Home ახალი დამატებული მიხეილ სააკაშვილი ისეთ მემუარებს დაწერს, 9 წლიანი რეჟიმი დაგავიწყდებათ

მიხეილ სააკაშვილი ისეთ მემუარებს დაწერს, 9 წლიანი რეჟიმი დაგავიწყდებათ

23 second read
0
18

ქართული პოლიტიკური ძალები ღია თამაშებზე გადავიდნენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მათ აღარ აქვთ ხალხის შიში. არ ფიქრობენ, რომ საზოგადოება შეიძლება გაერთიანდე და ერთ მშვენიერ დღეს, ყველა ერთად პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმროს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ხალხი უკვე კარგად არის დაბეჩავებული და პოლიტიკური განცხადებების აღქმის, წარსულის გახსენებისა და გაანალიზების უნარი დაკარგული აქვს. რაც უნდა იფიქრონ და თქვან, ეს ქვეყნის მმართველი ძალების მდგომარეობას საფრთხეს არ შეუქმნის და ა.შ. გიგი უგულავამ ციხე დატოვა თუ არა, მეორე დღესვე საკუთარი პარტიის ნგრევა დაიწყო და „გათენებამდე“ სტახანოვურად იმუშავა _ მრავალჯერ უღალატა საკუთარ ლიდერს. ისიც ცხადია, რომ უგულავა ვიღაცამ სწორედ ამის გასაკეთებლად გამოაგდო მოულოდნელად ციხიდან და ისიც ურცხვად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ზოგი ამბობს, სხვა გზა არ ჰქონდა, ციხეში გამოკეტილი კაცისთვის, რა დროს სინდის-სირცხვილზე ლაპარაკიაო?! ცხადია უგულავამ დაივიწყა, რა იყო საკუთარი პათოსის მიზანი ციხეში შესვლამდე და ახლა, იგივე პათოსით სხვა მიზნებს ემსახურება. ანუ, ჯამში მაინც მსახურია და არა შემოქმედი, მებრძოლი, როგორც ამას ცოტა ხნის წინ გვაჩვენებდა, ან რა ვიცი, თუნდაც პოლიტიკოსი. ის რაც მოხდა, ერთი მხრივ კარგია, რადგან ადრე თუ გვიან, ყველა თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს ხალხს და სიტუაციაც ლუსტრირებული გახდება, რაც ჟურნალისტებს და საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს განვლილი პოლიტიკური ქარტეხილების ანალიზს გაუადვილებს. უგულავას ქმედებას კი ანალიზიც აღარ სჭირდება, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი. აქ ყველაფერი თვალნათელი და გამჭვირვალეა.

ნაცმოძრაობის გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი შემართებით უდგას გვერდით უკრაინაში გადახვეწილ ყოფილ ლიდერს და რისი იმედი აქვთ, ამ ეტაპზე უცნობია. ბევრი ამბობს, რომ მათი ერთგულება დასაფასებელია, გამყიდველებს კი ისტორია გადააფასებსო. თუმცა, ამ ნათქვამს საქართველოს უახლეს ისტორიაში საფუძველი ნამდვილად მორყეული აქვს, რადგან ღალატისა და მოღალატეების ცნება საკმაოდ გაუფასურდა. არაერთხელ ვნახეთ ისიც, რომ ლიდერის ან “დიადი” მიზნის მოღალატეები ხელისუფლებებმა ხელისგულზე დაისვეს და ჯილდოები არ მოაკლეს. ასე, რომ ე.წ. ღალატი, საქართველოში, ბოლო დროს წახალისებულია და “ნაკურთხი”.

ვინ აღმოჩნდება შემდგომი მოღალატე ნაცმოძრაობაში, ამას უმოკლეს პერიოდში ვნახავთ. ამბობენ, რომ ციხეს მალე ვანო მერაბიშვილიც დატოვებს. ცნობისათვის, დავით კეზერაშვილს, რომელზეც “ოცნება” ოპოზიციაში ყოფნის დროს ამბობდა, რომ ქვეყანა გაძარცვა და “შეჭამა”, ქართულმა სასამართლომ ფრთები შეასხა. დღეს ის გამართლებულია და თავიც ქუდში აქვს. დიდი ალბათობით მერაბიშვილიც, ციხის დატოვებიდან რამდენიმე საათში მრავალჯერ უარყოფს სააკაშვილს, რის შემდეგაც ცოდვები მასაც მიეტევება და გასუფთავდება. მისი ყოფილი თანამებრძოლები უკვე აცხადებენ, რომ მისი სიტყვა არის გადამწყვეტი, რადგან ის ნაცმოძრაბის გენერალური შტაბის წევრი იყო.

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი პოლიტიკური ოპოზიცია, ან ვის მოემსახურება იგი? პასუხი ისეთი მარტივია, როგორც ეს არასდროს ყოფილა: რა თქმა უნდა, ხელისუფლების და არა ხალხის ინტერესებს. ხალხს რა ეშველება? _ არაფერი. მთავარია, რომ ასეთი პოლიტიკით მათ არ მოაკლდებათ სანახაობა. პურს როგორმე იშოვიან და მეტი არაფერი უნდათ. ის რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამაზე მიუთითებს.

სად იქნება და რას გააკეთებს სააკაშვილი?- ერთ-ერთი ვერსიით, ისიც ამ “ხალხის მოტყუების” თამაშშია ჩართული და პოლიტიკურად ხელმოცარული და დაჩიავებული რომ არ გამოჩნდეს, გარკვეულ სვლებს აკეთებს “ჭადრაკის დაფაზე”. ხალხს თავს არ ავიწყებს და მისი გვარ-სახელი მართლაც საქართველოში კვლავ აქტუალურია. პრინციპი _ „რა იცი რა ხდება“ კი ცხადია, არა მარტო სააკაშვილს აწყობს, ამით “მარიონეტების თეატრის დირექტორიც” რჩება მოგებული და “ხელი ხელს ბანს” პრინციპით გამოჰყავს იგი სცენაზე. რეალურად, სააკაშვილის პოლიტიკური პერსონა დიდი ხანია საქართველოში “დასრულდა”. ერთი პერიოდი მას “ბუას” პრინციპითაც იყენებდნენ, ახლა კი ნაღალატევის მანტია მოარგეს და საცოდავ ადამიანად მოუვლინეს ერს. დაჩაგრულებს და თვითგამორკვეულებს რომ სრულიად საქართველო წყალობს, ესეც არაერთხელ ნაცადი და აპრობირებულია. რა იცით, იქნებ ოდესმე გმირის მანტიაც კი შემოეხვიოს მას ამ ყველაფერის გამო და აღტკინებულმა ისეთი მემუარები დაგვიწეროს, ტირილით დაგვწყვიტოს და 9 წლიანი რეჟიმის ხანა დაგვავიწყოს. არასოდეს თქვა არასოდესო და მეც არ ვამბობ ამას. არც თქვენ თქვათ, რა იცით, რა ხდება?

“ევრონიუსი”-ს რედაქტორი

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *