ღვინობისთვეში თბილისი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს ხოლმე. ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია დედაქალაქი, ხვავრიელი შემოდგომის ფერები და სურნელი სჭარბობს გარეშემო, განსაკუთრებულად ძველ თბილისში, სადაც ტურისტებს გამორჩეულად უყვართ სეირნობა. 6 ოქტომბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ქართული სიტყვის ოსტატების ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, ლიტერატორთა აკვანი „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიას“ მასპინძლობდა. ამ ფუნდამენტურ სამაგიდო წიგნში შესულ პოეტთაგან დედაქალაქში ჩამოსვლა მხოლოდ ბატონმა რობერტ ადარმა (აჯიაშვილმა) შესძლო.

ბატონი რობერტი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე განვლო მისმა საუკეთესო წლებმა. უბანში „რობას“ მეტსახელით იცნობდნენ. დედაქალაქთან მისი ყოველი შეხვედრა მონატრებულ მოხუც დედასთან მიახლებას უფრო წააგავს ხოლმე, ვიდრე სტუმრად ჩამოსვლას, აი ისე, ქალაქში სასწავლებლად წასული სტუდენტი წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ჩადის სოფლად და უსაშველოდ ენატრება მშობელი დედა, კარგა ხნით ადრე რომ ემზადება მასთან შესახვედრად, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულია უკვე, დედასთან ჩახუტებისას მაინც მოზარდივით ღელავს და მაჯისცემა უჩქარდება (როგორც თავად აღნიშნავს ხოლმე სიმართლენარევი იუმორით). „როგორ შევეყრები მე ჩემს სამშობლოს და როგორ შემეყრება იგი მე“ (ილია) – და ასე ყოველთვის, ყოველ ჩამოსვლაზე. რამდენი სტრიქონი დაუწერია მშობლიური ქალაქის მონატრებით, რამდენი ჩაუწერია უბის წიგნაკში და მერე  დაუხევია, ვერ მოვეფერეო სათანადოდ ჩემს ქალაქს. და მაინც, აჰა ერთი მათგანი, სულ ბოლო, რობერტ ადარისა და თბილისის სიყვარულის ეპოპეიდან, რომელიც სპეციალურად ამ ვიზიტისთვის  შეთხზა „დედა ქალაქისკენ“ მომავალმა:

ჩემი თბილისი და ნარიყალა, მუდამ მათრობდა,

იერუსალიმი, ბეითჰამიკდაში ვის არ გადარევს,

მაშ, გაუმარჯოს ქართველებო, ჩვენს მეგობრობას,

26 საუკუნე სიყვარულით და გულით ნატარებს!

დიდებულო, ტანწერწეტავ, ლამაზო მხარევ,

სიდიადე შენი ბრწყინავს, როგორც ალმასი,

გამრიყე იქეთ, მტკვრის ნაპირას დამბერე, ქარო,

სადაც მეგულვის ჩემი ხალხი, მხნე და ლამაზი!

ოხ, სიცოცხლეო, ხანმოკლეო, ხარ ულმობელი,

ოი, ეს წლებიც გამეპარა, როგორ გავიდა,

ჩემი თბილისი ისე მიყვარს, მერწმუნეთ ხალხო,

მივემგზავრები, სიყვარულის ძეგლი მსურს, რომ დავუდგა!!!   27.09.2017

საზოგადოება ნელ-ნელა გროვდებოდა მწერალთა სახლის საკონფერენციო დარბაზში, განახლებული სიძველის ელფერი კიდევ უფრო მეტ დიდებულებას ჰმატებდა გარემოს. ქართული ლიტერატურული ელიტის საუკეთესო წარმომადგენლები გულთბილად ესალმებოდნენ ისრაელიდან ჩამოსულ კოლეგასა და მონატრებულ სიყრმის მეგობარს, იყო დიდი მოკითხვისა და მოფერების ძალზე ემოციური და უსაშველოდ სასიამოვნოდ საყურებელი წუთები, ვიდექი იქვე მდუმარედ და გაძალებით ვებრძოდი ყელში მომდგარ ცრემლის ბურთს, განცდებისაგან გულს რომ მიჩერებდა ლამის. უყვარდათ ქართველ და ებრაელ მეგობრებს ერთმანეთი და საშინლად ენატრებოდათ – პოეტურად, ამაღლებულად, კულტურულად, მაგრამ მაინც ყოვლისმომცველად.

შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყო. ღონისძიებას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ბატონი ბაღათერ არაბული და თანათავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი ხელმძღვნალობდნენ. ამ დღეს უნდა გამჟღავნებულიყო გამგეობის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება: ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობების განმტკიცებისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის  დაჯილდოვდნენ ისრაელში მცხოვრები პოეტები და საზოგადო მოღვაწენი – შალვა წიწუაშვილი (ისტ. მეცნ. დოქტორი)

, რობერტ ადარი (აჯიაშვილი)

და ნუგზარ ჯანაშვილი

მწერალთა კავშირის განსაკუთრებული ჯილდოებით და მიენიჭოთ: რობერტ ადარსა (აჯიაშვილს) და ნუგზარ ჯანაშვილს ისრაელში „ქართული კულტურის დესპანის“,  ხოლო პროფესორ შალვა წიწუაშვილს – „ქართული კულტურის ამაგდარი“-ს წოდებები. ამასთან, მწერალთა კავშირმა ბატონები რობერტ ადარი და ნუგზარ ჯანაშვილი ერთხმად მიიღო თავის რიგებში და მიანიჭა მათ „საპატიო წევრის“ სტატუსი.

ეს ყოველივე გახლდათ დასტური იმ უდიდესი ღვაწლის დაფასებისა, რასაც ქართული ლამაზი სიტყვისა და კულტურის  სამსახური ქვია და რასაც  წმინდა მიწაზე მცხოვრები სამივე საზოგადო მოღვაწე ათწლეულების მანძილზე სიყვარულით აკეთებდა და აკეთებს დღესაც, უანგაროდ, მონატრებით, თავდადებით.

ღონისძიება ბატონმა ბაღათერ არაბულმა გახსნა, იგი მიესალმა დამსწრეთ, მადლობა გადაუხადა ისრაელის სრულუფლებიან ელჩს მობრძანებისათვის და შესავალ სიტყვაში ისაუბრა ისრაელში გამოცემული ფუნდამენტური ნაშრომის, „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ ლიტერატურული და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. სიტყვის დასასრულ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო წიგნში შესულ 22 პოეტის ხსოვნას, რომელნიც დღეს აღარ არიან ცოცხალთა შორის და ვერ ინაწილებენ იმ სიხარულს, რასაც ქართული კულტურული და აკადემიური საზოგადოების მიერ ამ ნაშრომის საყოველთაო აღიარება ქვია. მან კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერა მათი უკვდავი სახელები.

პირველი მისასალმებელი სიტყვა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა შაბთაი ცურმა წარმოსთქვა. მან დიდი მადლობა გადაუხადა მწერალთა კავშირს ებრაელი კოლეგების ესოდენ ღირსეული დაფასებისათვის,  მეტადრე წელს, როდესაც საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე საიუბილეო წელი შესრულდა:

„საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურულ ურთერთობებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან კულტურის სფერო ყველაზე ახლოს აცნობს ხალხებს  მათ სულიერ მემკვიდრეობას, ტრადიციებს და ეროვნულ ხასიათს. „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“, რომელიც დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოიცა, უნიკალური წიგნია…ამიტომ, მე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონებს – გივი ღამბაშიძესა და შალვა წიწუაშვილს, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ამ წიგნის გამოცემაში. ეს დიდი შრომა და ღვაწლი სათანადოდ დაფასდა ქართული საზოგადოების მიერ, რასაც მწერალთა კავშირში, ამ ისტორიულ შენობაში დღეს გამართული პრეზენტაციაც მოწმობს. ..კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებაში, ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონ რობერტ ადარს პირადად ვულოცავ  მწერალთა კავშირის საპატიო წევრობასა და ქართული კულტურის საპატიო დესპანის ესოდენ მაღალ წოდებას“.

მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ ცნობილი სახეები, ყველა მათგანს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებულად მოფერებოდა ბატონ რობერტს და ექცია ეს დღე ქართულ-ებრაული მეგობრობის კიდევ ერთ აღლუმად. სიტყვა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა წარმოსთქვა და გაიხსენა რობერტ ადარის სპორტული ჯილდოები: საქართველოს ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში, თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი ერთეულთა და წყვილთა შეხვედრებში; სსრკ პირველობის ნახევარ ფინალისტი;  „ეს მაშინ დიდი მიღწევა იყო სპორტსმენისთვის“ – დასძინა მან, როდესაც ბ-ნი რობერტის ჩემპიონის ტიტული გაიხსენა საკავშირო სპარტაკიადაზე, მე და კოტე მახარაძე ვითხოვდით მის განსაკუთრებულ დაჯილდოვებას და ამას ახლა, მოგვიანებით დიდი სიხარულით ვაკეთებ,  განაცხადა  მან, როდესაც ვეტერანი სპორტსმენი  სპეციალური მედლით დააჯილდოვა ქართული სპორტისადმი მისი დამსახურებებისათვის.

საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, ბ-ნმა დავით შემოქმედელმა თავის სიტყვაში  გაახმოვანა ამავე საზოგადოების პრემიების მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილება: ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის რობერტ ადარი (აჯიაშვილი) დაჯილდოვდეს რუსთაველის საზოგადოების საპატიო სიგელით. ჯილდო გადასცა ამავე საზოგადოების  ქართულ-ებრაული ურთიერთობების ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ლეილა ნოდიამ.

ბატონ რობერტ ადარს  მიესალმნენ: გურამ ოდიშარია (პრემიერ მინისტრის მრჩეველი კულტურის სფეროში), ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი და ყველასათვის საყვარელი მაესტრო), ქ-ნი ზაირა დავარაშვილი (კლუბ „26 საუკუნე“-ს ხელმძღვანელი), გივი შახნაზარი (ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე) და სხვები. გარდა მილოცვისა, თითოეული მათგანი თავის სიტყვაში აღნიშნავდა ორი მეგობარი ერის ურთიერთობის განსაკუთრებულ ფორმატს და ხაზს უსვამდა კულტურის დარგში მოღვაწეთა როლის მნიშვნელობას ერთა შორის დიალოგის  გაგრძელებაში.

ღონისძიების მიწურულს რამდენიმე ადამიანთან გასაუბრება გადავწყვიტე.

ბაღათერ არაბული: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე,  ჟურნალ „ცისკარი“-ს მთ. რედაქტორის მოადგილე, გალაქტიონ ტაბიძისა და დავით აღაშენებლის პრემიების ლაურეატი – დღეს მნიშვნელოვანი დღე არის მწერალთა კავშირისა და თბილისის კულტურული ცხოვრებისთვის. ამ დღეს 3 ღირსეული ებრაელი კოლეგა სათანადოდ დავაფასეთ. მინდა ავღნიშნო, რომ  ყველასათვის საყვარელი პოეტის, ნუგზარ ჯანაშვილის მამა წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. გორში. ის იყო ქალაქის კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების  ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, შესანიშნავი პოეტი და მოღვაწე. სამწუხაროდ, ის სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და რაოდენ სასიხარულოა, რომ მისი შვილი, თავადაც შესანიშნავი პოეტი და ჟურნალისტი ასე ნიჭიერად აგრძელებს მამამისის გზას და ქართულ პოეზიას, ქართულ სიტყვას და ქართულ კულტურას ემსახურება ისრაელში მემკვიდრეობით მიღებული სიყვარულით. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ ბევრი რამ გაითვალისწინა, განიხილა სამივე კანდიტატის ლიტერატურულ-კულტურული ღვაწლი და სამდივნომ ერთხმად გადაწყვიტა ის აღიარებები, რისი გახმოვანების მონაწილენიც დღეს ამ ისტორიულ დარბაზში ყველანი ერთად შევიქმენით.  მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო ბ-ნ შალვა წიწუაშვილს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებას. „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“ საუკუნის ნაშრომია და მისი გამოცემა პირადად მისი დიდი დამსახრურებაა, ამ პროექტს ბატონები შალვა და  პროფ. გივი ღამბაშიძე ედგა სათავეში. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. ამ წიგნში წარმოდგენილია 65-მდე ქართველი ებრაელი პოეტი, რომელთა ფიქრი და საზრუნავი ორივე ქვეყანა, ისრაელი და საქართველოა.

ლეილა  ნოდია  –  დამსახურებული  ჟურნალისტი,  სრულიად  საქართველოს რუსთაველის  საზოგადოების  ქართულ-ებრაულ  ურთიერთობათა  ხელმძღვანელი:

ბატონი რობერტ ადარის ამ უსაზღვრო სიხარულით მეც ვხარობ. ის  ჩემი დიდი  ხნის  მეგობარია.  მეც ვიცი  და  ბევრიც  გამიგია,  როგორი  გულკეთილი, მოყვასის  თანამდგომი, მეგობრული,   თავის ისრაელზე   და   საქართველოზე,  თავის  თემზე  და   ქართველ ხალხზე  თანაბრად   შეყვარებული  ადამიანია.  არც არის  გასაკვირი,  რომ  ეს უსაზღვრო   სიყვარული  და  მეგობრობა,   წლების  განმავლობაში  დაგროვილი,   ლექსებად ამოთქმულიყო.  მისი   გულიანი  ლექსების   სტრიქონებს  შორის  კი  მისი  პიროვნებაც კარგად  იკითხება…    ბედნიერი ვარ, რომ ეს დღეები მის გვერდით ვარ. მართლაც, დიდი პატივია საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრობაც და კულტურის დესპანობაც და კიდევ სხვადასხვა ჯილდოები, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისგან, მაქს შავიტის სტუდიისაგან, ისრაელის საელჩოსგან.. ბატონმა რობერტმა მორიდებით, მოწიწებით მიიღო მისი  საპატიო  აღიარებები, საჩუქრები, მაგრამ სულ მორიდებით, კრძალვით   იმეორებდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი დაფასება,  ეს იყო საქართველოდან ისრაელში ასული ყველა ებრაელის დაფასება, საერთოდ, მთელი ერის სიყვარული და ერთაშორის მეგობრობა. გაიხარეთ, ბატონო რობერტ. ჩვენი, ქართულ-ებრაული ურთიერთობა და ძმობა ურყევია. თქვენ საქართველოს უყვარხართ, ჩვენ გვიყვარხართ. მე განსაკუთრებით ამაყი ვარ ეს დღეები, რომ ასეთ სიტყვებს ვისმენ ჩემი საყვარელი ებრაელი ერის მისამართით… ლეხაიმ!  კვლავ   თქვენი   წარმატებების  მოლოდინში  ვარ.

მართლაც, რობერტ ადარის დაჯილდოებების ციკლი ამ დღეს არ დასრულებულა, 7 ოქტომბერს მწერლის სახლში, ამავე დარბაზში ბატონი რობერტ ადარი დაჯილდოვდა „ღირსეული ქართველი ებრაელის ორდენით“ სტუდია  “Mr. Shavit”-ის მიერ. ამ ორდენის ლაურეატები  არიან: ჯამლეტ ხუხაშვილი, თემურ მდინარაძე, თემურ ყვითელაშვილი, ქალბატონი ზაირა დავარაშვილი, მაქს მეირ შავიტი.

არც ეს დღე დასრულებულა მხოლოდ მწერალთა კავშირის საზეიმო თავყრილობით, ტრადიციისამებრ, მეგობრებმა ქართულ სუფრასთან აღნიშნეს კოლეგისა და მონატრებული კაცის სტუმრობა და დაჯილდოვება.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, კვლავ ამომიტივტივდა მწერალთა კავშირის თავმჯომარის, ბატონი ბაღათერის სიტყვები, როდესაც ნუგზარ ჯანაშვილის სამადლობელ წერილს ვკითხულობდი სრულიად საქართველოსადმი, მამის ნაცვლადაც მადლობას სწირავდა პოეტი თავის „პირველ აკვანს“ და ლექსით ეფერებოდა.. „ეს ჯილდო, წოდება თუ რეგალია ეკუთვნის უპირველესად მას, მამაჩემს, ფირუზ ჯანაშვილს, თხემით ტერფამდე პოეტს!“

,,მე შეძრული ვარ ქართული მიწის,
გულსჩატეული მიწის მგოსნობით,
უხილავ ცეცხლში ვდგავარ და ვიწვი
საკადრი სიტყვის ვერგამომცნობი…”  /ფ. ჯანაშვილი/

 

სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი