საზოგადოება
,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით კენჭისყრა, ერთგვარი რეფერენდუმია”
,,ადვოკატთა დიდმა უმრავლესობამ - 90%-მა დადებითად მიიჩნია ჩვენი რეფორმები, მუშაობა და ნდობა დაგვიდასტურა"
,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით კენჭისყრა ერთგვარი რეფერენდუმია, ნდობის ვოტუმის შემოწმება, რამდენად მისაღებია კოლეგებისათვის ის საქმიანობა რაც 4 წლის მანძილზე გავწიეთ და ის შედეგები რასაც ერთად მივაღწიეთ.
მოხარული ვარ, რომ არჩევნებში მონაწილე ადვოკატთა დიდმა უმრავლესობამ – 90%-მა დადებითად მიიჩნია ჩვენი რეფორმები, მუშაობა და ნდობის მანდატი დაგვიდასტურა. მადლობა თითოეულ კოლეგას ამ დიდი მხარდაჭერისათვის. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი თანადგომა მიორკეცებს მოტივაციას მაქსიმალური გავაკეთო პროფესიის განვითარებისათვის.
კეთილგანწყობით ვიღებ და ვაფასებ ტრადიციული ოპონენტების ჟესტს, რომელთაც არ დამიყენეს არც ერთი კვალიფიციური საარჩევნო კანდიდატი თავმჯდომარის პოზიციაზე და იმავდროულად, სოლიდურად მიიღეს მონაწილეობა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებში, რითაც ღირსეული კონკურენციის გარემო შეიქმნა ასოციაციის მმართველი ორგანოების ფორმირების პროცესში. მადლობა მათ ამისათვის და მზად ვარ ყველასთან აქტიურად ვიმუშავო პროფესიის ინტერესებისათვის.
მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ კანდიდატს და ასევე, მადლობა ვუთხრა ღირსეული კონკურენციისათვის მათ, ვინც ამჯერად არ იქნა არჩეული და დავარწმუნო, რომ არც ერთი კოლეგის რესურსი და ძალისხმევა არ იქნება დაკარგული ასოციაციისათვის.
და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაციის აპარატის სრულ შემადგენლობას, Giorgi Tshekhani-ის ხელმძღანელობით, USAID-PROLoG – Promoting Rule of Law in Georgia Activity -სა და Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, რათა ამ პანდემიის სირთულეების ფონზე ადვოკატთა ასოციაციას ჩაეტარებინა მშვიდი, ორგანიზებული, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური არჩევნები.
#ერთავაგრძელებთპროფესიისგანვითარებას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობის არჩევნები. ასოციაციის წევრებმა, ასოციაციის ხელმძღვანელად, მეორე ვადით აირჩიეს დავით ასათიანი.