საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა, მუშაობა დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბ-ნი დავით ასათიანი ადამიანის უფლებათა და სასამართლო ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფში ღებულობს მონაწილეობას. ასათიანმა განაცხადა, რომ სიტყვა – ადვოკატი კონსტიტუციაში არ წერია და ის მოითხოვს, რომ ჩაიწეროს. 

“ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების უფლება ადამიანის, მხარის, მნიშვნელოვანი უფლებაა. კონსტიტუციაში მისი ჩაწერა ხელს შეუწყობს ადვოკატის როლის გაძლიერებას და ზოგადად იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ერთ-ერთი წინაპირობაა. ყველა სხვა კანონი, თუ ქვემდგომი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოქმედებს ანდა მომავალში იქნება მიღებული, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს დადგება ეჭვქვეშ ადვოკატის როლის, ადვოკატურის დამოუკიდებელობისა და თვითმმართველობის საკითხი. ამ ფორმით, ჩვენ ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტიებს კონსტიტუციურ დონეზე ავიყვანთ, რათა ვინმეს აზრად არ მოუვიდეს, შეცვალოს საკანონმდებლო რეგულაციები და ამით საფრთხე შეუქმნას ადვოკატთა გაერთიანების დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობას, რაც, სხვათაშორის, რამდენჯერმე სცადეს მრავალი ასოციაციის იდეის ინიციატორებმა.   ასოციაციის შექმნის დღიდან, ადვოკატთა კორპუსი იბრძვის დამოუკიდებლობის მისაღწევად და თვითრეგულირების დასამკვიდრებლად. ახლა უკვე კონსტიტუცია გახდება ჩვენი დამოუკიდებლობის და თვითმმართველობის გარანტი.

  იმედი გვაქვს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაგებით შეხვდებიან ამ ინიციატივას, რადგან ასეთ დემოკრატიულ და პროგრესულ ჩანაწერზე უარის თქმის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ” _ განაცხადა დავით ასათიანმა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი