ქართულ-ებრაული

წერილი ნიუ იორკიდან

შთაგონებასთან ჭიდილით

 ცისანა ჯანაშვილი

    ვასრულებ ქალბატონი ირინა ბიბილეიშვილის სურვილს, თქვენს შესანიშნავ რუბრიკაში (ორ მიწაზე დარწეული აკვანი) ჩემი წარდგენისას მკითხველს რომ შეპირდა – „დღეიდან იგი არაერთხელ იქნება ჩვენი სტუმარიო“; და რაკიღა ორმხრივი სტუმარ-მასპინძლობა შედგა და ჩვენს რუბრიკასაც (სიყვარული გზად და ხიდად!) სტუმრობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, ღრმად პატივცემული არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, – როგორც ქართველებს და ქართველ ებრაელებს გვჩვევია კეთილმოსურნე გაშინაურება, – გასტუმრებთ და წარმოგიდგენთ ჩვენს თანამემამულეს, მხატვარს, ქალბატონ ცისანა ჯანაშვილს, რომელთანაც ორი ათეული წლის მეგობრობა მაკავშირებს.

ცისანა ჯანაშვილი – ცნობილი პროფესიონალი მხატვრის მორდეხ (მიშა) ჯანაშვილის ასული, თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული – უკვე 43 წელია ცხოვრობს და ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევა ნიუ იორკში. მისი შემოქმედებითი პალიტრა 300-ზე მეტ ფერწერულ ტილოს ითვლის, რომელთა უმრავლესობაც პორტრეტებია. ბიბლიური, მითიური, ისტორიული თუ თანამედროვე პერსონაჟები წარმოადგენენ მხატვრის მაღალინტელექტუალურ დონეს, სულიერ მისწრაფებებს, დახვეწილ გემოვნებას, უნიკალურობას, განუმეორებლობას. ცისანას არაერთმა ნახელქმნარმა დაიდო ბინა მრავალი ქვეყნის პრესტიჟულ მუზეუმებში, საგამოფენო გალერეებში, კერძო კოლექციონერების ოფისებში. მისი პორტრეტების ოთხი რეპროდუქცია ამშვენებს 4 წიგნის ყდას, 22 – ჟურნალ-გაზეთების გარეკანს. ზოგი მათგანი განთავსებულია საერთაშორისო კატალოგებში, საქართველოს საოჯახო კალენდრებში.

1981 წელს, ისრაელში, კირონში პირველად მოეწყო მამა-შვილის – ცნობილი ოსტატის მორდეხ (მიშა) ჯანაშვილისა და იმჟამად ჯერაც ახალბედა მხატვრის ცისანა ჯანაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა… შემდეგ – ნიუ იორკი, შრომა და ძიება ახალი თემებისა, საკუთარი ხელწერის დახვეწა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება: ლინ კატლერის გალერეა, ენგელვუდი – ნიუ ჯერსი, სოხო – „მუსავი არტ ცენტრი“, ნიუ იორკისა და ატლანტის „არტ ექსპოები“…

შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ ინიციატივით, 2013 წლის 13 იანვარს ნიუ იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავში შედგა ცისანა ჯანაშვილის შემოქმედებითი საღამო და მისი ფერწერული ნამუშევრების ვერნისაჟი. მხატვარი დიდი ენთუზიაზმით და მთელი სერიოზულობით ემზადებოდა ამ საღამოსთვის. ჩემი ნამუშევრების არაერთი გამოფენის მომსწრე ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მაღელვებს, მახარებს და აღმაფრთოვანებს შეხვედრა მშობლიურ ჯამაათთან – წერდა იგი ჩვენი პერიოდული გამოცემის („სავანე“ # 22) თავფურცელზე. მართლაც, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ნასიამოვნებმა, კმაყოფილმა და აღფრთოვანებულმა დამსწრე საზოგადოებამ დიდი მადლიერება გამოხატა და ღირსეული პატივი მიაგო მხატვარ ქალბატონს. მხატვრის ნამუშევრების მასშტაბურ წარმოდგენას დიდად შეუწყო ხელი სიმონ და ნატაშა კრიხელების მიერ მაღალ დონეზე მომზადებულმა „სლაიდ-შოუმ“.

