„ბავშვთა სახლში დამტოვეს“ – ჩემპიონის ტკივილი
მარინე ფუტკარაძე: „12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს“
პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. ის 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
.
მას მძიმე ბავშვობა აქვს გავლილი, რაზეც ჟურნალ „გზასთან“ ყვება:
-ამ სპორტით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა. სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები “მოდიოდა”. ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი.
„გზა“