Home ახალი დამატებული „ამ ბავშვებს ვაჩუქე საკუთარი სახლი ჯუგაანში“

„ამ ბავშვებს ვაჩუქე საკუთარი სახლი ჯუგაანში“

20 second read
0
41
    მზია ჭაბაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტიის სოფელ ბოდბისხევიდან არის.  

მზია ჭაბაშვილი:
_ დავიბადე ზამთრის პირველი თვის, პირველ დღეს,პირველი თოვლით გაცისკროვნებულ დილას საქართველოს ერთერთ გამორჩეულ კუთხეში, კახეთში, კერძოდ, ქიზიყის ლამაზი სოფლის, ბოდბისხევის მყუდრო უბანში. სოფელს სამივე მხრიდან გადმოჰყურებს ცივგომბორის ულამაზეს მთები, მის კალთებზე კი აღმართულია მამა ნიკოლოზის, დედა მარიამის, ამაღლების, წმინდა კვირიკეს ეკლესიები.
განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ,რასაც დღევანდელი საქმიანობით ვამტკიცებ.

მამა მეტყევე ტექნიკოსი იყო, დედა – ფილოლოგი, რომელმაც მთელი ცხოვრება ილია ჭავჭავაძის იდეებით იცხოვრა და შვილებიც ასე გაგვზარდა: „და ყოველდღე შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე”.
წარმატებით დავამთავრე ბოდბისხევის საშუალო სკოლა, ჩემი სურათი მუდამ იყო ფრიადოსანთა დაფაზე. ჩართული ვიყავი სკოლის აქტიურ ცხოვრებაში, ვიყავი ჯერ კლასის, მერე სკოლის ოქტომბრელთა ხელმძღვანელი, ასევე კლასის და სკოლის კომკავშირის მდივანი, რისიც კი არ მრცხვენია და მეამაყება, რადგან სწორედ მაშინ ვისწავლე მუშაობა, მეგობრობა და საერთო საქმის კეთება, ვიყავი სკოლის გაზეთის რედაქტორი, რის გამოც ყველას ეგონა ჟურნალისტი გავხდებოდი, მაგრამ სკოლის საატესტატო ქართული გამოცდის თემამ „გმირთა სახეები კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოების ” დიდოსტატის მარჯვენის” მიხედვით ჩემი არჩევანი და მომავალი განსაზღვრა.

დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის განხრით. 28 წელი ვიმუშავე სასოფლო მშენებლობის სამინისტროში,18 წელი თვით სამინისტროში და 10 წელი ამავე სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში. განვვლე გზა უმცროსი ტექნიკოსიდან სამმართველოს მთავარ ინჟინრამდე. არაერთ დიდ მშენებლობაში მიმიძღვის წვლილი, რითაც ძალიან ვამაყობ. 46 წლის ასაკში მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში გავიარე რელიგიის ისტორიისა და კულტურის კურსი და მუშაობა დავიწყე ჯუგაანის საშუალო სკოლაში, მასწავლებლად. ასეთი დიდი დატვირთვით არასოდეს მიმუშავია საკუთარ თავზე, სკოლის ყველა გამოცდილ მასწავლებელს ვთხოვდი, მოეცათ უფლება მათ გაკვეთილებს დავსწრებოდი და თავადაც, როცა საშუალება ექნებოდათ _ ჩემს გაკვეთილებს დასწრებოდნენ. პარალელურად რჩევებს ვთხოვდი ჩემს მოძღვარს.


16 წელი ვიმუშავე სკოლაში, მაგრამ გაუქმდა რელიგიის ისტორიისა კულტურის სწავლება და კვლავ უმუშევარი დავრჩი. სამწუხაროდ, ამას მამის გარდაცვალება და ოჯახის დანგრევაც დაერთო. ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი, თუმცა მინდა გაგიმხილოთ, რომ მე ოჯახად არც ვთვლიდი, რადგან შვილი არ მყავდა და არც მომცეს უფლება სხვისი შვილის გაზრდის,მე კი პირადად უშვილო ოჯახს, ოჯახს ვერ ვუწოდებ,რამე თუ რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,მისი უპირველესი მოვალეობაა, ოჯახისა და ქვეყნისათვის ღირსეული შვილის გაზრდა. ეს ყველაზე დიდ ტკივილად მექცა ცხოვრებაში.
ცხოვრებამ ჩემი წილი სიხარული მეც მაჩუქა, მყავს უსაყვარლესი ძმის ოჯახი სამაყო შვილებით,უფროსი ქალიშვილი ნინო უნივერსიტეტის ლექტორია რუსული ენის სპეციალისტი, მომდევნო ლევანი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი და ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორია, მათი უმცროსი ძმა ბერლინში ამერიკის საელჩოს თანამშრომელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დანებება არ მჩვევია, გავწევრიანდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობდა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვაზე, ვიყავი მათი პრეს- ცენტრის ხელმძღვანელი და ამავე დროს ჟურნალ „რეს პრემიერის” სპეც. კორესპონდენტი კახეთის რეგიონში. მაგრამ ტრაგედია ცხოვრების თანმდევია და ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი, ჩემი დედიკო, რომლის გარეშეც ჩემთვის სამყარო დაცარიელდა, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი.
2012 -2014 წლებში ბოდბისხევის ტერიტორიული ერთეულში საზოგადოებასთან ურთიერთობას ვხელმძღვანელობდი, რის დროსაც აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ჩემს სოფელში არამედ რაიონის ყველა სოფელში უამრავ გაჭირვებულთან ერთად, უამრავი შშმ პირები ცხოვრობდნენ. შტატების შემცირების გამო წამოვედი ბოლო საჯარო სამსახურიდან, მაგრამ აქტიურ ცხოვრებას არ ჩამოვშორებულვარ, ვარ ჩემი რაიონის მრჩეველთა საბჭოს წევრი ბოდბისხევიდან. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები სამართლიანობისთვის „ წევრი და ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულის – “ ბოდბისხევის ქალთა სახლი“ს ხელმძღვანელი.


გასულ წელს დავაფუძნე აიპ” საქართველო და ინტეგრაცია,“ ვარ მისი გამგეობის თავჯდომარე, მის ბაზაზე დავაფუძნე 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი “ცისარტყელა” და ამ ბავშვებს ვაჩუქე საკუთარი სახლი ჯუგაანში.  დღემდე საკუთარი სახსრებით ვფუნქციონერებთ და რაც ყველაზე დიდი სტიმულია და საამაყოა ჩემთვის.ჩემი ყველაზე დიდი მიზანია ვიყო მაგალითი ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რადგან აქ დაწერილი და თუ არ დაუწერელი ჩემს მიერ გადატანილი მრავალი ტრაგედიისაა 68 წლის ასაკში კვლავ ფეხზე მყარად ვდგავარ და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ.
„ აკეთე სიკეთე,დაეხმარე სხვას და ნუ დაიმახსოვრებ რამდენჯერ და რამდენ ადამიანს დაეხმარე,სიკეთისა და მადლის ქმნა შენი სულის საკვებია.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *