ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2014-2016 წლებში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასები, პრემიები და დანამატები, კვლევითი საქმიანობა და ეფექტური მმართველობის საკითხები შეისწავლეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, არჩილ ნადირაძის განცხადებით, 2014, 2015 და 2016 წლებში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შრომითი ანაზღაურების მაჩვენებელი, ერთ-ერთი მაღალი და რეკორდულია. მონიტორინგის თანახმად:

 2014 წელს, შრომითი ანაზღაურებისთვის გაცემულ იქნა 869,118,23 ლარი, ხოლო პრემიებისა და დანამატების სახით – 322,083 ლარი;

2015 წელს შრომითი ანაზღაურებისთვის ხარჯმა შეადგინა 1,617,751.65 ლარი, ხოლო პრემიის სახით – 233,472,50 ლარი, დანამატის სახით კი გაიცა – 16,287,160 ლარი;

2016 წელს, ცენტრში შრომითმა ანაზღაურებამ შეადგინა 1,566,410,70 ლარი, დანამატის სახით გაიცა – 169,441,50, პრემიის სახით კი – 253,245 ლარი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ყველაზე მაღალი შემოსავალი გაიცემა ცენტრის დირექტორის მიმართ. 2014-2016 წლებში, დირექტორის შრომითმა ანაზღაურებამ შეადგინა – 99,180 ლარი, ხელფასზე დანამატმა – 44,487,22 ლარი, პრემიამ კი – 27,550, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცენტრში დასაქმებული ერთი თანამდებობის პირის მიმართ გაცემული 141,694,77 ლარია. ამასთან, შთამბეჭდავია სხვადასხვა სფეროში, დირექტორის მოადგილეების, მრჩევლების, თანაშემწეების, დეპარტამენტის უფროსებისა და მისი მოადგილეების სახელფასო ანაზღაურება, პრემიები და დანამატები.

ორგანიზაციის ცალკე ყურადღებას იმსახურებს ცენტრში შტატგარეშე მომუშავეთა საკითხი. 2014 წელს, მათი რაოდენობა, 11-დან 65-მდე გაიზარა. შრომითი ანაზღაურების სახით, 2014 წელს, შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გაიცა, სულ 56,502,25, ხოლო პრემიების სახით, სულ 44,552,50 ლარი. 2015 წელს, შტატგარეშე მომსახურეთა რაოდენობამ შეადგინა 71 პირი. მათ მიმართ, 2015 წლის მანძილზე, სულ შრომითი ანაზღაურების სახით, გაიცა 457,773,70 ლარი, ხოლო პრემიის სახით გაიცა 55,863,75 ლარი. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემს, ცენტრის შტატგარეშე მოსამსახურე შეადგინა 63 პირი. მათ მიმართ, 2016 წელს, შრომითი ანაზღაურების სახით გაიცა, სულ 680,432,54 ლარი, ხოლო პრემიის სახით – 59,803,50 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წელს დაფინანსდა – 3,104,991 ლარით, 2015 წელს – 8,278,191,36 ლარით, ხოლო 2016 წელს 9,338,454,59 ლარით. ამასთან, 2015-2016 წლებში, გრანტის სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 112,400 ლარი.

ორგანიზაციამ, აგრეთვე შეისწავლა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც ეხება პროფილურ დარგში დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა, დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს, ვინაიდან ცენტრის მხრიდან არაერთი რეკომენდაცია და საქმიანი წინადადება იქნა შეთავაზებული საქართველოს მთავრობის სამინისტროების მიმართ და ბევრი მათგანის გაზიარებაც მნიშვნელოვანი შედეგის წინაპირობად მიგვაჩნია. ამასთან, მისასალმებელია ცენტრის ჩართულობა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისა და წარმოჩენის კამპანიებში, თუმცა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებისთვის, აუცილებელია სწორად შეფასდეს ადამიანური რესურსის გამოყენება და ბიუჯეტით მიღებული თანხის ხარჯთეფექტურობის საკითხიც.

 მონიტორინგის პროცესში არსებობს მაღალი დასაბუთება და ვარაუდი იმის შესახებ, რომ  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საშტატო და შტატგარეშე დასაქმებული პირების რეალური უფლებამოსილებისა და ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის საჭიროება არ დგას. ამასთან, ცენტრის მხრიდან დასაბუთებული არ არის, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხოვნობა, რამდენად საჭიროა იდენტურ პოზიცებზე ერთი და იგივე თანამდებობრივი სტატუსის მქონე პირთა დასაქმება, რამდენად აქვთ დასაქმებულებს რეალური უფლებამოსილება.

 მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ცენტრის სამომავლო პოზიციის გაცნობა საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაც, რომელიც გამორიცხავს ვარაუდებს დასაქმებულთა პარტიული კუთვნილებისა თუ შესაძლო ნეპოტიზმის თაობაზე.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს მონიტორინგის ფარგლებში 2017 წლის იანვარში მიმართეს. ცენტრმა ყველა მოთხოვნილ ინფორმაციაზე ჯეროვანი პასუხი გასცა.

 

კომენტარები