პროლოგი:

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეტად ემოციურ წერილი ვნახე. წერდა ქართველი ებრაელი ქალბატონი, მაია ელიაუ, რომელიც 35 წლის განშორების შემდეგ პირველად ეწვია ქართულ მიწას. წერდა-თქო კი ვთქვი, მაგრამ ეს უფრო ლავის, უზარმაზარი გრძნობების ამოფრქვევას გავდა – მონატრების, მშობლიური მიწის სიყვარულის, დიდი ხნის უნახავი დედის ჩახუტების, სისხლის ყივილის, მეგობრების მოფერების.  რამდენჯერმე წავიკითხე და ძალიან მეცნო ეს განცდა … ისრაელიდან ჩამოსულს მეც ხომ ზუსტად ასე დამაკარგვინა მოსვენება რაღაც მშობლიურის მოფერების სურვილმა. დავუკავშირდი წერილის ავტორს, წესისამებრ, გამოქვეყნების ნებართვა ვითხოვე, როგორც მართებულია ხოლმე ასეთ შემთხვევაში და ბედნიერი გახლავართ, რომ უფრო ახლოს გავიცანი ეს შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მიუხედავად რუსული განათლებისა, არის შესანიშნავი მოქართულე, 4 შვილის დედა, ულამაზესი გარეგნობის, საოცრად მოსიყვარულე გულისა და უსაზღვროდ შეყვარებული ყოველივე ქართულზე…

 

მინდა ჩვენი მკითხველიც ვაზიარო ამ წერილს, რომელიც 2015 წლით კი თარიღდება (სოციალური ქსელის სპეციფიკის გამო, სამწუხაროდ, მე ვნახე გვიან), მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ხარისხის სიყვარულს ყავლი არ გასდის და დრო კი არ აძველებს, არამედ კარგი ღვინოსათვის მხოლოდ ღირსებას ჰმატებს. ამიტომ, არ ვცვლი არაფერს და ავტორის თხოვნით წერილს უცვლელად გთავაზობთ.

ჩემს სიხარულს ისიც დაემატა, რომ მაიას დამ, ქალბატონმა ედით ალონმა, ნიჭიერმა ხელოვანმა – არტისმა, მომღერალმა და პოეტმა,  ჩვენს წამოწყებას ლექსი უძღვნა ექსპრომტად, რომელსაც გულზე დასაბნევ სამშვენისად წინ წავუმძღვარებთ „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“-ს ახალ ეტაპს.

ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

*******

ველს ამოხეთქა უცხო ჯეჯილმა,
ორი ათასი ექვსასი წლისა,
ქართულ-ებრაულ ძმობის ხეხილმა,
ანოყიერა მცნებანი ღვთისა.

მამა-პაპანი დროში ჩაწნულნი,
უძველეს სიბრძნეს ნელ-ნელა გვამცნობს,
ამ ისტორიის მცნებით განთქმულნი,
ძველი აკვანით ახლიდან გვარწობს.

წლებს ისტორია ისევ დაითვლის,
26-ს კიდევ ბევრი მოჰყვება,
ორი უძველეს გენის შვილები,
მეგობრობაზე ოდებს მოყვება.

ღმერთო, აკურთხე ძმობის შვილები,
ჰფარავდეს მათ გზებს დავითის ფარი,
და ამ ჯეჯილმა ნაყოფით სავსემ,
გაგვიძლიეროს ზურგი და მხარი.

ედით-ფრიდა ალონ, 17 მაისი2017წ.

*  *  *

ბედნიერებით სავსე მაქვს გული, რომ ეს ულამაზესი და უსათუთესი განძი მეც მერგო წილად – ამ ქვეყნად, საქართველოში ქართველ ებრაელად მომავლინა უფალმა ღმერთმა და ამის წყალობით ორი კურთხეული მიწა მაჩუქა და ორი მშობლიური სიყვარული!

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო, საქართველოში მცხოვრებო მეგობრებო! გაგეცინებათ და აი უკვე სამი თვეა ეს ბარათი მეხვეწება, რომ დავწერო. სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ, როგორც ამბობენ – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. ამ ბარათს გადავუშალე მადლიერებით სავსე გული, რომელიც ჩემი ლამაზი სამშობლოდან დატვირთული ჩამოვიტანე და ფოთლებივით წლებში გაფანტული გრძნობები  ყვავილებით „გვირგვინად“ შევკარი. ეს არის ჩემთვის უდიდესი საჩუქარი, რომელსაც  ვერანაირი ფულით ვერ ვიყიდდი და ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვიპოვიდი.

დიდი სიყვარულით მსურს მთელ ქვეყანას გავუზიარო, რომ ამაში თქვენ მიგიძღვით დიდი წვლილი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე ვფიქრობ, რომ სამშობლოს სიყვარული ადამიანის სულში მასთან ერთად იბადება და ამას, რა თქმა უნდა,  მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აღიქვავს და გადმოსცემს (ზოგი სიმღერით, ზოგი ლექსებით და ზოგი კიდევ გულით ატარებს). ამ ფიქრებმა მაშინ ამიტაცა და გამინათა გრძნობები, როდესაც 35 წლის შემდეგ ისრაელიდან კვლავ ვეწვიე მონატრებულ ჩემს სამშობლოს, კვლავ შევეხე იმ დალოცვილ მიწა-წყლის ხალხის და მეგობრების სიყვარულს, სითბოს, თბილისის ქუჩებს, სინაგოგას, სულში ტკბილად ჩამწვდომ ქართულ ჰანგებს და ჩემს უბანში, ბავშვობაში გატარებული წუთები მღელვარებით თვალწინ მეხატებოდა.
ამ ნოსტალგიაში გართულს, მომაგონდა ორი განსაკუთრებული შემთხვევა, რომელსაც წლების მანძილზე გულის კუნჭულში გაურკვევლად მიეძინა, იმიტომ რომ სრულიად უმნიშვნელოდ და ბავშვურ გატაცებად მიმაჩნდა, მაგრამ მეხსიერებამ არ მოინდომა მისი დავიწყება, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევები არასოდეს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

ეს იყო რუსულ სკოლაში, დაახლოებით 8 წლის ასაკში, როდესაც პირველი ქართული ენის გაკვეთილი ჩაგვიტარდა. მერხზე დადებული წიგნი ფაქიზად გადავშალე და თვალი შევავლე ლამაზ, ჩუქურთმებივით დიდად დაწერილ ასოებს, აღფრთოვანებულს იმ წამებში ისეთმა გრძნობამ ამიტაცა, რომ თითქოს მსურდა ის ასოები ამომეგლიჯა და გულში ჩამეკრა.
საკვირველი კიდევ ის არის რომ დაახლოებით იმავე ასაკში იგივე შეგრძნება გამიმეორდა, როდესაც საყვარელი დეიდის ოჯახში პირველად ვიხილე ფურცელზე დაბეჭდილი „თორული ასოები“ (იმ დროს ეგრეთ წოდებული). ამ ორი საოცარი შემთხვევის გრძნობებმა ნათელში ამოყვეს თავი, როდესაც წარსულის ემოციები, ამღვრეული შამპანიურივით აწმყოს შეერწყა, თავი აეხადა და ქილა შემივსო, დამათრო და უეცრად აზრი გამინათა.  ამას ვუწოდე „მშობლიური მიწა-წყლის ძალა“, რომელიც ფესვებში ებღაუჭება ადამიანის სულს და მაგნიტივით იხმობს, რათა მოეალერსოს და ამოსძახოს „ჩემი ხარ“!
და აი, უკვე 26 საუკუნე ამ ჯადოსნურმა ძალამ მრავალი სული დაიპყრო, უსაზღვრო ნაყოფი გამოიღო – შეასისხლხორცა ჩვენი წინაპრები და შექმნა განუყრელი ქართველთა და ებრაელთა ოჯახური, ძმური, ჭეშმარიტი სიყვარული, სიყვარული რომელიც სიკეთეს მოაქვს – სითბოს მოაქვს და გამტანიანობას. ებრაულად ამას ჰქვია: „აჰავათ ხინამ“ (უფასოდ სიყვარული), რომელსაც უდიდესი ძალა აქვს, რომლის სულისკვეთებით ეს ორი ერი ერთმანეთს ამკობს და ცოდო-ბრალი სწამთ (როგორც იტყვიან) „ფერი ფერს და მადლი ღმერთს“!

ჩემო ძვირფასებო, უნიჭიერესებო და ლამაზებო – ამიერიდან დებო და ძმებო! მეამაყებით და უსაზღვროდ გახარებული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოაღეთ კარი, გამიბრწყინეთ იმედები თქვენი ლამაზი სულით და გამითბეთ გული – თქვენი სიყვარულით!  ყველას გეხვევით და პერსონალურად გიხდით უღრმეს მადლობას ჩემი და ჩემი ოჯახის მასპინძლობისთვის. ღმერთსა ვთხოვ, რომ სულ სიკეთით გადამეხადოს თქვენი დაუვიწყარი პატივისცემა!

მუდამ ჩემს გულში დარჩებიან: ჟურნალისტი ქ-ნი ლეილა ნოდია და მისი მეუღლე ფრიდონი, ქ-ნი ნაზი კოდალაშვილი და უნიჭიერესი გიორგი ალანია, ქ-ნი ლია აბრამიშვილი, ქ-ნი ია ხანუქაშვილი, მისი ულამაზესი ოჯახი და უნიჭიერესი შვილიშვილი აბი, ქ-ნი ლალი ლატავრა, ქ-ნი დოდო პილია (ირინას საყვარელი დედიკო) ირინა პილია, უნიჭიერესი მომღერალი ქ-ნი ირმა რაზმაძე და მისი მეგობარი ბ-ნი დათო, ქ-ნი ესთერ შუსტერი, ბ-ნი გურამი მეფარიძე (მამაჩემის ძმობილი) და მისი ორი ქალიშვილი თეიკო და თინიკო, ბ-ნი ელი ელიშა, მიხაელ (ჩვენი სინაგოგის მმართველი), ბ-ნი გურამი და ბ-ნი ოლეგი (მამაჩემის მეგობრები).
მეგობრებო, მაპატიეთ თუ გადავაჭარბე და თავი მოგაწყინეთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სუფრის თამადა ვიყო და ყანწით თქვენი სადღეგრძელოები ისმებოდეს. ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევ, რომ შემოვუერთოდ ამ სუფრას დიდი სიყვარულით და თაყვანისცემით ის ადამიანები, რომელნიც ფიზიკურად ჩვენთან არ იმყოფებიან, მაგრამ ცხოვრებას გვილამაზებენ და რომლის არსებობა საქართველოს განძია. სიამაყით ავღნიშნავ რომ, ბევრი მათგანი ჩემი ფეისბუქის მეგობრების სიაშია. ესენი არიან ჩვენი უნიჭიერესი ხელოვანი ვარსკვლავები: ქ-ნი ნანი ბრეგვაძე, ბ-ნი ბუბა კიკაბიძე, ქ-ნი ნატო გელაშვილი, ქ-ნი თამრიკო ჭოხონელიძე, ბ-ნი ბესიკ კალანდაძე, ბ-ნი მამუკა ონაშვილი, ქ-ნი ნინო ჩხეიძე და სხვ…
მათთან ერთად არ დავაშორებ ისრაელის ქართველ ებრაელ ხელოვან ვარსკვლავებს: ქ-ნი ლილი კრიხელი, ქ-ნი ნანა დვირი, ქ-ნი მზია ათანელოვი, ბ-ნი იუზა მოშიაშვილი, ბ-ნი მორის ჯანაშვილი, ბ-ნი ბადრი ჯანაშვილი და სხვ.., ფეისბუკის მეგობრებს, ჩემს ოჯახს, ჩემს საყვარელ მშობელ მამას (მიხაელ ჯინჯიხაშვილი), ინგას, ჩემ ოთხ შვილს და მათ შორის ჩემს ორ გოგონას: რინატის და ტალის, რომელნიც პირველად ეწვივნენ მშობლიურ მიწას და აღფრთოვანებით აღნიშნეს საქართველოს სითბო, სილამაზე და დიდად მოიწადინეს ამ ერთობის გაძლიერება.

და კიდევ, დიდი მადლობა, ჩემთვის ყველაზე უახლოეს, უძვირფასეს, საამაყო და სათაყვანო ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ჩემი მეგზურია, მისი არსებობა სითბოსა და ღიმილსა ჰგვრის გარემოს და რომლის მეშვეობით ეშხი მიეცა ჩვენს მოგზაურობას. ეს არის ჩემი და, ფრიდიკო (ედით ალონი).

თქვენს გარეშე ამ ცხოვრებას ფასი არა აქვს! ყველას ერთად გ ა გ ი მ ა რ ჯ ო თ!!! იყავით ჯამრთელნი, გახარებულნი და ბედნიერნი!
გილოცავთ ახალ 2015 წელს!
თქვენთან ერთად მსურს, რომ დავლოცო მსოფლიოს ყველა კუთხის კეთილი ადამიანები, სადაც სიკეთე ითესება და ვინც მშვიდობას ეწევა… და ახლა, როდესაც მტერი სასტიკად აჯანყდა, თითქოს და ბოროტმა სულმა მეფობა ისურვა, ყველა კუთხიდან მუქარა ისმის,
შიშით ატაცებულნი უთვისტომო ვხდებით და ველოდებით სასწაულ შველას, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში ხდება..

სასწაულის მოლოდინში იმედებით სანთელს ვანთობ,
გულმოდგინედ ვილოცვები ნუგეშები ბაგეს ატკბობს.
ღმერთო ჩემო, გევედრები შეიწყალე შენი ხალხი,
არ მოგვაკლო სიყვარული და სიკეთე მზის და მთვარის,
გარწეულსა დედა მიწას მიეფერე ზეცის მადლით
და ზღაპრულად დაგვიბედე ეს ქვეყანა
შენის მართვით…

მაია ელიაუ ჯინჯიხაშვილი

ისრაელი, ქალაქი ხულონი, 2015 წ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი