საზოგადოება

,,მოხუცების სააღდგომო დახმარებაზე ,,ტკბილმა ქვეყანა”-მ, ,,კოდა”-მ და ,,დიდგორი 2010″-მა უარი მითხრეს”

 ,,ჩვენ გვსურს  ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბება, მაგრამ არ გვინდა მოვიქცეთ ევროპელებივით და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. ნაკლებად გვადარდებს უმწეო მოხუცების  და ბავშვების, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფა. ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანებზე, ხშირ შემთხვევაში, ზრუნავენ და იღწვიან ისეთები, რომლებსაც ბიზნესი და დიდი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი შიშველი ხელებით აკეთებენ განუზომელ სიკეთეს.

  გასაკვირია, მაგრამ ვისაც ბიზნესი და სხვაზე მეტი შემოსავალი აქვს, ნაკლებად ფიქრობს, უმწეო ადამიანებს დახმარება გაუწიოს და მიაქციოს ყურადღება სოციალურ სახლებს, სადაც ისინი ცხოვრობენ” _ გვითხრა მოხუცთა თავშესაფრის ,,ბარბარე XXI”-ის  მენეჯერმა მაკა სალუქვაძემ.
  ქალბატონი მაკა მოგვიყვა, წინასააღდგომოდ, როგორ უკავშირდებოდა კომპანიებს და სთხოვდა, მათი თავშესაფრის მოხუცებისთვის აღდგომა საკუთარი ნაწარმით გაელამაზებინათ, მაგრამ ბევრი მათგანისგან უარი მიიღო. 
  მაკა სალუქვაძე:  
 _ სააღდგომოდ მივმართეთ ,, ტკბილი ქვეყანა”-ს  თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში, მცირეოდენი წვლილი შეეტანა საკუთარი ნახელავით და ჩვენი თავშესაფრის მოხუცებისთვის დღესასწაული მოეწყოთ. სამწუხაროდ, უარი მივიღეთ. გვითხრეს, რომ საქველმოქმედოდ განსაზღვრული მათი კომპანიის ბიუჯეტი ამოწურულია. 

 ასევე, მივმართეთ შ.პ.ს. ,,დიდგორი 2010″-ს. მოვიძიე პირადი ტელეფონის ნომერი პიროვნების, რომელიც ასეთ საკითხებს წყვეტს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მასთან საუბარი დავიწყე იმით, რომ ვარ მოხუცთა თავშესაფარი „ბარბარე XXI” – ის მენეჯერი, რომ ჩვენთან სოციალურად დაუცველი მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც არავინ ყავთ, მაგრამ ვიგრძენი, რომ არ მისმენდა, შემდეგ კი გაითიშა. ვიფიქრე, ალბათ შემთხვევით გაეთიშა-მეთქი და რამდენჯერმე კიდევ ვცადე დარეკვა. ზარი გადიოდა და არავინ მპასუხობდა.

 ,,კოდა”-ს ოპერატორსაც ავუხსენი, საიდან ვრეკავდი და რა თხოვნა მქონდა. მითხრა, ტყუილად მესაუბრებით, წერილობით უნდა მოგვმართოთ, განიხილავენ და ან დაგვაკმაყოფილებენ, ან – ვერაო.  აღარ მიმიწერია, რადგან მივხვდი, აზრი არ ქონდა.

   ვერ ავაშენებთ ასე, ვერც ევროპულ სახელმწიფოს და ვერც ევროპულ საზოგადოებას შევქმნით. ქართული შემწყნარებლობისა და სიკეთის კეთების უნარსაც საბოლოოდ დავკარგავთ… ან იქნებ დავკარგეთ კიდეც?

  ერთი დასკვნა გამოვიტანე ამ თხოვნების შემდეგ: ქველმოქმედება ჩვენთან ფორმალურ სახეს ატარებს. ე.წ. ქველმოქმედები კი მხოლოდ ახლობლებს, ან ვიზეც უბრძანებენ  და მიუთითებენ, მხოლოდ მათ ეხმარებიან.
ის, რაც ამ დღეებში მოხდა, არის დიდი სირცხვილი.
   _ ნუთუ ერთი კომპანია არ აღმოჩნდა, რომელმაც მოხუცებულებისთვის აღდგომის დღესასწაულის გალამაზების სურვილი გამოთქვა?
  _ საკონდიტრო ,,სანდომი”-ს ოპერატორს დავუტოვე შეტყობინება. მეორე დღეს დამირეკა გოგონამ, დეტალები გამომკითხა და მითხრა, დაგიკავშირდებით და ჩვენს ნობათს გადავცემთ თქვენი თავშესაფრის მოხუცებსო.
 კარფურის გლდანის ფილიალიც დაეხმარებათ. ეს სავაჭრო ობიექტი გლდანის მე-4 და მე-5 მიკრორაიონებს შორის მდებარეობს. მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და თავშესაფარს შეწირეს 20 პასკა.
რედაქციისგან: 
რა თქმა უნდა, ქველმოქმედება ნებაყოფლობითია და ვერავის უბრძანებ, რომ სხვას დაეხმაროს. თუ ფინანსები არ გაძლევს  საშუალებას, უარიც შეიძლება თქვა, მაგრამ ეს ისე ლამაზად გააკეთო, რომ მთხოვნელი შეურაცხყოფილი არ დატოვო. თუ ზემოთაღნიშნულ კომპანიებს აღნიშნულთან დაკავშირებუით ექნებათ სურვილი, საკუთარი აზრი გამოთქვან, აუცილებლად მოვუსმენთ მათაც. 
 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close