საზოგადოება

,,ბიზნესს უწევენ უფრო მეტ ანგარიშს, ვიდრე მოქალაქის უსაფრთხოებას” _ მშენებლობის მორიგი მსხვერპლი

სამუშაო ადგილებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში 270 ადამიანი გარდაიცვალა. 18 იანვარს, თემქაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეკონომია ადამიანების უსაფრთხოების ხარჯზე თუ არასწორი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში უსაფრთხო შრომის სტანდარტების დანერგვა?

ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე TV1-ის ეთერში:

_ დინამიკა მართლაც შემაშფოთებელია. 2006 წლიდან შრომის ინსპექცია ქვეყანაში არ მოიქმედებს და ასეთი ფაქტების დინამიკა მართლაც მზარდია. იმ დროს, როცა ქვეყანაში ეკონომიკისა და ქარხნების გუგუნი არ არის, გარდაცვალებები, უბედური შემთხვევები, მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც პროფკავშირებს გააჩნია წლიდან წლამდე, ფაქტია, რომ შემაშფოთებელია. ჰუმან რაითს ვოჩი-ს ანგარიშში შრომის უფლებებს ვრცელი კომენტარი ეძღვნება. მასში, ეს ნიუანსი მესამე პრობლემად არის დასახელებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩამონათვალში. პროფკაშირმა მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებით სავაჭრო ვალდებულების ფარგლებში ქვეყანას შრომის ინსპექციის ვალდებულება ააღებინა, მაგრამ კანონპროექტი უკვე პარლამენტში, მესამე მოსმენისთვის იყო მზად, რომ ამერიკის სამრეწველო-სავაჭრო პალატამ განაცხადა, ჯერ ნაადრევია ამ კანონის მიღებაო და პარლამენტმაც უვადოდ გადადო მისი კანონად ქცევა.

ასოცირების ფარგლებში ეს არ გახლავთ დანაშაული და დარღვევა, იმიტომ, რომ ნორმით იქ 2018 წელი წერია, მაგრამ თითოეული გადაცილებული დღე, კვირა ნიშნავს იმას, რაც 18 იანვარს თემქაზე მოხდა და 27 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი და უკანასკნელი ფაქტი.

_ რეალურად რა აფერხებს პროცესს?

_ ქვეყანაში ბიზნესს აქვს დიდი გავლენა. გავლენა აქვთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინტიტუტებს, როგორიც არის ამერიკის სავაჭრო პალატა და მას უწევენ ანგარიშს, ხოლო მეორე ამერიკული ორგანიზაცია, ჰუმან რაითს ვოჩი კრიტიკით გამოირჩევა და თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რაც გააჩნია პროფკავშირს. მეტიც, ის კანონპროექტი, რომელიც კანონად უნდა ქცეულიყო ნახევრად ორსული ქალის პოზიციაში ჩააყენეს. თითქოს გვაქვს შრომის ინსპექცია, მაგრამ მას არა აქვს უფლებები. ის რევერანსებით უნდა უკავშიურდებოდეს ბიზნესს და მხოლოდ და ხმოლოდ რეკომენდაციებს უნდა გასცემდეს იმ დროს, როცა დამსაქმებელთა მხრიდან ხდება იმ საკანონმდებლო სივრცის დარღვევა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. შრომის ინსპექტორი იცავს იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომელსაც ქმნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენც ამ ინსტიტუტის გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ რახანია.

დამსაქმებელს, რომელსაც აქვს მონათმფლობელური ნოსტალგიები, შუასაუკუნოვანი სტანდარტები ძალიან ხიბლავთ და აქედან იღებს მოგებას. სამწუხაროდ, სახელმწიფო ორიენტირებულია მათ კიდევ და კიდევ გამდიდრებაზე. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და ასეა ახლაც. ბიზნესს უწევენ უფრო მეტ ანგარიშს, ვიდრე მოქალაქის უსაფრთხოებას. 

რომის პაპის გარდა მსოფლიოში არ დარჩენილა ინსტიტუცია, რომელზედაც არ მოვახდინეთ ზეწოლა. ამის დამსახურებაა ის, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა იხილება, შრომის ინსპექცია არსებობს, ეხლა მის ფუნქციებზე არის საუბარი და ბუნებრივია, თუ ყველა არ ვიქნებით სოლიდარულნი, ამერიკის სამრეწველო პალატას ექნება საშუალება, განავითაროს თავისი შეხედულებები. მათი აზრით, რეგულაციების გარეშე ბიზნესი უკეთესად განვითარდება. თუმცა, მთელ მსოფლიოში, ვერ დამისახელებენ ქვეყანას, სადაც მსგავს რეგულაციებს, იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ბიზნესი დაეშინებინოს. ბიზნესს სხვა რამ აშინებს და არა რეგულაციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close