საზოგადოება

,,სურსათის ეროვნულ სააგენტოში დიდი არეულობაა” _ სკანდალური ღია წერილი, რომელიც პირველად ქვეყნდება

 სკანდალი-ექსკლუზივი!
სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისთვის“ თავმჯდომარემ, ლელა ჩახვაძემ  ექსკლუზიურად გამოგვიგზავნა ღია წერილი, რომელიც  მან  ასევე გაუგზავნა საქართველოს მთავრობის პირველ პირებს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, სამართალდამცავ უწყებებს და საელჩოებს.  წერილი სკანდალურია და მასში ნათლად ჩანს, რა ხდება სინამდვილეში სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
,,საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
 საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას,
 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ოთარ დანელიას,
 საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას,
 აშშ-ს ელჩს საქართველოში ბატონ იან კელს,
 ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს,
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
თავმჯდომარეს ბატონ სულხან სალაძეს
ბატონებო და ქალბატონებო,
 მოგმართავთ, რომ გაცნობოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებაში – სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში არსებული მძიმე სისტემური დანაშაულის შესახებ, რათა დროულად დაინტერესდეთ და მოახდინოთ რეაგირება შესაბამისმა უწყებებმა, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა მისიებმა, ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც საქართველოს ბედი, აქ მცხოვრები და დასაქმებული ადამიანების უფლებები და თავისუფლება, ქვეყნის დემოკრატიული გზით შეუფერხებელი განვითარება მნიშვნელოვანია!
მოგეხსენებათ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების გზით. ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში აღნიშნულ სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს. ამიტომაც, სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სურსათის ეროვნული სამსახურის ინსტიტუციური თუ დემოკრატიული განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რაც, სამწუხაროდ, ფერხდება.
სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში არეულობა, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, პროფესიონალების დევნა და ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი, დისკრიმინაცია, განსხვავებული აზრის დევნა, კორუფციული გარიგებები მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც 2016 წლის 21 სექტემბრიდან სააგენტოს უფროსის მოადგილედ გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა. პარადოქსია, რომ რეალურად სააგენტოს მართავს არა მისი უფროსი, არამედ მოადგილე იაკობაშვილი. მისი სააგენტოში დანიშვნის დღიდან გრძელდება პროფესიონალი თანამშრომლების დევნა, შევიწროება, დაკავებული თანამდებობებიდან მათი უკანონო გზით გათავისუფლება.
მოგმართავთ ყველას, დაინტერესდით, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან 2016 წლის შემოდგომიდან დღემდე და რა მიზეზით? რატომ გამოუცხადდა 800-ზე მეტი დისციპლინარული სასჯელი სააგენტოს თანამშრომლებს? იქნებ იმ კონკრეტული საქმეებითაც დაინტერესდეთ, რის გამო სჯიან ამ ადამიანებს.
საკუთარი დანაშაულებრივი სქემის ხორცშესასხმელად ბატონმა იაკობაშვილმა სტრუქტურული ცვლილება განახორციელა და ჩამოაყალიბა აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელის – დავით ბეჟაშვილისა და მისი თანამშრომლების მეშვეობით ხდება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევა და მათი გათვისუფლება სამსახურიდან, მათთვის დისციპლინარული სასჯელის გამოცხადება, პიროვნული დევნა, შევიწროება და ა.შ.
თუკი ვინმე დაინტერესდება, აღმოაჩენს, რომ 2016 წლის შემოდგომის შემდეგ სააგენტოში მომუშავე პროფესიონალების უკანონოდ გათავისუფლების ხარჯზე მხოლოდ ნეპოტიზმის გზით ინიშნებიან ადამიანები. ესენი გახლავთ პირადად ბატონი გიორგი იაკობაშვილის მეგობრები, მეგობრის ცოლები, კლასელები, ნათესავები და ა.შ.  სურსათის ეროვნული სააგენტოში, რომელიც 2006 წლიდან ჩამოყალიბდა, ასეთი ნეპოტიზმი და განუკიხაობა ჯერ არ ახსოვთ!
აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც რეალურად ადამიანების უფლებების დაცვის, წესრიგის დამყარებისა და სამსახურის ეფექტური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უნდა შექმნილიყო, სამწუხაროდ, სააგენტოში მხოლოდ დანაშაულის ხელშეწყობის, იქ დასაქმებული თანამშრომლების უფლებების დარღვევისა და ბატონი იაკობაშვილის პირადი დანაშაულებრივი ქმედებების აღსასრულებლად არსებობს. ის ადამიანები, ვინც აუდიტის „სამიზნე“ ხდება, შეურაცხყოფილი, დათრგუნული, შეშინებული ბრუნდება სადამსჯელო ოთახიდან, რასაც აუდიტის დეპარტამენტი ჰქვია. ყოფილა პირადი მობილური ტელეფონის ჩამორთმევისა და ოთახში ჩაკეტვის – ანუ თავისუფლების უკანონოდ შეზღვუდვის ფაქტები.  „მგლის ბილეთს დაგაჭერინებ ხელში და ისე გაგიშვებ“, „დაწერე განცხადება და წადი, თორემ გაგაფუჭებ და ისე გაგიშვებ“, „არ წახვალ და მაინც გაგიშვებ“, – ეს ის შეთავაზებებია, რომლებსაც „მიზანში“ ამოღებულ ადამიანებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი დავით ბეჟაშვილი და მისი თანამშრომლები ეუბნებიან სააგენტოში მომუშავეებს. ასეთმა ვითარებამ მიიღო მასიური ხასიათი, რაც სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული  ერთ-ერთი დანაყოფის – თბილისის საქალაქო სამსახურში არსებული ვითარება. აღნიშნული სამსახურის უფროსად ბატონმა იაკობავილმა მისი მეგობარი და მარჯვენა ხელი – ვასილ ბასილაძე დანიშნა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ არის არაპროფესიონალი და არაკვალიფიციური, შეეკრა ამ  დანაშაულებრივ ჯგუფს, რის გამოც, გაუსაძლის სამუშაო პირობებში უწევთ თანამშრომლებს მუშაობა.
მივმართვ,  დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, რამდენი ადამიანის საჩივარი შევიდა ბატონი იაკობაშვილის დანიშვის შემდეგ სასამართლოში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ბათილად ცნობის შესახებ. ყველა ეს ადამიანი სამართალს ეძებს და როცა იპოვის, სამსახურს მოუწევს ამ ადამიანებისთვის განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში დაბრუნება, რის გამოც,  სახელმწიფო ბიუჯეტი სერიოზულად დაზარალდება. ერთი პრეცენდენტი უკვე სახეზეა. სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებული ყოფილი თანამშრომელი უდანაშაულოდ ცნო და სააგენტოს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, იქნებ დროულად დაინტერესდეთ.
პირადად,სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გახლავართ. განსხვავებული აზრის გამო დევნა, დისკრიმინაცია, ზეწოლა, საკუთარ თავზე გამოვცადე. მე, სხვა დანარჩენი უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების მსგავსად, სასამართლოს გზით ვეძებ სამართალს. მანამდე კი, სანამ სისტემური დანაშული არნახულ საზღვრებს მიაღწევს, გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი და ჩემი კოლეგების გულისტკივილი.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბატონი გიორგი იაკობაშვილის „მფარველის“ და „ლობის“ გამოაშკარავება, რომლის სახელსაც ამოფარებული, ათასგვარ დანაშაულს ერთი მეორის მიყოლებით ჩადის გიორგი იაკობაშვილი. ცნობილია, რომ მას ახლო ნათესაური კავშირი აქვს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ბატონ დავით კირვალიძესთან. სწორედ მისი რეკომენდაციითა და გავლენების წყალობით მოხდა იაკობაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ამ ნაწილში მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს, ბატონ იან კელს: უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდით, სად და როგორ მიდის ამერიკელი ხალხის დახმარება, რომელიც გრანტებისა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსების სახით მოდის აშშ-დან. რატომ არის მხოლოდ დავით კირვალიძის პირადი ორგანიზაციები, მათ შორის „კავშირი აგროსერვისი“ თითქმის ყველა პროექტის განმახორციელებელი. რამდენად გამართლებულია, რომ, ერთის მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობდეს იაკობაშვილი და, ამავდროულად, ის და თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი – ვასილ ბასილაძე „კავშირი აგროსერვისის“ თანამშრომლები იყვნენ, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. საინტერესოა, როგორ ახერხებენ, ეფექტურად წარმართონ პროექტების განხორციელებაც და იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსნები?
მეტიც, ცნობილია, რომ ბატონი იაკობაშვილი ლობირებს პესტიციდების ბიზნესს საქართველოში. ამავდროულად, მას თბილისის საქალაქო სამსახურის უფროს ვასილ ბასილაძესთან ერთად გააჩნია ყველის გადამამუშავებელი საწარმო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ორბეთში). პესტიციდების ხარისხის კონტროლი, ისევე როგორც სურსათის გადამამუშავებელი საწარმოს სახელმწიფო კონტროლი, სწორედ იმ სამსახურის ფუნქციაა, რომელსაც იაკობაშვილი ხელმძღვანელობს. მივმართავ შესაბამის უწყებებს: დაინტერესდით აღნიშნულით, ხომ არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და შერჩევითი სამართალი? მით უმეტეს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ იაკობაშვილის დავალებით ხდება ბიზნეოპერატორების დაწიოკება, დახურვა-დაჯარიმება, დღის ბოლოს კი ეს საწარმოები გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ისევ აგრძელებენ მუშაობას.
თითოეული თქვენგანის გულისხმიერების იმედით, უფლებას ვიტოვებ, ვიფიქრო, ამ ფაქტებით დაინტერესდებით და მას შესაბამისი რეაგირებასაც მოჰყვება.
პატივისცემით,
სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისთვის“ თავმჯდომარე, ლელა ჩახვაძე.”

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close