ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს მიერ არასათანადოდ აღსრულების და საქართველოს მოქალაქის უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტზე უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

_ „საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული ევროსასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს. ამ ეტაპზე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ანხორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ნოდარ მაკრახიძისა და შ.პ.ს. „იზას“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე. ამ საჩივრის ფაბულა მდგომარეობს შემდეგში: შ.პ.ს. „იზამ“, რომლის დირექტორია ნოდარ მაკრახიძე, ვერ შესძლო 2001 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გადახდა, იმის გამო რომ სახელმწიფო უწყებამ ვერ უზრუნველყო შეკვეთილი სამუშაოს ღირებულების გადახდა. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი და კომპანია „იზას“ მოუხსნა დავალიანება, ამავე დროს სახელმწიფოს დააკისრა ზიანის ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 2007 წელს შ.პ.ს. „იზას“ ხელახლა დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა, თუმცა შ.პ.ს. „იზას“ საქმიანობა არ განუხორციელებია ანგარიშებზე და ქონებაზე გამოყენებული ყადაღის გამო. ფაქტიურად, ადგილი ჰქონდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულებას. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მონიტორინგის ორგანომ – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოამზადა 2011 წლის რეზოლუცია შ.პ.ს. „იზას“ საქმეზე. 2007 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ შ.პ.ს. „იზა“–ზე დარიცხული თანხების მოხსნის მოთხოვნით სარჩელს იხილავს სასამართლო. პარალელურად კი მიმდინარეობს საკითხის შესწავლა იუსტიციის სამინისტროში. კერძოდ, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის მიწოდებული იქნა თუ არა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შ.პ.ს. „იზაზე“ ძველი საფუძვლებით 2007 წელს დაკისრებული გადასახადის თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა როგორც ნოდარ მაკრახიძის შესაბამისი განცხადება, ასევე საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შესაბამისი წერილი ზემოთ მითითებული ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. ყოველივე ქმნის საფუძვლიან ვარაუდს მასზედ, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების _ საქართველოს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულებას შ.პ.ს. „იზასთან“ მიმართებაში. ამ გარემოებებს საეჭვოდ დაემთხვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ნოდარ მაკრახიძის სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება. ეჭვები ძლიერდება იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი ერთი და იგივე რეგულაციით, ერთი და იგივე სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლების პირობებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის დეკემბერში დაუდგინა 57440 ქულა, ხოლო 2017 წლის დეკემბერში 97690 ქულა.  ამ საკითხზე ვაგრძელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს და შესაძლებელია, საქართველოს მთავრობის წინაშე სათანადო დასაბუთებით დავაყენოთ კონკრეტული ჩინოვნიკების შესაბამისი პასუხისმგებლობის, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველი კაზუსი, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის დაქირავებულია ხალხის მიერ, მათი საქმიანობა ფინანსდება ხალხის მიერ გადახდილი გადასახდებით, ამიტომ ის უნდა ემსახუროს ხალხს და ეს არის მისი ვალდებულება“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი