საზოგადოება

,,ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას” _ კალაძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ტექდათვალიერების პროცესი მოსახლეობისთვის სავარაუდოდ მტკიცნეული იქნება, რადგანაც მაღალი ალბათობით ბევრი ავტომობილი მას ვერ გაივლის.

“ვიცით, რომ 1 ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას”, – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ამ პროცედურის გავლა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს, რადგანაც მოუწესრიგებელი ავტომობილების გამონაბოლქვი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება.

2018 წლის იანვარ-მარტში ტესტირებაზე სულ 19,464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26% ანუ 5,050 ავტომობილი ტესტირების პირველ ჯერზე ჩაიჭრა. ამ ავტომობილებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. განმეორებით ტესტირებაზე კი 134 ავტომობილი ჩაიჭრა, შესაბამისად ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.

ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

ამ პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდის გაკეთება, რომ მომავალშიც ავტომობილების დაახლოებით ერთი მეოთხედი ტესტირების მოთხოვნებს პირველივე ჯერზე ვერ დაძლევს. შესაბამისად მათ ავტომობილის შეკეთება დასჭირდებათ. თუ ავტომობილი ხელმეორე ტესტირების შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს მას მოძრაობის უფლება შეუჩერდება. მოძრაობის უფლების გარეშე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ავტომობილი ღირებულებას დაკარგავს და ჯართად იქცევა.

საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული.

საქართველოში ტექდათვალიერების ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close