როინ მიგრიაული, ადვოკატი, პროფესორი:

_ ზოგადად, სახელმწიფოს რომ დიდი კუჭი აქვსო, გამიგია, ბიუჯეტს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ისიც გასაგებია, რომ ამ „დიდი კუჭის“ ამოსავსებად სახელმწიფოები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, მაგალითად, იპყრობენ სხვა სახელმწიფოებს და ნაალაფარით ივსებენ ამ კუჭს, ესეც გასაგებია. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ამ კუჭის შესავსებად საკუთარი მოქალაქეების ქონებებს (ე.წ. „შიდა ალაფს“) მიმართავს და ოსტატურად გადაყლაპავს მათ, ეს უკვე სახელმწიფოს არსისა და დანიშნულების ლოგიკაში აღარ ჯდება: სახელმწიფო – ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია განახორციელოს, პირველ რიგში, თავისი ქვეშევრდომების (აქ: მოქალაქეებისა და ორგანიზაციების) უფლებები და ინტერესები. ამისათვის, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, კონსტიტუციასაც კი იღებს!!

სწორედ ასეთი დიდი მადა აღეძვრა ჩვენს სახელმწიფოს (რომელსაც თურმე აქვს პრეტენზია, იყოს „ნამდვილი სახელმწიფო“) გორში 2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შენობების მიმართ და ყველაფერი მოიმოქმედა, მათ გადასაყლაპად…. რა თქმა უნდა, თავისივე 60 ქვეშევრდომის ხარჯზე.
როდესაც 90-იან წლებში სახელმწიფომ გამოაცხადა მცირე და საშუალო საწარმოების პრივატიზაცია, იგი შეეხო გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკასაც, რომლის მუშაკებმაც პატიოსნად ააგროვეს თანხები (22.000 ლარზე მეტი) და გადაუძახეს ისინი სახელმწიფოს დიდ კუჭში. სახელმწიფო მიიღო მათგან ეს ძღვენი და, იმის მაგივრად, რომ პრივატიზებულ საწარმოში პოლიკლინიკის მუშაკებისათვის 100% წილი გადაენაწილებინა, მათ მიერ გადახდილი თანხების პროპორციულად, ეს 100% წილი თავის საკუთრებად გამოაცხადა. ამასაც არ დასჯერდა დიდ კუჭის მქონე სახელმწიფო (თავისი კუჭის სიდიდით საქართველო გამორჩეულია 200-ზე მეტ სახელმწიფოს შორის) და ახლა უკვე მიზანში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ის 2 შენობა ამოიღო, რომელიც პრივატიზების დროს მის მიერვე დაფუძნებული შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ანუ საკუთრებაში გადასცა შპს-ს. აქ უკვე ოსტატურად ისარგებლა თავისი ქვეშევრდომების უცოდინრობით (მათ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონებები საჯარო რეესტრში შპს-ს საკუთრებად არ ასახეს) და სახელმწიფომ 2010 წელს თავის სახელზე აღრიცხა ეს 2 შენობა, პრინციპით: „შიდა ალაფი უფრო გემრიელიაო“!
საწყალმა ქვეშევრდომებმა, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ 2004 წლიდან დაიწყეს ბრძოლა საკუთარი ქონებების (100% წილისა და 2 შენობის) დასაბრუნებლად. 2008 წელს მიაღწიეს პირველ წარმატებას და სასამართლომ კანონიერ ძალაში შეული გადაწყვეტილებით დაავალა სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმება. მთელი 5 წელი ეცადნენ ქვეშევრდომები ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ სახელმწიფოს კუჭის ისეთ სარქველში ჰქონდა გადამალული ეს ქონებები, რომ ვერაფერმა გასჭრა მათ ამოსაღებად. 2013 წელს ქვეშევრდომებმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს და დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც „საბუთების დაკარგვით“ დამთავრდა. 2015 წელს დაწყებული ადმინისტრაციული პროცესები (აპელაციის ჩათვლით) წარმატებით დასრულდა და გაუქმდა ის აქტები, რითაც სახელმწიფომ 2 შენობა თავის სახელზე დაირეგისტრირა.
სახელმწიფო რის სახელმწიფოა, რომ შეეგუოს კუჭიდან ქონებების ამოღებას (დარწმუნებული ვარ ის გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას).
სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელია, რომ წაიკეკლუცონ ხოლმე თავის ქვეშევრდომებთან და გარეგნულად მოაწონონ ხოლმე მათ თავი. საქართველოც ხომ „სახელმწიფოა“ და ეს მეთოდებიც კარგად აქვს დახვეწილი. 2016 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობა („სახელმწიფოს“ უმაღლესი ხელისუფალი!) იღებს #153 დადგენილებას მყვირალა სათაურით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, ანუ მარტივად რომ გადმოვრთაგმნოთ, „გადაყლაპული, ანუ დიდ კუჭში მოთავსებული ქონებების მცირე დოზით ამოღებინების შესახებ“. ამ დადგენილებით სახელმწიფომ პირობა დადო, რომ ყველას დავუდასტურებ საკუთრების უფლებას, ვინც პრივატიზებაში მონაწილეობდაო და საფასური გადახდილი აქვთო. მეტი რაღა უნდოდათ ჩვენს ქვეშევრდომებს და ახლა უკვე 2016 წელს დაიწყეს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც „დიდი მადის მქონე“ სახელმწიფომ უარი განუცხადა და ეს უარი გასაჩივრდა ეკონომიკის სამინისტროში. დღეს 2 მარტია, ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დასრულების ბოლო დღე!
ახლა გამოჩნდება, ამოიღებს სახელმწიფო ამ თავისი დიდი კუჭიდან 2 სტომატოლოგიურ შენობას და გადასცემს შპს-ს და გადაუნაწილებს თუ არა იმ 100% წილს ამ შპს-ს მუშაკებს.
აღდგომა და ხვალეო!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი