ჯანდაცვა

,,მთხოვენ, მათ ახლობლებს ასიათასობით დოლარის ღირებულების ოპერაციები დავუფინანსო!”

,,ყოველდღიურად, ჩემს ფეისბუქ გვერდზე უამრავი ადამიანი მომმართავს, რომლებიც მთხოვენ, მათ ახლობლებს ასიათასობით დოლარის ღირებულების ოპერაციები დავუფინანსო! ასეთ ადამიანებს ძალიან თანავუგრძნობ, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ, ვუპასუხო ხოლმე, რომ მსოფლიოში არ არსებობს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ასეთ მკურნალობას აფინანსებს. მთელ მსოფლიოში ამ საკითხით დაკავებულია ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო, რადგან საუბარი მილიარდობით დოლარზეა!
   ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატაროს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ ძვირადღირებული დიაგნოსტიკისა და ოპერაციებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება!
   მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აშენდეს უმაღლესი კლასის ერთი კლინიკა მაინც, მოხდეს ჩვენი ექიმების ტრენინგებზე პერიოდულად გაშვება, უცხოელი კვალიფიციური მედიკოსების საქართველოში ჩამოყვანა. აუცილებელია, კლინიკა აღიჭურვოს აუცილებელი მოწყობილობებით – მოკლედ, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, იმისთვის, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ ისეთივე პირობებში, როგორც ეს უცხოეთში იქნებოდა! ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ შედეგი ამად ღირს!” _ წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

   ქართულ ჯანდაცვაზე მისი კრიტიკული კომენტარის მიზეზი გახდა სტატია, რომელიც ინტერნეტმედიით გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია მასზედ, რომ  საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხელმისაწვდომი არ არის.

,,რომელ დაავადებებს ვერ კურნავენ და რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ საქართველოში. ასევე რომელ ქვეყნებს მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ხარისხიანი, სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ.

უცხოეთში მკურნალობის ცენტრის, “გლობალმედის” წარმომადგენლის, ირინა აბრამიძის განცხადებით, საქართველოში, ძირითადად ნეიროქირურგიულ და ონკოლოგიურ დაავადებებს ვერ მკურნალობენ, პაციენტები უცხოურ კლინიკებს მიმართავენ ასევე ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.

,,აპარატურა, რომლის საშუალებითაც ამ ოპერაციების ჩატარება და დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი, საქართველოში არ არსებობს – ესენია ნეიროქირურგიული დაავადებები, რომლებიც სპეციფიკურ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა, მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეები, რომელთაც საქართველოში კურნავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მკურნალობა, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია და ამიტომ პაციენტები საზღვარგარეთ მიდიან,” – განმარტავს მედიკოსი.

ირინა აბრამიძის თქმით, საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია თითქმის არ ხდება. პაციენტები უცხოეთში, ძირითადად, ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის გადანერგვისთვის მიემგზავრებიან, რადგან, ჩვენს ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს. საზღვარგარეთ ასევე მიდიან ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელთა დადგენაც ჩვენთან ვერ ხერხდება.

“არის იშვიათი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც აქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამის თქმა რთულია, რადგან ეს დიაგნოზები უცხოურ კლინიკებში ისმება,” – აღნიშნავს აბრამიძე.

გარდა ამისა, უცხოეთის კლინიკებს, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნების მიზნით მიმართავენ. ირინა აბრამიძის განმარტებით, ასეთი ტიპის პათოლოგიებს განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი ხელმისაწვდომობაც, ტექნიკისა და აპარატურის თვალსაზრისით, საქართველოში ნაკლებია.

“არის ისეთი დაავადებები, საქართველოში არაოპერაბელურად რომ მიიჩნევა, მაგრამ უცხოეთში, წინ წასული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ონკოლოგიური ოფთალმოლოგიაა, რასთან დაკავშირებითაც სირთულეები ძალიან ხშირად არის, მიზეზი კი საქართველოში მკურნალობის ნაკლებად განვითარებული მექანიზმია,”აღნიშნავს ირინა აბრამიძე და დასძენს, რომ მათ ორგანიზაციას, ხშირად, ბავშვთა ონკოლოგიის უცხოეთში სამკურნალოდაც მიმართავენ, რადგან საქართველოს ამისი ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.

“გლობალმედის” ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოპერაციებისა და მკურნალობისთვის ძირითადად, გერმანიას, თურქეთსა და ისრაელს სტუმრობენ.

“ამ ქვეყნებში გამგზავრებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, 95% კმაყოფილია და განკურნებას ახერხებს,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში. რაც შეეხება ტარიფებს, ირინა აბრამიძის განმარტებით, ეს იმაზეა დამოკიდებული, პეციენტი რა პროცედურას მიმართავს და თან რომელ ქვეყანაში.

წყარო: ambebi,ge მარიამ მენაბდიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close