ცისანას ფრიად საინტერესო და ხელხვავიანი შემოქმედების შეფასების შესახებ უამრავი მასალა დამიგროვდა. ამათგან ოდენ ერთი ნაწილის ასახვა შევძელი ნიუ იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის გამგეობისა და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ ალმანახში „სავანე“ (# 1 (58); თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; 2014 წ.). მოვუხმობ ზოგიერთ მათგანს. აი, რას წერდა ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილი დრამატუგი, პოეტი (თავადაც შესანიშნავი მხატვარი), ნეტარხსენებული გიორგი (გიგლა) ხუხაშვილი:

ცისანა ჯანაშვილი ცნობილი ქართველი ებრაელი მხატვრის მიხეილ ჯანაშვილის ქალიშვილია და როგორც იტყვიან, მხატვრობა გენეტიკურად მოსდგამს. მას ბევრი რამ აქვს შეთვისებული ისეთი, რაც ე.წ. ტრადიციონალისტებს ახასიათებდათ. ბედმა იგი ამერიკაში წაიყვანა, სადაც დროთა განმავლობაში მისი მხატვრობა თვისობრივად შეიცვალა.

ამერიკული ავანგარდიზმის გამოცდილების შეთვისებამ ცისანას მხატვრობისათვის ადრეულ წლებში დამახასიათებელი ტრადიციულობა შეცვალა პირობითი, ალეგორიულ-სიმბოლური სახეებით, რაც მის კომპოზიციებს უფრო დიდ განზომილებებს აძლევს.

ცისანას გავლილი აქვს ის პერიოდი, როდესაც  მხატვარი „მოყვარული“ ოსტატი უნდა გახდეს. იგი ოსტატია, არაჩვეულებრივი გულმოდგინებითა და სიზუსტით ხატავს ნატურას. მას აქვს აინშტაინის ალეგორიულ-ნატურალური პორტრეტი, სადაც ერთმანეთთანაა შეთვისებული სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება და ნატურის აბსოლუტური სიზუსტე. თუმცა, – სიზუსტე ჯერ კიდევ არ არისო სიმართლე, – ამბობდა მატისი, რომელიც იმ ძიებასთან იყო დაკავშირებული, გადატრიალება რომ მოახდინა ფრანგულ კულტურაში. მან უარყო ნატურის აბსოლუტური ერთგულება და უფრო დიდი განზომილებებისაკენ წავიდა ფერის, კომპოზიციების და საერთოდ, აზროვნების მხრივ მხატვრობაში. ცისანა ახლა ამ გზას ადგას.

აი, ახლა ვუყურებთ ჩვენს პირდაპირ კედელზე დაკიდულ სურათს. მასზე დახატულია კარ-მიდამო, ხე, ხესთან სურა და იქვე დაჩოქილი ქალი, რომელიც თითქოს თავის ფესვებთანაა მიბმული. ეს ნოსტალგიური განწყობილება ძალიან დამახასიათებელი და ორგანულია ცისანას შემოქმედებისათვის. საოცარია, ქართველმა ებრაელობამ ორი ათასი წლის წინ დაკარგა სამშობლო; მას შემდეგ სულ სამშობლოს ძიებაშია და ლოცვებში იმეორებს: – „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, მეც დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა!“, მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივი ერთგულებითა და პატიოსნებით უყვარს ქვეყანა, რომელიც მან მეორე სამშობლოდ გაიხადა. ეს ქვეყანა რომ დატოვა, ამ ხალხს ხელახლა გაუჩნდა ნოსტალგიური დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, გასაოცარი გრძნობით აღორძინდა მასში სამშობლოს, ამჯერად, უკვე საქართველოს, წყურვილი. ეს მოტივები ამ პატარა სურათში და საერთოდ, ცისანას შემოქმედებაში იმაზე მეტყველებს, რომ მხატვარი სულიერად ვერასოდეს ვერ განეშორება თავის ქვეყანას. პირიქით, სადაც არ უნდა წავიდეს, ეს შეგრძნებები ხდება უფრო ტრაგიკული (ამ სიტყვის ყველაზე ამაღლებული მნიშვნელობით).

ცისანას ნახატებში აქვს ქალურობის ასეთი ლირიკული მიდრეკილებები, მაგრამ ამავე დროს, იგი რაღაც მთლიანი და ძლიერი მიდრეკილებების მხატვარია. მისი ოსტატობა ხატვაში ზოგჯერ აგონიურ სიშმაგემდე მიდის, რაც ქალის ნაზი ბუნებისათვის თითქოს უფრო ნაკლებად ორგანულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცისანას დაუდგა პერიოდი, როდესაც იგი ფერების საიდუმლოს უთავსებს ალეგორიულ საიდუმლოს ნახატისას.

ეს დიდი მიმართულებაა დასავლეთის მხატვრობაში და ჩვენს მხატვრობაშიც. მაგალითად, გუდიაშვილი ხომ თავისი ბუნებით ალეგორიული მხატვარია. იგი მთლიანად მითებიდან, ალეგორიებიდან, სიმბოლიკიდან ამოდის. გუდიაშვილამდე ჯერ შორი გზა აქვს ცისანას, მაგრამ ის აქეთკენ მიისწრაფვის და მიილტვის. იგი პროდუქტიულია, მუდმივ ძიებაშია, მოუსვენარია. ასე რომ, მის შემოქმედებაში შესაძლოა კიდევ მოხდეს თვისობრივი ცვლილებები.

თავის მხატვრობაში ცისანა დიდი მასშტაბებისკენ, განზოგადოებებისკენ მიდის, მაგრამ ნატურას მთლიანად არ დაშორდება. ბუნება ბევრი მხატვრის სურათებში ცოტა გულუბრყვილოდ თავსდება. ამ მხრივ, ცისანა გასცდა გულუბრყვილობის სტიქიას და ახალ-ახალ სიღრმეებსა და სახიერებას ეძებს თავის მხატვრობაში. ძიებამ და სიყვარულმა ჩამოიყვანა იგი საქართველოში. აქ ის თავის სურათებიანად ჩამოვიდა, თითქოს სურათები, როგორც ცოცხალი არსებები, ჩამოვიდნენ მასთან ერთად, რათა ადამიანებს მოუთხრონ რასაც განიცდის საქართველოდან ამერიკაში წასული ცისანა ჯანაშვილი.

გიორგი ხუხაშვილი

დრამატურგი, პოეტი

თბილისი, 1997

     

მოლბერტთან დგახარ შემართული გამთენიამდე,

ამაღლებულა ამერიკა შენს ფანჯრებიდან,

ცათამბრჯენად და ჰუძონის მაღალ ჯებირად,

ცხოვრება შენი ამ გიგანტურ ხედებს მიანდე.

 

ფარფატებს თოვლი ატლანტიკის ფანჯრის მინაზე,

მანჰეტენს იქით მეწამული ჩნდება რიჟრაჟი,

მონატრებია სხვა ფერები და პეიზაჟი

შენს შთაგონებას და ლირიულ, ქალურ სინაზეს.

 

მხატვარი მამის აჩრდილს შორით ესაუბრები,

ოსტატის თვალით სურათები რომ შეაფასოს,

ბრძენ აინშტაინს, შთაგონებით შეძრულ პიკასოს

და ისევ თბილისს უბრუნდები ძველი უბნებით.

 

ისევ აცოცხლებს მოგონება შენში მფეთქავი

მტკვართან ძველ სახლებს, ნარიყალას, მეტეხს, ფეთხაინს.

გიორგი ხუხაშვილი

სონეტები, 1998

***

ყოველი ხელოვანი, უწინარეს ყოვლისა, თავისი ხალხისათვის ქმნის, ერი კი თავს იწონებს საკუთარი ნიჭიერი შვილებით. ეს ბუნებრივია. თუმცაღა, იმისათვის რომ დააფასო, უნდა იცნობდე მათ ნამოღვაწარ-ნაშემოქმედარს. ამიტომაც გამოაქვთ ხალისით სამზეოზე ჩვენს მხატვრებს თავიანთი ნამუშევრები, რომლებიც, – ვინ იცის, – რამდენი უძილო ღამის, შთაგონებასთან ჭიდილისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

ცისანა ჯანაშვილის ნამუშევრები, პირველ რიგში გულისყურს იპყრობს ქალური სიფაქიზით და სინატიფით, პლასტიკის მუსიკალობით, ასოციაციური აზროვნებისაკენ მიდრეკილებით. მის ფერტილოებზე უკონფლიქტოდ თანაარსებობენ ზედმიწევნით კონკრეტული და განზოგადებული, რეალური და წარმოსახული, სინამდვილე და ნაოცნებარი. მისი შემოქმედება უთუოდ იმსახურებს ღრმა განსჯას და პროფესიონალურ ხელოვნებათმცოდნურ ანალიზს.

ოთარ სეფიაშვილი

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ცისანა ჯანაშვილი მეტად მრავალფეროვანი, თანამედროვე კრიტერიუმებით მოაზროვნე მხატვარია და ებრაული, ქართული, ევროპულ-ამერიკული იმპულსებით არის „ნაკვები“ მაღალპროფესიონალურ დონეზე. იგი შესანიშნავი პორტრეტისტია. განსაკუთრებით თვალში საცემია მისი სურათების ფერადოვნება, მდიდარი კოლორიტი. იგი ფაქიზად განიცდის (განგაცდევინებს) საკუთარ თუ თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიურ, საზოგადოებრივ თუ ყოფით პრობლემატიკას.

