რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„არ გავჩერდებით, სანამ სოსო ოსორაულს უვნებელს არ ვიხილავთ თბილისის აეროპორტში“

  შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ისევ კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაშია და მის შესახებ, ხელისუფლებიდან, თითქმის აღარავინ წუხს.

22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს  მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზე იმყოფებოდა  და მკურნალობას გადიოდა აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უფლებადამცველთა სახლის სამხედრო განყოფილების უფროსმა, თადარიგის ოფიცერმა, დავით ნემსაძემ გაავრცელა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარები გააკეთეს.

ბატონი დავითი euronews.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ სამსახურიდან გამომდინარე მჭიდრო კონტაქტი აქვს სამხედრო კონტინგენტთან, მათ შორის თადარიგში მყოფ სამხედროებთან, რადგან ისინი, იცავენ  მათ უფლებებს.

დავით ნემსაძე:

_ დამიკავშირდნენ და მთხოვეს დავხმარებოდი თადარიგის პოლკოვნიკ სოსო ოსორაულს, ვინაიდან ის კონგში, არალეგიტიმურმა შეიარაღებულმა ძალამ ტყვედ აიყვანა.

თადარიგის პოლკოვნიკი, სოსო ოსურაული სამხედრო მფრინავია. ეს ის ადამიანია, რომელმაც 2008 წლის ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. ესაა კაცი, ვინც არასოდეს არ შეასრულებდა ზემდგომის უკანონო ბრძანებას, ამიტომაც, ის აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების მიღმა. სოსო გახლავთ მაღალი კლასის სამხედრო მფრინავი ე.წ. ,,ასი“. ვისაც უნახავს მის მიერ ჩატარებული მანევრები Ми-24 საბრძოლო ვერტმფრენზე, ამაში დამეთანხმება.

მქონდა ბედნიერება,გამეცნო ეს ღირსეული ადამიანი. რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეიდან ხშირად ვაკვირდებოდი მის ფრენებს, ხოლო ამ ფრენების ვიზუალური ხილვა, რომელსაც ის ახორციელებდა, როგორც ესკადრელიის მეთაური, იყო ხელოვნება. ხიდაშელის და იზორიას მავნე ,,რეფორმების“ წყალობით, როცა არმიას შეგნებულად ჩამოაშორეს დამრტყმელი ავიაცია მთელი საავიაციო პერსონალი იძულებული გახდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულიყო თავის სარჩენად. მათი ერთი ნაწილი აღმოჩნდა კონგოში, სადაც მათ ავიაციის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ერთ-ერთი რუტინილი გაფრენის დროს, ,,გომადან“ კივუს პროვინციის მიმართულებით გაფრინდა ორი დამრტყმელი Ми-24 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც მეთაურობდა ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი (ეს ის მფრინავია, ვინც ნაცმოძრაობამ ქვეყნის მტრად გაასაღა და უკანონოდ დააკავა, ხოლო მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა), მის ბორტს შეექმნა ტექნიკური პრობლემები. კერძოდ საწვავი ავზების ტუმბოები გამოვიდა მწყობრიდან, რამაც გამოიწვია ძრავების გათიშვა. კივუს პროვინცია მდებარეობს კონგოს აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე, ეს არის მთაგორიანი ტყით დაფარული მასივი. ჩვენი მფრინავები მოძრაობდნენ 100 მეტრის სიმაღლეზე. პლუჟნიკოვმა მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე მოახერხა დაზიანებული ვერტმფრენის ტყის მასივში დაჯდომა, ხოლო სოსო ოსორაული ცდილობდა, დახმარებოდა მას, რადგან M-22-ის დაჯგუფებამ, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში იმყოფება კონგოს სახელისუფლებო ძალასთან შეამჩნია ჩამოგდებული ბორტი და დაიძრნენ მისი ეკიპაჟის გასანადგურებლად. პოლკოვნიკმა – სოსო ოსორაულმა არ მიატოვა მისი მეგობარი და ცდილობდა, მოეგერიებინა პლუჟნიკოვის გასანადგურებლად წამოსული ძალები, რა დროსაც ერთ-ერთი მანევრის დროს მისი ბორტიც ჩამოაგდეს. ოსორაულს, ფორს-მაჟორული ვითარებიდან გამომდინარე შეეძლო, დაეტოვებინა მოქმედების რაიონი და დაბრუნებულიყო ბაზაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა ღირსებიდან გამომდინარე.

სავარაუდოდ, მას ესროლეს ბეჭზეგატასატანი საზენიტო სითბური რაკეტა ,,სტრელა-2“. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩამოვარდნის დროს დაიღუპა ერთი ბელორუსიის და ერთიც უკრაინის მოქალაქე. ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის ბორტის ევაკუაცია მოხდა, ხოლო ამინდის გაუარესების გამო, ოსორაულის გამოყვანა ვერ მოხერხდა და ჩავარდა ტყვედ.

რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები მის გადასარჩენად? საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და მისი საქმიანობის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება იზორაის უწყებას, საოცრად დამამცირებელი კომენტარი გააკეთა მან და თქვა რომ ,,სოსო ოსორაული მისი ნებით წავიდა უწყებიდან, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას სხვაგან შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური“.

როგორ უნდა ბედავდეს უწყება იმის თქმას, რომ თავდაცვის პოლკოვნიკს ვინმემ სხვა ქვეყნიდან მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა? ეს ხომ სრული სისულელეა… სოსო ოსორაული მისი ქვეყნის პატრიოტია ვეტერანია და ის არც პოლკოვნიკის კარიერას, არც 4 შვილს და არც მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რაღაც კაპიკებზე არ გაცვლიდა. სოსო ეგზოტიკისთვის არ გადაიხვეწებოდა კონგოში. თავდაცვის უწყება საკუთარ  უნიათობას მალავს და ეს არის სწორედ ტრაგედია. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული აფრიკაში, არალეგალურ ძალებს ჰყავთ ტყვეობაში.

ერთი მფრინავის მომზადება სახელმწიფოს 72 კილო ბაჯაღლო ოქროს ექვივალენტი უჯდება, ამიტომ, დანაშაული იყო სწორედ ის, რომ ასეთი დონის მფრინავი დაითხოვეს. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მაღალი რანგის დიპლომატიური პერსონები, საექსპერტო საზოგადოება, რომლებსაც გააჩნიათ პირადი ურთიერთობები მსოფლიო საერთაშორისო ასპარეზზე. რატომღაც, ეს ხალხი ვიღაცამ ,,ჩარეცხილებად“ გამოაცხადა. არადა, სწორედ ეს ადამიანები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, მათთან ურთიერთობებისთვის „გზის რუკა“ უნდა გამოინახოს. ეს დიპლომატიური ტერმინია და სწორედ ამ შემთხვევაში არის რელევანტური.

ჩემი ინფორმაციით, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი თავს კარგად გრძნობს და სამხრეთ აფრიკის რესბუბლიკაში უშვებენ რეაბილიტაციის კურსის გასავლელად. თუ კონსტიტუცია ისტორიული არტეფაქტი არ არის, თადარიგის პოლკოვნიკი ტყვეობიდან უნდა დაიხსნას საქართველოს სახელმწიფომ, თუნდაც ნებისმიერ ფასად. სოსო ოსორაულის წინაშე ჩვენი საზოგადოება არის ვალში. ეს ადამიანი არ არის ის პერსონა, რომ ვინმემ მის ტყავზე პოლიტპიარი გაიკეთოს. ეს ის კაცია, ვინც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დანაშაულებრივი ბრძანება არ შეასრულა და კოდორის ხეობაში, სოფელი ჩხალთა არ დაბომბა, რის გამოც მასზე და სხვა პატრიოტ ქართველ მფრინავებზე რეპრესიები დაიწყეს.

სოსოს დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილში, მოგვიანებით, ნაც რეჟიმმა მოაწყო ე.წ. ,,ენვერის“ ოპერაცია. მას ჰქონდა პირადი უთანხმოება  სააკაშვილთან იმის გამო, რომ ოსორაულმა ინგლისური არ იცოდა. ჩვენი 30 მოქალაქე მუშაობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ისინი იქ სახელმწიფოს ავიაციის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. თავდაცვის უწყებიდან მოხდა ოქროს ფონდის გადინება და მათ მაგივრად პოლიტდავალებების შემსრულებლები დააწინაურეს. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბოლო დროს, იზორია-ჩაჩიბაიამ დააწინაურეს დაუმსახურებლად ნინუა-ცაბაძე და ეს პროცესი გრძელდება. არ გავჩერდებით მანამ, სანამ თადარიგის პოლკოვნიკ სოსო ოსორაულს ჯამრთელს და უვნებელს არ ვიხილავთ თბილისის აეროპორტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close