ბელკა ყველას კარგად ახსოვს, მეამბოხე სულის ქართული ქოფაკი. მეამბოხეა იმიტომ, რომ თავშესაფრის ვოლიერიდან მოახერხა გაქცევა და პატრონს მიაკითხა. სამწუხაროდ, პატრონმა ისევ ჩვენთან დააბრუნა, რამაც დეპრესიაში ჩააგდო ქოფაკი. ვეტერინარული ჰოსპიტალის, ,,ვეტ ჰაუსის“, ადმინისტრაციამ გამოთქვა მასზე მზრუნველობის სურვილი, ერთ თვეზე მეტი იცხოვრა იქ ბელკამ, მაგრამ ოთხი დღის წინ იქედანაც გაიქცა. ცოტა რთული წარმოსადგენი იქნება თქვენთვის, როგორ მოახერხა ბელკამ იზოლირებული ეზოდან გაქცევა. ეზოს აქვს საავტომობილო შესასვლელი. ხელოსნები სამშენებლო მასალებს ეზიდებოდნენ ეზოში, როცა ბელკამ გარეთ გასვლა მოახერხა.

იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ბელკა ერთხანს ჩაფიქრებული იდგა შენობის წინ, როგორც ჩანს, გულს ეთანაღრებოდა და ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო. პატრონის სიყვარული ღრმად ჩაებეჭდა გულში და ვერანაირმა მზრუნველობამ ვერ გადაწონა. თითქოს კარგად გრძნობდა თავს, თითქოს შეიყვარა ჰოსპიტალის ყველა თანამშრომელი და მიეჩვია მათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე არ ყოფილა საქმე. მაინც თავისი პატრონი ამჯობინა ყველას. მან მოახერხა გაქცევა. მეოთხე დღეა ის გზაშია. არაფერი ვიცით, სად არის, როგორ არის, რა უჭირს… ალბათ, პატრონზე ფიქრებში გართული მშობლიური სახლის გზას მიუყვება.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი