ჯანდაცვა

,,ექიმებისადმი პრეტენზიები იზრდება და ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს”

გიორგი ზოიძე,  „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი: 
2018 წლის აპრილში მოქალაქემ ერთ-ერთ ცნობილ სააფთიაქო ქსელში ვადაგასული მედიკამენტი შეიძინა. შეძენის მომენტში მყიდველი არ დაჰკვირვებია ვადას, მაგრამ, როდესაც მან მიიღო პრეპარატი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ მედიკამენტი ვადაგასული იყო. დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა და დღეს წარმოვადგენთ ამ მოქალაქის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად, კანონით დადგენილი წესით მივმართეთ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომ შეესწავლა ეს ფაქტი, გამოეკვლია ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მასალა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ  არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული განცხადება. გამომდინარე იქიდან, რომ  ბაზარზე საკმაოდ ცნობილი სააფთიაქო ქსელია, შეიძლება, სააგენტო ლობირებდა მას ან, უბრალოდ, მოერიდა კონკრეტული სააფთიაქო ქსელის დადანაშაულებას ვადაგასული მედიკამენტის რეალიზაციის გამო და თავი შეიკავა, მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.
დამატებით სააგენტოს ხელმძღვანელსა და ჯანდაცვის მინისტრს მივმართეთ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ამ საკითხის შესწავლა ხელახლა დაევალა.
სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ გამოავლინა აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევები, ანუ ვადაგასული მედიკამენტების გაყიდვის ფაქტები; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე მედიკამენტის რეალიზაციის ფაქტები, როდესაც იყიდებოდა არალიცენზირებული მედიკამენტი, როდესაც აფთიაქი საქმიანობდა ნებართვა-ლიცენზიის გარეშე. ეს საკმაოდ საგანგაშო დარღვევებია, რადგან ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე თუ ვადაგასული მედიკამენტების რეალიზაცია რისკს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და თუ აფთიაქი ნებართვის გარეშე მუშაობს, ეს რისკი იზრდება, რადგან მოქალაქეს ასეთ აფთიაქში უფრო მარტივად შეუძლია ისეთი მედიკამენტის შეძენა, რომელიც მოითხოვს რეცეპტს და ექიმის მეთვალყურეობას.
შარშან ერთი წლის განმავლობაში 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა: აქედან 262-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 2017 წელს დაფიქსირდა.. რადგან 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ექიმების გადაცდომების გამო მიმართვის რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, იმიტომ რომ ყველა გადაცდომა არ არის იმ კატეგორიის, რომ სააგენტომ აუცილებლად სანქციით შეაფასოს. ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ექიმებისადმი პრეტენზიები უფრო და უფრო იზრდება და ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს რეგულაციები.
  როდესაც მედიკამენტებს ვიძენთ, ყურადღებით უნდა გავაკონტროლოთ ვარგისიანობის ვადები, მიუხედავად იმისა, სააფთიაქო ქსელი ცნობილია თუ უცნობი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, აუცილებლად უნდა მივმართოთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს, რომ არც ერთი გადაცდომა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ხშირად მოქალაქე თავს არიდებს ან არ მიაჩნია საჭიროდ, რომ იაფფასიანი მედიკამენტის ვადაგასულობის გამო მიმართოს სააგენტოს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა დარღვევაზე ჰქონდეს ინფორმაცია სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ადეკვატურ რეაგირებაზე. სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას კი – თუ მოქალაქეს ექნება პრეტენზია გაწეული მომსახურების ხარისხზე ან კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების მიმართ, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის გამო, რასაც ხშირად უჩივიან პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს. ამიტომ ყველა დარღვევა უნდა აისახოს სააგენტოში, რომ რეაგირება იყოს შესაბამისი.

ნინო ხაჩიძე

წყარო: tbiliselebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close