Home ახალი დამატებული ქართველ ადვოკატთა დელეგაცია ერაყში მძიმე ტექნიკით გადაადგილდებოდა

ქართველ ადვოკატთა დელეგაცია ერაყში მძიმე ტექნიკით გადაადგილდებოდა

22 second read
0
19

ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დავით ასათიანი საინფორმაციო სააგენტო – ევრონიუსს ესაუბრა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტზე ერაყში. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მათი მოგზაურობის მიზეზი რა გახდა? ამის შესახებ ქვემოთ შეიტყობთ.

დავით ასათიანი:

_ ადვოკატთა ასოციაცია 11 წელია რაც უცხოეთთან აქტიურად თანამშრომლობს. უცხოელმა კოლეგებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს ინსტიტუციონალურ განვითარებაში. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული დახმარება გაგვიწიეს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეიძლება ითქვას, რომ მათთან ვალში ვართ. ამასობაში, ჩვენც შევიძინეთ ადვოკატთა თვითმმართველი და დამოუკიდებელი კორპორაციის მართვის გამოცდილება და ახლა, თავად ვუზიარებთ უცხოელ კოლეგებს ცოდნას.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდნენ ერაყელი ადვოკატები, შემდეგ კი ჩვენ მიგვიწვიეს ბაღდადში. მათ სურდათ, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა ერაყელი კოლეგებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში მძიმე სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა იყო, არც დავფიქრებულვართ, ისე წავედით. ქართულ დელეგაციაში ვიყავით, მე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის იურიდიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი – ირაკლი ყანდაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გამოვიდა, მაღალ დონეზე ორგანიზებული.

  _ ერაყის ადვოკატთა ასოციაცია მრავალრიცხოვანია?

_ მასში 70 ათას ადვოკატზე მეტია გაწევრიანებული. ეს ქვეყანა ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და დიდი შესაძლებლობებიც გააჩნია, მაგრამ ბოლო პერიოდში, ომისა და ტერორიზმის საფრთხის გამო, არავის ეცალა მართლმსაჯულებისა და ზოგადად, იურიდიული პროფესიისთვის. ამიტომ, ამ მხრივ განვითარების საწყის საფეხურზე არიან. ერაყის ადვოკატებთან შეხვედრის დროს ჩვენ დავინახეთ ადვოკატების დიდი სურვილი, რომ ეს პროფესია ძლიერი გახდეს, უზრუნველყონ ქვეყანაში ეფექტიანი სასამართლოს და რეალური მართლმსაჯულების დამკვიდრება. მოვიხიბლეთ მათი ასეთი სულისკვეთებით და ბრძოლისუნარიანობით. მათ აინტერესებდათ, როგორ მოვახერხეთ ადვოკატთა დამოუკიდებელი ორგანიზაციის ფორმირება, როგორ შევქმენით ეთიკის კოდექსი და რა ფორმით ვანხორციელებთ დისციპლინურ წარმოებას. ასევე დაინტერესდნენ, როგორ ხდება ადვოკატის პროფესიაში მიღება. გვეკითხებოდნენ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ყველა ნიუანსს უღრმავდებოდნენ და ჩვენც ვაძლევდით განმარტებებს.

 _ ქართველი ადვოკატების ცოდნით და გამოცდილებით რატომ დაინტერესდნენ, სხვა ქვეყნებში ხომ უფრო ძლიერი ადვოკატთა ასოციაციებია?

_ ჩვენ სპეციალურად შეგვარჩიეს ამ პროექტისათვის. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მრავალი განვითარებული ადვოკატთა ასოციაციაა, მაგრამ ჯერ ერთი, ბევრმა ვერ გაბედა იქ ჩასვლა. ერაყი ცხელ წერტილად ითვლება და ამან შეაფერხათ. თანაც, მათ ძალიან ტრადიციული და დალაგებული ორგანიზაციები აქვთ, პრობლემები არ აწუხებთ და ბუნებრივია, გადაჭრის გზების შესახებ ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ. ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით პრობლემებს და გამოცდილებაც დიდი შევიძინეთ. ერაყელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც დაეხმარებათ ასოციაციის განვითარებაში.

_ ერაყში საომარი მდგომარეობაა და ცხელ წერტილში ყოფნა თქვენ კი არ შეგეშინდათ?

_ ჩვენს უსაფრთხოებას მაქსიმალურად იცავდა ამერიკული მხარე. იქ აქვთ სპეციალური დაცვის ორგანიზაციები, ქალაქის დაცულ ნაწილში დაცვის ორი ძლიერი სამსახურია – ამერიკული და ინგლისური და ჩვენც იქ ვცხოვრობდით. ეს ტერიტორია შედის წითელ ზონაში და საელჩოები, საერთაშორისო მისიები იქ არის განთავსებული. ქართულ დელეგაციას აკრძალული გვქონდა დამოუკიდებლად გადაადგილება ქალაქში და მხოლოდ ბრონირებული ტრანსპორტით დავდიოდით. ასევე, გვიცავდა ბრონირებული მანქანების ესკორტი და შეიარაღებული დაცვა, დაახლოებით 8 ადამიანის შემადგენლობით, რომლებიც ყველგან დაგვყვებოდნენ. გვეხურა ჩაფხუტები, გვეცვა ბრონიჟილეტები და ერთმანეთს რომ ვუყურებდით, ამის გამო ცოტა კი გვეცინებოდა. ერაყში ყოველ წუთს ხდება ტერორისტული აქტები. ისლამური სახელმწიფო იმ პერიოდში ბაღდადთან ახლოს აწარმოებდა ბრძოლებს და ქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.

_ ადგილობრივი ადვოკატებიც ჩაფხუტებით გადაადგილდებიან ქალაქში?

_ არა, ისინი ჩვეულებრივად დადიან. ასეთი იყო ჩვენი დაცვის სტანდარტები და მოგვწონდა თუ არა, ვექვემდებარებოდით მას. თავდაპირველად უარი განვაცხადეთ დაცვის მექანიზმებზე, რადგან გვინდოდა, ადვოკატებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით და მეტი დრო გაგვეტარებინა მათთან, გვენახა ერაყის ღირსშესანიშნაობები. მოგეხსებათ, ერაყი განლაგებულია ძველი ბაბილონის ტერიტორიაზე და იქ არის ანტიკური ხანის არაჩვეულებრივი მუზეუმები. ადვოკატებმა დაგვპატიჟეს, მაგრამ დაცვის სამსახურმა არ მოგვცა ამის საშუალება მუზეუმები დაგვეთვალიერებინა.

_ ერაყში ქალებიც არიან ადვოკატები?

_ ერაყელ ქალებს მუსულმანური სამოსი აცვიათ და  მხოლოდ თვალები უჩანთ, ადვოკატი ქალბატონები ევროპულად არიან გამოწყობილნი. მეტიც, ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის ევროპული განათლების, ქცევისა და მანერების მქონე ქალბატონი. ადვოკატი ქალები მუსულმანურ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან. ისინი მანქანის საჭესთანაც სხედან.

ერაყელი ადვოკატები აწარმოებენ სხვადასხვა კატეგორიის საქმეებს, მათ შორის ტერორიზმის, სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებულ საქმეებს და ა.შ. იქ კორუფციის მაღალი დონეა და ადვოკატებიც იცავენ ასეთ კლიენტებს. აქედან გამომდინარე, არის ადვოკატებზე ზეწოლის და ზოგ შემთხვევაში ფიზიკურად განადგურების მცდელობებიც. მათ მიერ დაცვის განხორციელების დროს შეინიშნება შეზღუდვებიც.

5 დღე დავრჩით ერაყში. იქ, ზოგიერთ ადვოკატს იარაღის ტარების უფლება აქვს, რადგან რთულ საქმეებში მონაწილეობენ. სახელმწიფო ცდილობს, ადვოკატების უსაფრთხოება სასამართლოებში მაინც დაიცვას და მართლაც, იქ ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ვიყავით სასამართლოში და ადვოკატთა ასოციაციის შენობაში. ადვოკატებს აქვთ ძალიან კარგი შენობა, ფეხბურთის სტადიონი, 1500 ადვოკატისთვის ყრილობის დარბაზი და ა.შ. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ინფრასტრუქტურა სადამ ჰუსეინის პეროიდში აშენდა. მართალია, მაშინ ადვოკატის უფლებები ფორმალურად იყო „დაცული“, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კარგი ჰქონდათ. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომელიც გრძელდება. ამ ეტაპზე კი გვაქვს ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობა  და ელექტრონულად ვცვლით ინფორმაციებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *