათ შორის, რიგითი დეპუტატების გარდა, კომიტეტის თავმჯდომარეებიც არიან. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ კვირიკაშვილს მოხსნიან, ეს ხალხი „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას ავტომატურად დატოვებს. კულუარულად ისიც ცნობილი ხდება, რომ ყველაფერი, რასაც „ოცნება“ აკეთებს, არ მოსწონთ, მაგრამ იძულებულები არიან, გუნდური თამაში ითამაშონ. მაშინ კი, როცა კვირიკაშვილი პრემიერი აღარ იქნება, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან და ისე იმოქმედებენ, როგორც საჭიროდ ჩათლიან. ამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, როგორც ჩანს, სოლოლაკშიც მიხვდნენ და კვირკაშვილის გადაყენება ამიტომაც გადავადდა.

როგორ გამოიყურება იმ 30 დეპუტატის სია, რომელიც უშუალოდ კვირიკაშვილის „გუნდის“ წევრია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამასთან ერთად „ოცნების“ უმრავლესობაში დაბნეულობა შეინიშნება, კერძოდ, წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილთან კონტაქტს ისინიც ვეღარ ახერხებენ, ვინც აქამდე ეკონტაქტებოდა. ამიტომ, გადაწყვეტილებები, სპონტანურად მიიღება.

– როცა გუნდისთვის რამე მესიჯია მისაწოდებელი, ამას სოციალური ქსელების, უმეტესად „ვოტსაპის“ მეშვეობით აკეთებს ერთი-ორი ადამიანი, მაგრამ დეპუტატების უმეტესობა ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არც კითხულობს, – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.

ის, რომ „ოცნებაში“ გარკვეული დაბნეულობა, ეს გარედანაც შეიმჩნევა. მაგალითად, მარტო დეპუტატები კი არა, ასევე, „ოცნებასთან“ აფილირებული სხვა ჩინოვნიკებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან ბოლო დროს თავს იკავებენ და პირად საუბრებში ამბობენ, პრესითა თუ ტელევიზიით გამოჩენა კი გვინდა, მაგრამ არ ვიცით, ამას ზევით როგორი რეაქცია მოჰყვება, ამიტომ, გვირჩევია, ჩვენთვის ჩუმად ვიყოთო.

ამას გარდა, „ნიუპოსტს“ კულუარებში ისიც უთხრეს, რომ „ოცნების“ „პიარშჩიკები“ განიხილავენ სქემას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ. ბოიკოტს გამოუცხადებენ არა მარტო „რუსთავი 2“-ს, არამედ, სხვა მედიასაშუალებებსაც, თუმცა როგორც კონფიდენციალური წყარო ამბობს, ამ გეგმას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ამიტომ, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ისე, იმ შემთხვევაში, თუ მედიას, რამდენიმეს გამოკლებით, „ოცნება“ ბოიკოტს რეალურად გამოუცხადებს, ეს უარყოფითად ისევ მასზე იმოქმედებს, რადგან მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი. ამასთან, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, რასაც ოპოზიცია მოხერხებულად გამოიყენებს და „ოცნებაზე“ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებს. ამიტომ, საინტერესოა, ვის მოსდის თავში აზრად, რომ ჟურნალისტებთან კონტაქტი ხელისუფლებისთვის წამგებიანია. თუ ამ საქმის სპეციალისტებს დავუჯერებთ, ეს უფრო საბოტაჟია, რომელსაც „ოცნებას“ ის ადამიანები უწყობენ, რომლებსაც თავი „მეოცნებეებად“ მოაქვთ. ზოგადად, პოლიტიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს აპრობირებული მეთოდია, როცა „ციხე შიგნიდან ტყდება“. ასე მოხდა იგივე „მოქკაშირის“ შემთხვევაშიც, როცა იმ ადამიანებმა, რომლებიც აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძის მზეს იფიცებდნენ, მის წინააღმდეგ დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა და საბოლოოდ, მივიღეთ ის, რასაც „ვარდების რევოლუცია“ დაერქვა.

ახლა, ვერ ვიტყვით, რომ მოვლენები რევოლუციის მსგავსი სცენარით განვითარდება, მაგრამ „ოცნება“ რომ მონოლითურ გუნდად ვერ ჩამოყალიბდა, ამას არავინ უარყოფს. იმის ერთ-ერთი მიზეზი კი, რის გამოც „ოცნებას“ გუნდურობის პრობლემა აქვს, როგორც ამბობენ, განსხვავებული ხედვებია.

– დიახ, ამ პარტიაში ხალხი იდეის გამო კი არა, იმის გამო შევიდა, რომ ივანიშვილთან ახლოს ყოფილიყო და მისგან გარკვეული სიკეთეებით ესარგებლა, მაგრამ არავინ იცის, მილიარდერს თავში რა მოუვა. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, ვუშვებ იმის ალბათობას, რომ ივანიშვილი „ოცნებას“ გაემიჯნოს და სრულიად ახალი გუნდის ლიდერად მოგვევლინოს, რისი კონტურებიც უკვე იკვეთება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close