 თამაზ სანიკიძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

ცისანა ჯანაშვილს მასმედიის ყურადღება არასოდეს მოკლებია. რეცენზიები მის შემოქმედებაზე დასტამბულია ქართულ, ებრაულ, რუსულ, ესპანურ პრესაში. მას პოეტებმა ლექსებიც უძღვნეს, მაგრამ ცისანა მუდამ განსაკუთრებული მადლიერებით იგონებს ამერიკელი კრიტიკოსის ირინა კლურმენის შეფასებას, რომელმაც საკუთარი ნახელქმნარისადმი რწმენა განუმტკიცა: „ცისანა ჯანაშვილის კომპოზიციები მელოდრამატულია. ტანჯული, ალეგორიული ფიგურები დიდოსტატ ჟერიკოს დევნილებს მაგონებენ სურათიდან „მედუზას ტივი“.

ჯუმბერ ჯიშკარიანი

მკვლევარი, ჟურნალისტი

ჟურნალი თანამემამულე # 29, 2008. ლონდონი

შთაბეჭდილებების წიგნიდან:

დრო-ჟამისგან გახუნებული და გაცრეცილი, გაკრული კალიგრაფიით შესრულებულ მორის დანიელოვის წერილის გაშიფვრაზე ბევრი დღე თავაუღებლივ ვიმუშავე; ვფიქრობ, მივაღწიე საწადელს (ი. კ.):

ჩემო ცისან! (შენც ცისა ხარ!)

პეიზაჟი… ეს ხომ ხედვაა ბუნების წიაღისა, ეს ხომ სუნთქვაა თვით ბუნების… ეს ხომ ეშხი და მშვენებაა ბუნების მირიად არსთა (ჩვენი ცნებით კი – თითქოს უსულოთაც… მაგრამ მე არ მიმაჩნია ამ ჩვენს პლანეტა-ბუნებაში უსულო მატერიათა ყოფნა – ჩვენს ბუნებაში ყველა ცოცხალ არს, ყველა სუნთქავს, ყველა მოძრაობს, ყველა იცვლება… გარდაიცვლება ფერად-ფერადად) და მეტყველდებიან მირიად ფერებში, მირიად ჰანგთა სიტყვა-ბგერებში… და იწყებს თვალი, გული, სული აღქმას, გალობას… ეს ხომ ლოცვაა დილისა, შუადღისა, დაისისა, ბურუსისა, ავდარისა… ვაჰ, რა საამოა ამათი ხილვა და ცნება-შეგრძნება… უნდა შევიცნობდეთ და შევიგრძნობდეთ, რომ ზესფეროებში უამრავ-უთვალავი პეიზაჟია, რომლებიც ნატრობენ ამეტყველებას ფერებში, სიტყვა-ბგერებში, სულისა და გულის ჟღერად სიმფონიებში, ფხიზლად თუ ძილად სიზმარ-ზმანებებში.

ნეტარ შენ – ჩემო ცისან, ფერად-ფერადთა ხელთმქმნელი ხარ ერთერთთაგანი და ამიტომაც გეთაყვანები.

ფრიადი წარმატებისა ხელთ გაქვს, იარე და იგალობე ფერად-ფერებით ჩვენი ბუნებისა და ადამის მოდგმის დიდება-აღდგომისათვის!

შენი მორის დანიელოვი

7.VI.73

        თბილისი

***

ცისანა ჯანაშვილს!

აღრფთოვანება, დაწყებული ოცდათხუთმეტი წლის წინათ ჩემი დიდი მეგობრის – მიშა ჯანაშვილის გამოფენით, დღეს უფრო მეტის სიმწვავით შევიგრძენი.

მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ ამ დიდი სიხარულის განახლებისათვის.

შენით მოხიბლული

ნომა_ნისიმ ჯინჯიხაშვილი

          11/26/97

***

ცისანა! მომილოცავს!

ყოველ ნამუშევარში იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, ექსპრესია, რიტმი, განწყობილება. რაც მთავარია, ფერზე და ემოციაზე ფიქრობ და აღწევ კიდეც ჩანაფიქრის მოტანას მნახველამდე.

სოსო ჯინჯიხაშვილი

      11.26.97

***

საოცარია შენი პალიტრა!!! ყოველთვის სიხარულით დაველოდებით ახალ ფერებს და ახალ საოცარ სამყაროში მოხვედრას! სიხარული და ფერთა სიუხვე ნუ მოგიშალოს ღმერთმა!!!

მერაბი და ნანა ხუხაშვილები

     ნოემბერი, 1997

   (ი )  

 გაგრძელება იქნება..

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close