ანზორ საკანდელიძე, მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე:

_ კალაძე, კვირიკაშვილი და კობახიძე თბილისელების მასიურ
სიკვდილს ეთამაშებიან!
გუშინ, 22:43 საათზე თბილისი შეარყია საგრძნობმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში და მაგნიტუდა იყო 5,7, დღეს დილით კი, 7:58 საათზე საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ის დაშორებით სომხეთში მოხდა 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა.
მოკლედ, მიწისძვრები უახლოვდება თბილისს, სადაც ამჟამად ნახევარი საქართველო ცხოვრობს. თბილისისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პირველი პირები კი, თამაშობენ რა რუსულ თამაშს „ნე ვიჟუ“, ამ თამაშით უდიდეს საფრთხეს უქმნიან ვაიმშენებლობებით სასიკვდილოდ განწირულ თბილისს და აშკარად ეთამაშებიან თბილისელების მასიურ სიკვდილს!
საქართველოს მშენებელთა ლიგამ უამრავი ოფიციალური წერილი ვაახლეთ კალაძეს, კვირიკაშვილსა და კობახიძეს. ვაახლეთ აგრეთვე ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N7069) „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა“, სადაც გაწერილია სეისმონგრევებისგან თბილისის გადარჩენის პირველ რიგში განსახორციელებელი აუცილებელი ღონისძიებები მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების ჩათვლით.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სეისმოუსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტროს 2004 წელს დანაშაულებრივად გაუქმებითა და დღემდე, 14 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დანაშაულებრივად არაღდგენით, საქმე მივიყვანეთ ისეთ წარმოუდგენელ კატასტროფამდე, რომ თბილისს უკვე აღარაფერი აღარ ეშველება და მოსალოდნელი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრების დროს განწირულია დასანგრევად. მთავარია, გადავარჩინოთ თბილისელების სიცოცხლე მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული ევაკუაციის გზით!
როგორ? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს გაწერილია ჩვენს „მეგაპროგრამაში“, რომლის განხილვას თბილისის მერია 6 თვეზე მეტია „ვერ ახერხებს“, აგრეთვე 2018 წლის 24 მაისის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში „თბილისისა და თბილისელების ყოფნა-არყოფნის ტრაგედია“ და ამას წინათ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დადებულ, 2018 წლის 29 მაისის ჩვენს ოფიციალურ N13 წერილში, რომელიც გაეგზავნა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ოთარ კვესიტაძეს. ამ წერილს კვლავ ვდებთ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე.
ყველა, ვინც ჩვენს ამ სტატიასა და წერილს წაიკითხავს, ალბად, შეძრწუნდება, რომ კვირიკაშვილის მთავრობამ მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების საქართველოში მიმდინარე მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დამთავრებისათვის ვერ გაიმეტა 300 ათასი ლარი წელიწადში. არადა, ამ თანხის გამეტების შემთხვევაში ჩვენ უკვე 2 კვირით (შესაძლოა 2 თვითაც!) ადრე გვეცოდინებოდა საქართველოს რომელ რეგიონში, კონკრეტულად სად, როდის, რა მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდებოდა და აღარ ვიქნებოდით იმ შიშის ქვეშ, როგორც ვიყავით გუშინ საღამოს. ვეკითხებით მერიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობას: ბატონებო, თბილისელების სიცოცხლე 300 ათასი ლარი არ გიღირთ?

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი