Home ახალი დამატებული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს

20 second read
0
20

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს და პრემიერ მინისტრისგან მოითხოვს, მღებრიშვილის მინისტრად წარდგენის გამო გააკეთოს განცხადება.

ზაზა  ხატიაშვილი:

გაუგონარი და ამაზრზენი ფაქტის მომსწრენი გავხდით კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მშვიდობიან მოქალაქეზე განხორციელდა ძალადობა, სავარაუდოდ, მთვრალი პოლიციელები თავს დასხნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს და უმოწყალოდ სცემეს. სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, არ გააჩნია პოლიტიკური ნება, არ აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, რათა პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და მოძალადე დასჯილი იქნას კანონის მთელი სიმკაცრით. განასკუთრებით აღმაშფოთებელია თავისუფალი პროფესიის მქონე პირებზე თავდასხმები.

გასულ წელს, ადვოკატი გიორგი მდინარაძე იქნა ნაცემი მოძალადეების მიერ. ცნობილია ყველა მოძალადის ვინაობა, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, ერთხელ მაინც, ქვეყანაში ჩაატუროს ეფექტური გამოძიება. რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ზარზეიმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა დღე, სადაც ვწერდი ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობაზე და ფაქტებით ვასაბუთებდი ამას. ასევე, ახალი მთავრობის დამტკიცების დროს მღებრიშვილის და წულუკიანის მინისტრებად დანიშვნას ბოიკოტი გამოვუცხადე, ვიცოდი, ქვეყანაში გაიზრდებოდა პოლიციელთა უკანონო თარეში და განუკითხაობა. ასეც მოხდა! არ გამიკვირდება, თუ მოძალადე პოლიციელს დააწინაურებენ ან მადლობას გამოუცხადებენ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ეგუება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ წამებაში ბრალდებული პოლიციელების სამსახურებრივ დაწინაურებას, რაც არ მომხდარა არცერთ ქვეყანაში.

რევაზ ქობულია დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება დვალიშვილის წამების თაობაზე წყალტუბოს პოლიციაში. სანამ პოლიციელმა იცის, რომ მან შეიძლება აწამოს მოქალაქე და ეს შერჩება. ქვეყანაში წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა გაგრძლდება. სანამ, სამოქალაქო საზოგადოება არ გაერთიანდება და არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ერის, საკუთარი ოჯახის წინაშე, შოკისმომგვრელი ძალადობის ფაქტები კიდევ ბევრი გვექნება.

მე, ზაზა ხატიაშვილი მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნას მოშორებული საქართველოს მთავრობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი, პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერ- მინისტრმა მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენის გამო, პროკურატურამ გამოიძიოს ვანდალური თავდასხმა ჟუნალისტზე და უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე პოლიციელები. მთავარმა პროკურორმა აიღოს პასუხისმგებლობა გამოძიების ეფექტიანი ჩატარების გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *