Home ახალი დამატებული „ხავერდოვანი რევოლუცია დაწყებულია და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა ბრუნდება“

„ხავერდოვანი რევოლუცია დაწყებულია და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა ბრუნდება“

21 second read
0
44

ევროსასამართლოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში, მისი დახმარებით ხავერდოვანი რევოლუცია დაწყებულია და ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობას ბრუნდება. „ტაიმს ნიუსი“-ს ეს ინფორმაცია გავრცელებულ ინფორმაციებს შორის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ეს აზრი გაგვიჩინა. ამჯერად, ევროსასამართლოს მეშვეობით, ნაციონალების ხერხემალი, ვანო მერაბიშვილი დატოვებს ციხის კედლებს და პოლიტპატიმრის სტატუსით მოგვევლინება. ეს მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს აღიარებულ პოლიტპატიმრებს, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ციხეებში უკანონოდ ჩაყრილ და ნაწამებ ხალხს, სამართლოანობის აღდგენა არ ეღირსათ და ევროსასამართლოსაც არ შეუწუხებია თავი მათი საქმეების შესწავლითა და სიმართლის დადგენით. ეს ადამიანები ვერ გათავისუფლდნენ იმ ცრუ ბრალეულობებისაგან, რაც მათ ნაციონალებმა, ქართველი, მოსყიდული მოსამართლეების მეშვეობით წარუდგინეს და ციხის ჟურღმულებში ჯოჯოხეთი გამოატარეს. მათთვის სამართალი კვლავ თვალებახვეული დადის, სამაგიეროდ, როცა  საჭირო ხდება ნაციონალებისთვის, ევროპული თემიდა მყისიერად იხსნის თვალებზე შემოკრულ შავ ნაჭერს და მკვირცხლად გამოაქვს დადგენილებები, რომელიც ხალხის წისქვილს სულაც არ აპკურებს წყალს. ევროსასამართლო, რომელზეც წინათ, ქართველი ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა რატომ იქცევა ასე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა არაფერია დაფარული, რომელიც არ გამჟღავნდება. იმედია, მალე გაირკვევა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ევროპაში მოღვაწე მოსამართლეებს მართლაც კანონი ავალდებულებს, თუ ის ადამიანები, კანონზე მაღლა რომ დგანან.

ხოდა, ამ  ნაცების „ხერხემალ ვანოს“ ადვოკატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ვროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად აღიარება თურმე ნიშნავს ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას.  მისი განმარტებით, ეს არის მუხლი, რომელსაც ევროკონვენცია ყველაზე იშვიათად იყენებს და რომლის დარღვევად აღიარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს. კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი, იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მესამე პოლიტიკოსია, რომელთან მიმართებითაც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლი დარღვეულად მიიჩნია:

„ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკურ მოტივაციასა და მერაბიშვილის მიმართ ზეწოლაზე, ხოლო ხელისუფლებას აინტერესებდა არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ამოცანები ჰქონდა და ამ ამოცანების შესასრულებლად სწორედ პოლიტიკური მოტივაციით დააპატიმრა ვანო მერაბიშვილი. სწორედ ამიტომ მერაბიშვილის პატიმრობა მისი დაკავების პირველივე დღიდან არის პოლიტიკურად მოტივირებული და მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი“.

„გადამწყვეტი ფაქტორი იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამბავი დეკემბერში, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა. რატომ? იმიტომ რომ აქ, საქართველოში, არ წარიმართა ეფექტური გამოძიება და მაშინვე აშკარად ჩანდა, რომ არც პროკურატურას, არც სასჯელაღსრულებას არ სურდა ამ საქმის გამოძიება, არ გაასაჯაროეს ის ვიდეომასალა, რომელიც ძალიან მძიმედ არის შეფასებული და იმავეს ვამბობდით ჩვენც მაშინ. ასევე შიდა გამოძიება იყო ფორმალური და ბუნდოვანი და რეალურად არავის არაფერი გამოუძიებია. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო მხოლოდ ერთი მხრიდან მასალები და არაფერი – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

„მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით.

საბოლოო განაჩენი კი 3 დღეში დადგება, სადაც განხილული იქნება ვანო მერაბიშვილის საქმე. როგორც თავად მერაბიშვილი აცხადებს დიდი ალბათობით ის დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

გიხაროდეს ქართველო ერო! მალე, ვანოც დატოვებს ციხეს. შემდეგი კი ალბათ ახალაია იქნება. ხოდა, 2012 წელს დროშებით რომ დარბოდით, ნეტავ, რა გიხაროდათ?!

გვანცა სუხიშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *