„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია თბილისის მერიაში არსებულ უკიდეგანო ბიუროკრატიაზე.

„თბილისის მერიის ბიუროკრტიას დასასრული არ უჩანს! „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისის მერიას არაერთხელ მიმართა, რომ სვანიძის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირებზე ან თავად აღედგინათ სტიქიამდე არსებული მოაჯირი, ან მისთვის მიეცათ ამის უფლება. მოგეხსენებათ, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ გაანადგურა მდინარე ვერეს ნაპირებზე არსებული მოაჯირები და ახლა იქ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 4 მეტრზე მეტი სიმაღლის გადასავარდნიდან ისე შეიძლება აღმოჩნდეთ მდინარეში, ვერც კი მიხვდეთ.

მიმდინარე წლის 5 იანვარს თბილისის ქონების მართვის სამსახურიდან, როგორც იქნა, მივიღეთ პასუხი, რომ თუ მერიის არქიტექტურის სამსახური ნებას დაგვრთავდა, ქონების მართვის სააგენტო წინააღმდეგი არ იყო, დროებით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის განხორციელებამდე თამაზ ელიზბარაშვილს თავად, საკუთარი ხარჯებით აღედგინა მოაჯირი.

არქიტექტურის სამსახურს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია სასწრაფოდ ჩავაბარეთ და იმის იმედით, რომ უკვე მოაჯირის აღსადგენად ნებართვას ავიღებდით, აღნიშნულ სამსახურს მივაკითხეთ. ნურას უკაცრავადო, გვითხრეს. ჯერ თურმე იმ სამსახურიდან უნდა მივუტანოთ ნებართვა, რომელმაც მოგვწერა, არქიტექტურის სამსახურიდან მოიტანეთ ნებართვა და ჩვენ თანახმანი ვართო.

ქონების მართვის სააგენტოში მთელი ავზა ამოგვიბეჭდეს – ესა და ეს საბუთები გვჭირდება და მერე ვნახოთო. ჩვენ სასწრაფოდ დავიწყეთ აღნიშნული დოკუმენტაციის შეგროვება, თუმცა არ ვიცით, ამის მერე მაინც თუ მივიღებთ მოაჯირის აღდგენაზე ნებართვას. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ მოაჯირზეა საუბარი, რომელმაც ხვალ ვიღაცის სიცოცხლე უნდა იხსნას, დღეს კი ეს შეუძლებელია! ვინ აიღებს პასუხისმგებლობას  იმაზე, თუ დღეს თბილისის მერიის დაუდევრობის და ბიუროკრატიის გამო  სვანიძის ქუჩაზე გამვლელი დაზარალდა ან სიცოცხლეს გამოეთხოვა, საკითხავი აი ეს არის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი