ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების ცნების გაჩენას და სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის განსაზღვრას მოითხოვს.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, არჩილ ნადირაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილი ფარგლების გადასინჯვის პროცესში ყურადღება უნდა დაუთმოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის რეალური გარანტიების შექმნის საკითხს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიის ცნებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული დეფინიცია გვხდება მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში, თუმცა კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერების მიხედვით, სახელმწიფო თავის საჯარო უფლებამოსილების მიზანს, უზრუნველყოს მოსამართლეები სოციალური დაცვის გარანტიებით, ხშირ შემთხვევაში სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყენებს.

არჩილ ნადირაძის განცხადებით, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, რომელიც დღემდე საზოგადოებრივი განსჯის და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებს იძლევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ამასთან, 2016 წელს, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. 2016 წელს სახელმწიფოს მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აქტიური პროტესტის გამო, აღარ განხორციელებულა, თუმცა სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე.

ორგანიზაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს და მოითხოვს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავში გაჩნდეს მკაფიო ჩანაწერი. კერძოდ, კონსტიტუციის 84–ე მუხლს შემდეგი რედაქციით დაემატოს მე–5 ნაწილი – „სახელმწიფო უზრუნველყოს საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საერთო სასამართლოების წევრს, მათი მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენის მიზანი ემსახურება სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის დაცვას. ცვლილება შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომელთა დასკვნებითაც, არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი. შესაძლოა და ბოლო წლების მაგალითები აჩვენებს, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები გადაწყდეს მიკერძოებულად, რაც უშუალოდ ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს, ცვლილება კონსტიტუციაში კი საჭიროა, რაც არსებით წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებობასა და შემდგომ მიუკერძოებლობაში.

ცნობისთვის: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

 

 

კომენტარები