ეს ისტორია თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე აღმოვაჩინეთ. როცა საოცარი „ტროის„ ამბავს წაიკითხავთ, გვერწმუნეთ, ცრემლების შეკავება თქვენც გაგიძნელდებათ:

ეს არ არის ზღაპარი… ეს ნამდვილი მეგობრობის ისტორიაა…
ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს…

მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა…
უჭკვიანესი ძაღლი იყო ,,ტროი”… ორი კინოლოგიური სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ყველა ბრძანება იცოდა, რამდენიმე გამოფენის გამარჯვებულიც იყო…
5 წლის როტვეილერი მობეზრდა პატრონს და თავშესაფარში ჩააბარა…
მის სანახავად მივიდა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი… თვალს არ აშორებდა ძაღლი და შველას სთხოვდა… მის მზერაში ნამდვილი მეგობრის მზერა დაიჭირა…
,,ეს იქნება ჩემი ნამდვილი მეგობარი!”– თქვა და იმ დღესვე სახლში წაიყვანა…
პირობაც მისცა, არასოდეს მიგატოვებო’…
იმ დღიდან განუყრელი მეგობრები გახდნენ… სადაც თამაზი იყო იქ იყო ,,ტროიც”… ზღვაზე, მთაში…
მის კაბინეტში დაიდო ბინა… ის გახდა მისი სახლი…
ბედნიერი იყო ,,ტროი”, ასეთი პატრონი ჰყავდა…პატრონი, რომელსაც მისი მოდგმა ძალიან უყვარდა და ზრუნავდა მათზე…
ამაყი იყო ,,ტროი” ასეთი მეგობრის გვერდით…

ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა თამაზი… აღარც მეორე დღეს… ადგილს ვეღარ პოულობდა, თვალებით ეკითხებოდა ყველას მის ამბავს… პირი არ დააკარა საჭმელს და წყალს… ძაღლის საცოდაობით იწვებოდა ყველა…
თამაზი ამ დროს გლდანის ციხის უკანონო პატიმარი იყო…
,,ტროის” დღითი–დღე ემატებოდა დარდი…
თამაზი გრძნობდა, რომ მის მეგობარს ძალიან უჭირდა… როგორმე უნდა მიეწვდინა ხმა, რომ ცოცხალი იყო… მაისური გაიხადა და ადვოკატის ხელით გაუგზავნა ,,ტროის”…
მაისურს ეცა ,,ტროი” და მეგობრის სუნი იცნო… მიხვდა, რომ ის ცოცხალი იყო… ჭკვიანი იყო ,,ტროი”, ძალიან ჭკვიანი…
იმ დღიდან წყალიც დალია და საკვებიც მიიღო…მეგობარს ხომ ვერ უღალატებდა… ცოცხალი უნდა დახვედროდა…
ყველა ადარდებდა თამაზს, მაგრამ ყველაზე მეტად, ,,ტროი”…
,,ტროის” თვალები კარებისკენ იყო მიპყრობილი, ყოველ წამს ელოდებოდა მეგობრის დაბრუნებას…
ერთ დღესაც გაიღო კარები და შემოვიდა მისი მეგობარი… მათი შეხვედრის ამბავს თვითმხილველები დიდხანს ჰყვებოდნენ… საბოლოოდ ირწმუნა ყველამ, რომ მათ მეგობრობას ბადალი არ ჰქონდა…

კაცივით ესაუბრებოდა თამაზი… ,,ტროიც” უსმენდა და თვალებით ეუბნებოდა სათქმელს…
ამასობაში კი, მათი მეგობრობის ანგარიშზე წლები გროვდებოდა…
მოულოდნელად ავად გახდა ,,ტროი”, ყბაზე სიმსივნური წანაზარდი გაუჩნდა… ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის დაჯერება არ უნდოდა მეგობარს…
საუკეთესო ექიმების მკურნალობის კურსმა შედეგი არ გამოიღო… უშედეგო ოპერაციას, ,,ქიმიის” კურსის გავლა ამჯობინა… რამდენიმე თვე ძლიერ პრეპარატებზე იყო ,,ტროი”… მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა ერთხელაც არ დაუკვნესია…
ექიმებმა ურჩიეს დაძინება, მაგრამ უარი თქვა თამაზმა…
ჩემთვის ,,ტროისთან” გატარებული ერთი წუთიც ძვირფასიაო… ,,ვერ დაგაძინებ მეგობარო, ვერ გაგიმეტებ სიკვდილისთვის”… უბოდიშებდა თამაზი ,,ტროის”… ისიც თვალებში უყურებდა მეგობარს და დიდი სიყვარულის ხათრით ენითაუღწერელ ტკივილს უხმოდ იტანდა…
,,ტროის” პირობა მისცა მეგობარმა, არ მიგატოვებო…
თამაზის კაბინეტში იწვა მომაკვდავი ,,ტროი” და ბუნდოვანი მზერით ადევნებდა თვალს საქმეში ჩაფლულ მეგობარს… ოთახში ყველას უჭირდა შესვლა, სიმსივნით დაავადებულ ძაღლს საშინელი სუნი ასდიოდა…
კაბინეტიდან ასიოდე მეტრში, თავშესაფრის ვეტ–კლინიკაშიც არ მოათავსა მომაკვდავი ძაღლი, ჩემს თვალწინ უნდა მყავდეს, მე რომ მხედავს იმედი აქვსო…


ბოლო წუთამდე ერთად იყვნენ… უკვე წუთებს ითვლიდა ,,ტროი”… თამაზი უთბილესი სიტყვებით გამოემშვიდობა მეგობარს… ,,არ შეგეშინდეს მეგობარო სიკვდილის… შენ ხომ ვაჟკაცი ხარო… ჩვენს სიყვარულს სიკვდილიც ვერაფერს დააკლებსო”…
დილით სამუდამო ძილით დაიძინა პატრონზე უზომოდ შეყვარებულმა ,,ტროიმ”… მისი ცივი სხეული ვეღარ გაათბო მეგობრის თბილმა ხელებმა…
თავშესაფრის ეზოში მიაბარა მიწას უერთგულესი მეგობარი თამაზმა…
შვიდი წლის წინ სწორედ აქ შეჰფიცა მას,არასოდეს მიგატოვებო…
ვერც სიკვდილმა დააშორა ერთგული მეგობრები!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი