სოციალურ ქსელში მირანდა ფაღავა წერილს აქვეყნებს. წერილიდან ჩანს, რომ გუშინ, საღამოს, ვაკის პარკთან მას თავს დაესხნენ.

.

,,დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00-დან 05:30-მდე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაჩერე ტაქსი და შევედი მარკეტში, რათა ფული დამხურდავებინა ტაქსის მძღოლისთვის მისაცემად. როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი, იქვე, გვერდით მდგომი მანქანიდან ჩემთვის უცხო პირმა დამიძახა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და მივსულიყავი მასთან. მე ყურადღება არ მივაქციე და შევედი მარკეტში. ცოტა ხანში ისიც შემომყვა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი. გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი: შენ ბიჭი ხარ თუ გოგოო?! მე ვუთხარი, რომ მისი საქმე არ იყო ვინ ვიყავი და თავი დაენებებინა ჩემთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გამოვუძახებდი. ჩანთიდან ამოვიღე ტელეფონი, რომელიც ვიცოდი, რომ დამჯდარი იყო, მაგრამ ვიფიქრე, შეეშინდებოდა როცა ყურზე მიდებულ ტელეფონს დაინახავდა და შემეშვებოდა. მარკეტის თანამშრომლებმაც მოუწოდეს, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის, ამასობაში მოლარემ ფული დამიხურდავა და გარეთ გამოვედი. ის კაციც გამომყვა და არ მომცა საშუალება ტაქსში ჩავმჯდარიყავი. ვუთხარი, რომ ტაქსის გადავიხდიდი და მივბრუნდებოდი. როცა გადავუხადე მოვბრუნდი, რადგან ამ პიროვნემამ მითხრა ჩემი მისამართი და დამემუქრა, რომ სახლში დამადგებოდა.

 მე მინდოდა, რომ სიტუაცია განმემუხტა, თუმცა როგორც კი მივუახლოვდი ეგრევე დამარტყა, მე მქონდა ცრემლსადენი გაზი, რომლის დასხმაც ვცადე თავდაცვის მიზნით, მაგრამ ავაცილე, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაღალქუსლიანები მეცვა, ის კი საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე, შემდეგ აიღო მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა და რამდენჯერმე ჩამარტყა. ამასობაში მანქანიდან გადმოვიდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც მომიყვანა და მოძალადე შეაკავა.

 იქაურობას გავერიდე, სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი, პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა შევამჩნიე, რომ იმ მარკეტთან, სადაც ინციდენტი მოხდა გაჩერდა დაცვის პოლიციის მანქანა, ვინაიდან მე ძალა ბოლომდე გამოცლილი მქონდა და არ შემეძლო ჩემით მივსულიყავი იქამდე, მივედი ერთ-ერთ იქვე მდგომ ტაქსთან და ვთხოვე მივეყვანე. როცა ადგილზე მივედით და მანქანიდან გადმოვედი დაცვის თანამშრომლები უკვე მანქანაში სხდებოდნენ. როგორც კი მოძალადემ დამინახა ეგრევე გამოიქცა ჩემსკენ გინებით, ყვიროდა, რომ მომკლავდა. მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვთხოვე, რეაგირება მოეხდინათ და დავეცავი მოძალადისგან. დამცინავი გამომეტყველებით მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ეს და გამომეძახებინა საპატრულო პოლიცია. დამტოვეს იქვე, შემდეგ ,,ლიბერთი ბანკი”-ს შენობაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, იქ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო, იქვე აღმომიჩინეს პირველადი დახმარება. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დამხვდებოდნენ, მე კიდევ მსგავსი სტრესის გადატანის ძალა არ მქონდა.

 პოლიციამ მოძალადე დააკავა, თუმცა შემდგომში რა რეაგირება მოჰყვება ამ საქმეს, არ ვიცი, რადგან ხშირად მსგავსი ტიპის საქმეებს, რომლებშიც ლგბტ პირები ფიგურირებენ დაზარალებულის ამპულაში არ იძიებენ.

 თვალზე მაქვს ღია ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი ახლაც მოდის, საავადმყოფოში და განყოფილებაში დღისით ვგეგმავ მისვლას ადვოკატთან ერთად.

პ.ს. ამ ტექსტს ვაქვეყნებ მეგობრის დახმარებით, რომელიც დაწერაში დამეხმარა, ვინაიდან მარცხენა თვალში ვერ ვხედავ.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი