Home ახალი დამატებული „მანდატურს ვკითხე, აქ რომელია მოსამართლე და რომელი მსჯავრდებული-მეთქი?“

„მანდატურს ვკითხე, აქ რომელია მოსამართლე და რომელი მსჯავრდებული-მეთქი?“

21 second read
0
15

     (რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან)

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 9 თებერვალს (12 საათზე) – ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს განახლდება მისი საქმის განხილვა. 2017 წლის 31 იანვარს კი ორი საათი მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯელობა (ოღონდ მხოლოდ ერთი მხარე – მსჯავრდებულები და მათი ადვოკატები მსჯელობდნენ). ამ საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე და კახაბერ ნაკანი. ამ ორი საათის განმავლობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს და სასამართლომ ერთ მსჯავრდებულს ირაკლი ფირცხალავას მოუსმინა.

ახლახანს ნაშიმშილარის პირობაზე ფირცხალავა (ცააძეც) მშვენივრად გამოიყურებოდა. მისგან შევიტყვეთ, რომ რვა დღე შიმშილობდნენ და რომ არა სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული დოკუმენტები (რის საქმეზე დართვას მოითხოვენ), შიმშილით სული ამოძვრებოდათ.

მსჯავრდებულები და მათი ადვოკატები მოითხოვენ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვას, იური ვაზაგაშვილის ჩვენების დაუშვებლად ცნობას და ძალიან ბევრი ადამიანის დაკითხვას. მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების (რომლებმაც მათივე განმარტებით უნდა დაადასტურონ, რომ კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები ერთ საკანში ისხდნენ), მოწმეების, მსჯავრდებულების ოჯახის წევრების.

დღევანდელ პროცესზე იმდენჯერ ახსენეს სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე, რომ დათვლაში ვერ დავეწიე და ამას აკეთებდნენ ფირცხლავა, ცააძე და მათი ადვოკატები და აი, რატომ – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე, მოჰყავდათ მაგალითად, როგორც პრეცენდენტული, სადაც მკაფიოდ მიუთითეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სანდროს მკვლელობის საქმეზე დაჭერილები მოთავსებული ჰყავდათ ერთ საკანში, რაც ევროსასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები და მათი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამ საქმეზე დაჭერილი სპეცრაზმელებიც (რომლებმაც ჩვენება მათ წინააღმდეგ მისცეს) ერთ საკანში ჰყავდათ მოთავსებული. ამის დამტკიცების იმედი აქვთ, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაიკითხებიან.

ირაკლი ფირცხალავა იდგა და ამონარიდებს კითხულობდა სანდრო გირგვლიანის საქმიდან. ამ დროს სულ იური ვაზაგაშვილის გამოსვლები მახსენდებოდა, როცა ის მისი შვილის მკვლელების გვარებს ჩამოთვლიდა და მკვლელების დასჯას მოითხოვდა. ხშირად იწყებდა ფირცხალავათი და ცააძით; დღეს მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სწორედ ისინი არიან მსჯავრდებულები და ახლა ცხონებული იური ვაზაგაშვილის მიცემული ჩვენების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ. თან, დროდადრო იმას აცხადებენ, ეს ხომ ქვეყანა არ არის, ეს ხომ სამართალი არ არისო.

მსჯავრდებულებმა ჩვევას არ უღალატეს და დღევანდელ სხდომაზე პროკურორებს ისევ დაემუქრნენ. ეს ფირცხალავამ გაახმოვანა – ყველას გვარებს ვინიშნავთ და სამართალში მივცემთო. ცააძემ თავის ჩვეული მოძრაობით და ბუტბუტით გააკეთა ეს. ისე, დღევანდელ პროცესზე შედარებით მშვიდად იყვნენ. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას რომ დაინახავენ, იმაზე გიჟდებიან – ცქვიტარიას დანახვაზე დაახლოებით ისე ემართებათ, ხარს რომ წითელს აუფრიალებ. დღეს ცქვიტარია არ იყო და ალბათ ამიტომ მუქარაც შედარებით რბილად გამოხატეს.

სიტყვით გამოსვლისას ფირცხალავამ მსოფლიო პოლიტიკა მიმოიხილა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტ ტრამპსაც გადაწვდა. საქართველოს ხელისუფლებას ხომ გადაწვდა და გადაწვდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეგრეთ წოდებულად მოიხსენია და ამაზე მოსამართლემ გულთბილად შენიშნა. საერთოდ, მოსამართლე კაპანაძე მსჯავრდებულებს ძალიან გულთბილად, ბატონობის გარეშე, სახელებით მიმართავს ხოლმე.

ბოლოს სხდომის თარიღი რომ ზუსტდებდა, ისე გაჰყვიროდნენ ცააძე და ფირცხალავა, მანდატურს ვკითხე – აქ რომელია მოსამართლე და რომელი მსჯავრდებული-მეთქი.

სხდომას ნაცზონდერებიც ესწრებოდნენ, მაგრამ გასუსულები იყვნენ – ალბათ ყვირილზე და გინებაზე უფროსებისგან ბრძანება არ ჰქონდათ მიღებული. ისინი საკმაოდ ბევრნი იყვნენ და დარბაზიდან დერეფანში რომ გამოვედით, მანდატურმა გვთხოვა, ეგებ უკანა კიბით ჩახვიდეთ ქვემოთო. რატომ?! წესრიგი დაიცავით და თუ ვინმე ზღვარს გადავა, მიიღეთ ზომები-თქო, – მივუგეთ და ცენტრალური კიბით ქვედა სართულზე ჩამოვედით.

ნინო მიქიაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *