,,არ ვაპირებთ, გადავაყოლოთ ადვოკატთა ასოციაცია რამდენიმე ჰიპერამბიციური ადვოკატის ინტერესებს”
ადვოკატთა ასოციაციის მომავალმა თავმჯდომარემ, რომელმაც არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, დავით ასათიანმა განცხადება გაავრცელა:
,,უპირველესად მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მაღალი მხარდაჭერისათვის არჩევნებზე. ჩვენ მივიღეთ ყველაზე დიდი რაოდენობის ხმა ასოციაციის არჩევნების ისტორიაში, 500 ხმით ვუსწრებთ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს და მიღებული მაქვს იმაზე მეტი ხმა ვიდრე ყველა 11 კანდიდატს ერთად. არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტო გამჭვირვალობით, ესწრებოდა 20-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 44 წარმომადგენელი.
სამწუხაროდ, ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ წაგების ღირსეულად აღიარების ნაცვლად მიმართეს საარჩევნო პროცესის საბოტაჟს, ვითომდაც საარჩევნო დარღვევების გამო. აქვე ვიტყვი, რომ საკითხი ეხება 3 თუ 5 ბიულეტენის ბათილობას, მაშინ როცა 500 ხმის უპირატესობა გაგვაჩნია. თუ მართლა რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი არჩევნების პროცესში, ეს პირველ რიგში ჩემი ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, რადგანაც დიდი უპირატესობით ვლიდერობ.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი იძლევა ისეთი ინტერპრეტირების საშუალებას, რომ პირველივე ტურში გამოვცხადდე გამარჯვებულად, ადვოკატთა კორპუსის ერთიანობისა ინტერესების და ყოველგვარი მცირედი ეჭვის გამოსარიცხად შევხვდი მეორე ადგილზე გასულ კანდიდატ ლევან ჯანაშიას და შევთავაზე მე-2 ტურის გამართვა კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის პირობებში.
თუ ბატონი ჯანაშია, მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატია და არა ბატონების კორძაძისა და ლანჩავას მართული პერსონა და უნდა ადვოკატთა ასოციაციის პარალიზების და გახლეჩის თავიდან აცილება, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს, დააბრუნოს თავისი წევრები ხმის დამთვლელ კომისიაში და ჩავატაროთ მე-2 ტური, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაჩენს მათ რეიტინგს და შენარჩუნდება კორპუსის ერთიანობა და დამოუკიდებლობა.
ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილება განხილულ იქნება, როგორც ასოციაციის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები და ამას დაუპირისპირდება მთელი კორპუსი.
ჩვენ არ ვაპირებთ გადავაყოლოთ ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობა და ინსტიტუციონალური მდგრადობა რამდენიმე არარეიტინგული და ჰიპერამბიციური ადვოკატის პირად ინტერესებს.
მეგობრებო გავერთიანდეთ !!!!!”