Home ახალი დამატებული „6 თვე რეანიმაციის წინ ფეხმოუცვლელად ვიდექი და ფარ-ხმალი არ დამიყრია„

„6 თვე რეანიმაციის წინ ფეხმოუცვლელად ვიდექი და ფარ-ხმალი არ დამიყრია„

24 second read
0
73

43 წლის ნანა  ნანობაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში ცხოვრობს. მან თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო: 

_ ქიზიყში  ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე. დედა განსაკუთრებული წესრიგით მზრდიდა – საოჯახო საქმეებიც უნდა მეკეთებინა და სკოლაში, წარმატებული მოსწავლეც უნდა ვყოფილიყავი, რასაც დიდი ძალისხმევის ხარჯზე,მაგრამ მაინც ვახერხებდი. 13 წლის ასაკში დავწერე პირველი ლექსი. მახსოვს, მაშინ სკოლაში კედლის გაზეთი არსებობდა და ძალიან გამიხარდა, როცა  ჩემი  სტრიქონები  იქ განთავსდა.

ასაკის მატებასთან ერთად ჩემი პოეზიაც განვითარდა. ვწერ ყველა თემაზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემს შემოქმედებაში უფრო ჭარბად არის პატრიოტიზმი. მიზიდავს ქართული ტრადიციები და თითოეულ მათგანზე მინდა ლექსი მქონდეს დაწერილი. თუმცა მთავარი მაინც ისაა,რომ რაღაცამ აღტაცება გამოიწვიოს ჩემში, მუხტი მოვიდეს…

პოეზია ჩემს ცხოვრებაში უმთავრესია, რომელიც ძალიან მაბედნიერებს, მიყვარს და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელოვნებით აღტაცება შეუძლია. მიმაჩნია, ყველა წინააღმდეგობა და განსაცდელი ცხოვრების გზაზე არ წარმოადგენს შემთხვევითობას. ცხოვრებასთან ბრძოლა ახალ უნარებს, ცოდნას, გამოცდილებას, რთული ამოცანების ამოხსნის ჩვევას გვაძლევს.

24 წლის ასაკში უდიდესი პრობლემის პირისპირ აღმოვჩნდი. ეს იყო ერთადერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული უბედურება, როცა ყოფნა -არყოფნის საკითხი წყდებოდა. 6 თვე რეანიმაციის წინ ფეხმოუცვლელად ვიდექი და ფარ-ხმალი არ დამიყრია. ყველა ძალისხმევა იქით მივმართე, რომ ეს პრობლემა  გადამელახა. რეანიმაციის წინ მარტო ღმერთისა და ძმის იმედად ვიდექი. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მე და ჩემი შვილი სავადმყოფოში  დაგვტოვა იმ მიზეზით, რომ რუსეთში  მანქანა ჰქონდა დატოვებული, გაყიდდა და ბავშვის სამკურნალოდ დაბრუნდებოდა, მაგრამ წავიდა და 5 წელი არც უკითხავს, ჩვენი შვილი ცოცხალი იყო  თუ არა. მადლობა ღმერთს, რომ  ჩემი 22 წლის ნიკა ცოცხალია. როცა ნიკას მამა დაბრუნდა, ჩემთან შემორიგების სურვილი გაუჩნდა. ორი წელი ვაკვირდებოდი მის ცხოვრებას და მიუხედავად ყველაფრისა, შვილის თხოვნით შევურიგდი. შევურიგდი, მაგრამ ვერ შევცვალე და საბოლოოდ მივხვდი, რომ უფსკრულის პირას ვიდექი და მის გვერდით ყოფნა, ნიშნავდა მასთან ერთად ჩემს ჭაობში ჩავარდნას. ამიტომ, საბოლოოდ დავუსვი წერტილი ჩვენს თანაცხოვრებას. ნიკას მამის ახლობლებთან კვლავ თბილი ურთიერთობა მაქვს, პატივს ვცემ ყველას, ვისაც ჩემი შვილი ახსოვს და ჩვენთან ურთიერთობა სურს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ სურვილი გამიჩნდა და ვოცნებობდი საკუთარი ჭერი მქონოდა. ამას ისე განვიცდიდი, რომ დეპრესიაში მყოფმა ლექსი დავწერე:

„ნუთუ  ასე დავამძიმე დედამიწა,

ნუთუ ღმერთსაც მოვაწყინე თავი,

არ იქნა და ერთი ნატვრა არ ამიხდა,

არ მეღირსა საკუთარი ჭერი.

მე არ მინდა ქვეყნად ვინმეს შევებრალო,

ვინმემ სევდით გამაყოლოს თვალი

ნუთუ ასე დავამძიმე დედამიწა,

ნუთუ  ღმერთსაც მოვაწყინე თავი.“

ღმერთმა ისმინა ჩემი სურვილი და ჩემმა მშობლებმა ჩემთვის, მეზობლად იყიდეს პატარა სახლი და მამაჩემის კლასელმა, რომელსაც მთელი ბავშვობა მამიდას ვეძახდი, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, სახლი, ვენახი და სახნავ-სათესი მინდორიც გარდაცვალების შემდეგ მე  დამიტოვა: „შენზე ძვირფასი არავინ მყავსო, ამბობდა და თავისი სურვილით, მისი კანონმემკვიდრე გავხდი. მამიდა სამი წლის წინ გარდაიცვალა.

განსაცდელში ყოფლის დროს ახლობლების დიდი თანადგომა მივიღე. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი და მიზნად დავისახე, ყველასათვის სიკეთით ვალის გადახდა. ყოველი დილის გათენება იწყება იმაზე ფიქრით, თუ რისი გაკეთება შემიძლია დღეს. ვნატრობ, ყველასათვის საჭირო ვიყო. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში არსებობს ორი არჩევანი: ან შეეგუო არსებულ პირობებს, ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა. ცხოვრებასთან ჭიდილში ერთ ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი, თუ გაქვთ მიზანი და ამისათვის ბევრს იშრომებ, აუცილებლად გამოჩნდება მისი შესრულების გზა.

მართალია ძნელად, მაგრამ დასახულ მიზანს მე მაინც ვაღწევ, რაც ჩემთვის ნამდვილად ცხოვრების საღირალია. იოლად მიღწეულს ალბათ ეს ფასი არ ექნებოდა. მე არ ვარ თვითკმაყოფილი მიღწეული საქმის და მიმაჩნია, რომ დღეს გაკეთებული საქმე არის საწინდარი იმის, რომ ხვალ იგივე საქმის უკეთესად შესრულებას შევძლებ. ამიტომ პესიმისტების კითხვებს: რა გაწუხებს? რა გრჯის? რისთვის ან ვისთვის? შემიძლია ვუპასუხო: მე ის მრჯის და მაწუხებს, რაც ჩემს ქვეყანას, სოფელსა და ხალხს აწუხებს.

პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ქ. წნორის სკოლა-გიმნაზიაში ვასწავლიდი ისტორიას. ვარ აქტიური მოქალაქე (ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნია, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე). 2014 წ. 21 დეკემბერს საჯარო მოხელის ტესტირება წარმატებით გავიარე. დიდი იმედი მქონდა, რომ უეჭველად დავსაქმდებოდი, თუმცა ჩემმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო მხოლოდ და მხოლოდ ნეპოტიზმის გამო. ამის შემდეგ ვაქირის საინიციატივო ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, რომელიც მონაწილეობდა ,,სამოქალაქო ინიციატივისა” და ფონდი ,,ტასოს” მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში განაცხადით: ,,სოფლის პრობლემის აღმოფხვრა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია.” ჩვენი პროექტი დაფინანსდა. თუმცა გრანტით მოპოვებული თანხა პრობლემის გადაჭრისათვის საკმარისი არ იყო, ამიტომ თანადაფინანსებისათვის მივმართე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ჩვენი პროექტი სოფლისათვის სასიკეთო შედეგით დამთავრდა და ვაქირელებს გვაქვს თვითმობილიზებით საქმის კეთების გამოცდილება. ხალხს ჩემს მიმართ მადლიერება და ნდობა გაუჩნდა. ქუჩაში გამოსულს, ასაკიანი კაცები სოფლის სხვადასხვა პრობლემებზე მესაუბრებოდნენ. მივხვდი, რომ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ საინიციატივო ჯგუფში აქტიური ქალბატონებიც დავიმატე.


ა/ო ,,ქალები სამართლიანობისათვის” სტრუქტურული ერთეული ,,ქალთა სახლი” 14 აპრილს ქალთა უფლებების დაცვის, მათი სოციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაფუძნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაქირში . „ქალთა სახლი“, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ახორციელებს ქალთა უფლებების დაცვის მონიტორინგს სოფლის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გზით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობით შევძლებთ სარგებელი მოვუტანოთ სოფელს. ვაქირში ,,ქალები სამართლიანობისთვის” სტრუქტურული ერთეულის “ქალთა სახლის” დაფუძნებით, გაჩნდა ინიციატივა განვითარებისათვის . ჩემი ერთადერთი მთავარი დანიშნულება ადამიანების თანადგომა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარებაა. უკვე ბევრმა ადამიანმა მოგვმართა პრობლემების განსაზღვრისა და დახმარების მიზნით. ამის შემდეგ მივხვდით, რომ გვჭირდება შეკრების ადგილი, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, მოგვმართოს, გვესაუბროს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს მივმართე ოთახის უზურფრუქტით (უფასო სარგებლობის ) უფლებით გადმოცემის თხოვნით. ოთახი გადმოგვცეს. დღის წესრიგში დაგვიდგა ოთახის  გარემონტების პრობლემა, რომელიც ფონდი ,,ტასოს“ მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსზე პროექტით – ,, სამუშაო სივრცის მოწყობა“ და ჩემი ოჯახის მხარდაჭერით ოთახი გავარემონტეთ. გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ,,სამუშაო სივრცის 2 წლით სარგებლობის უფლებით გადმოცემის შესახებ“..
გაკეთებული საქმეების შემდეგ სოფელში ჩემი საზოგადოებრივი ფუნქცია უკეთ დავინახე.
ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, მოსწონთ კეთილი საქმეების კეთება და მიაჩნიათ, რომ როგორც ქალი, ემოციურად, სუფთა ხელებით და გულთან ახლო მიტანით ვასრულებ საშრომს. უბანს უხარია, რომ სოფლის სასიკეთო საქმეებით ვარ დაკავებული. თვითმართველობამ კი იცის, რომ სოფ. ვაქირში ცხოვრობს ქალი, რომელსაც სოფლის პრობლემები აღელვებს. აქტიურიბის კუთხით ყველაზე კრიტიკული პერიოდი მქონდა ,, ადგილობრივი მნიშვნელობის მინდვრის გზების რეაბილიტაციის“ პროექტის დროს. პროექტის დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და გამგეობა არკვევდა თანადაფინანსების საკითხებს. ძალიან ვინერვიულე, რადგან თანხის განკარგვის დრო იწურებოდა, თუმცა ყველაფერი შევძელით და პროექტი სასურველი შედეგით დასრულდა.
ვაქირის ,,ქალთა სახლი” შეუერთდა წინასაახალწლო სადღესასწაულო აქციას -,,სიბერის სიხარული”და სოფელში მცხოვრებ მოხუცებს სიხარულიანი დღე ვაჩუქეთ. სახლში ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს და მცირე სასაჩუქრე პაკეტი გადავეცით. აქცია ემსახურებოდა სოციალურად დაუცველი მოხუცების საახალწლო განწყობის შექმნას.

.

პირობითი ზღვარი რომ გავავლო, ზოგადად, ახალი წელი კარგი საშუალებაა “ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად”, ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, ახალი წლის დღეებში მოხუცებს ცუდზე ნაკლები ეფიქრათ. ჩვენი ყურადღებითა და სითბოთი ვაგრძნობინეთ, რომ პატივს ვცემთ სიბერეს და გვახსოვს ისინი. აქციის მთავარი გზავნილი იყო: გაიღიმეთ, სიბერე მშვენიერია! ჩვენც დავბერდებით!

მიმაჩნია, რომ წარმატებისკენ მისწრაფების ხარისხი უფრო მაღალი სწორედ მაშინაა, როდესაც იმას ვაკეთებ, რისი კეთებაც მომწონს.  ჩემს ცხოვრებას მართავს უდიდესი ოპტიმიზმი, მე მჯერა უკეთესი მომავლის, მსურს მეტად გააქტიურება, როგორც საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გზით. მინდა, ჩემი სოფლის ხმას ყველგან წარმოვადგენდე, რომ ჩემი წვლილი შევიტანო სოფლისა და ხალხის წინსვლის საქმეში. აი, ამ ყველაფრისაგან  შედგება ჩემთვის მომავალი წარმატება!

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *