ქართულ-ებრაული

„პატარა საქართველო“ ისრაელში – ინტერვიუ ქ. აშდოდის ვიცე მერთან, მოშე ბოთერაშვილთან (ექსკლუზივი)

     ჩვენი რუბრიკისთვის – „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“ –  კონცეპტუალური პრიორიტეტი გახლავთ მოგითხროთ იმ ადამიანების შესახებ,  რომელთათვისაც  ორივე ქვეყანა „სამშობლოა“ –  ისრაელიც და საქართველოც. ისინი თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან, მაგრამ არ ივიწყებენ პირველ აკვანს და როგორც შეუძლიათ ისე დგანად ორი ერის  კულტურათაშორის დიალოგის „საყრდენ ხიდებად“, რათა ქართულ-ებრაული ურთიერთობა კვლავ ღირსეულად გაგრძელდეს და თვისობრივად განახლებულ საფეხურზე ავიდეს, ჰოდა განვაგრძობთ…

 

ამჯერად ჩვენი სტუმარია ბატონი მოშე ბოთერაშვილი, ქალაქ აშდოდის ვიცე მერი, ამავე ქალაქის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ავტორი და მოამაგე, ადამიანი, რომელიც ლამის ორი ათეული წელია წარმატებით მოღვაწეობს ისრაელის პოლიტიკაში და ამასთანავე,  თვალთახედვით არასოდეს განშორებია ქართულ მიწა-წყალს, თავის პირველ სამშობლოს და მთელს მის ღვაწლს ლაიტმოტივად გასდევს „ქართული სული“.

ცოტა ხნის წინ ბატონი მოშე ერთკვირიანი საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს, არაერთი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, გამგზავრების წინა დღეს, დასკვნითი საღამო გაიმართა დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმში. „მეგობრობის საღამოდ“ წოდებული ღონისძიება მუზეუმისა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია – “ესთას” (პრეზიდენტი ქ-ნი ევა ბაბალაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა. ბატონ მოშესა და მის მეუღლესთან, ქ-ნ მაიასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი შაბთაი ცური; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ გიორგაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი; საქართველოს საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი – დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ბ-ნი როინ მეტრეველი; ქ. თბილისის ყოფილი მერი, ბ-ნი დავით ნარმანია, ქართული და ებრაული შემოქმედებითი, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ძალიან თბილი, ამავდროულად საქმიანი და შემოქმედებითი საღამო იყო –  ჩვეულებისამებრ კარგად დაგეგმილი  მასპინძლების მიერ. დარბაზში ქართული  სცენისა და ესტრადის ცნობილი სახეები მრავლად შევნიშნე, რომლებიც როგორც მერე აღმოჩნდა, ბატონ მოშესთან შესახვედრად მოსულან და  გაულამაზეს კიდეც საღამო თავიანთი ლამაზი მუსიკალური ნომრებით.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტური ფილმი მოშე ბოთერაშვილის მრავალწლიანი და მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ.

ბატონი მოშე იმ საღამოს პირადად  გავიცანი, დიალოგში ფრიად საინტერესო თემებს შევეხეთ, თუმცა – არასრულად.  ამიტომ, საუბრის გასაგრძელებლად შეხვედრა მეორე დღეს დავთქვით და მას გამგზავრების წინ რამდენიმე ჩვენთვის აქტუალური შეკითხვით მივმართეთ.

 

  _ ბატონო მოშე, თქვენ იმ ქალაქის ვიცე მერი ბრძანდებით, სადაც საქართველოდან ასული ებრაული თემი რიცხობრივად ყველაზე მეტია. ამიტომ შეიძლება ითქვას, პირდაპიდ ქართულ-ებრაული ურთიერთობის მაჯისცემაზე გიდევთ ხელი, ორიოდ სიტყვით გვიამბეთ ამ საკითხზე

_ აშდოდი ქართული კულტურის ძლიერი ეპიცენტრია. მისგან ბევრი რამ იღებს სათავეს, რასაც „ქართული“ ქვია.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქალაქი საქართველოს  პატარა დედაქალაქია ისრაელში –  პატარა საქართველო. 4 წელიწადია ვარ ქალაქის ვიცე მერი, მანამდე, 3 მოწვევა –  15 წელი გახლდით ქალაქის საბჭოში სპორტის სამსახურის უფროსი, გამწვანების, შემდეგ კი – კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, როგორც იტყვიან 5 თითივით ვიცი ქალაქი აშდოდიც და მისი მოსახლეობაც, მათი ინტერესები, ტკივილი და სიხარული. ამიტომ, სულ ვცდილობდი მეკეთებინა ის, რაც ჩემს ხალხს სურდა.

ბრძენ კაცს უთქვამს: ვისაც წარსული დაავიწყდება, იმას მომავალი არ აქვსო. 26 საუკუნის მანძილზე ქართული კულტურა ჩვენი განუყრელი ნაწილი გახდა, აღთქმულ მიწაზე ასვლისას ქართულმა თემმა ძვალ-რბილში გამჯდარი ქართული ფენომენი ისრაელში წავიღეთ. მე ბავშვი წავედი აქედან, საქართველო რომ დავივიწყო, ბავშვობაზე უნდა ვთქვა უარი.  ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ საიდან წამოვედით, ვინ ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით, ჩვენ და ჩვენი შორეული წინაპრები –  თორემ, ყოველივე დავიწყებას მიეცემა.  თუ ასე  მოხდა, ისრაელში 30 წლის მერე აღარავინ დარჩება, ვისაც ქართული წერა იცოდინება და ქართულ საუბარს გაიგებს, ეს ჩემი სერიოზული საზრუნავია და ამის გამო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ – მე და ჩემი თანამოაზრეები. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორც შეიძლება ისე შევინარჩუნოთ ჩვენი ენა. მე, როგორც ებრაელი კაცი, ბედნიერი ვარ, რომ  ავედი ისრაელში, ჩემს აღთქმულ სამშობლოში და მთელი ჩემი რესურსით მას ვემსახურები, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ დავივიწყო საქართველო – მიწა, სადაც არის ჩემი მამის და წინაპრების საფლავები, შენახული ისევე წმინდად, როგორც დავტოვეთ.

  _ ბატონო მოშე, წარმოშობით კულაშიდან ბრძანდებით, ისრაელში ასვლიდან, მხოლოდ 17 წლის წლის შემდეგ შესძელით მშობლიურ კუთხეში დაბრუნება, უამბეთ მკითველს ამის შესახებ…

_ მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტურ ფილმში თქვენ ნახეთ ნამდვილი კადრები, როდესაც კულაშში ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჩავედი – საუბარი ვერ შევძელი, ემოციებისგან ვიტირე, ჩემს კუთხე-კუნჭულს, ეზო-ყურეს რომ შეხვედე, ცრემლები ვერ შევიკავე. ასეა, როდესაც ძალიან გენატრება, შეხვედრას ნოსტალგიის ძლიერი გრძნობა ახლავს.

1972 წელს ავედით ისრაელში, პირველად საქართველოში 1989 წელს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი ეფრაიმ გურთან ერთად, რომელიც რამდენიმე  პირისგან შედგებოდა. თითქმის ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასული ებრაელი იყო. სხვათა შორის, თავად ეფრაიმ გურიც წარმოშობით კულაშელი ებრაელი გახლდათ. შეხვედრებისა და ქვეყნისათვის საჭირო საქმის პარალელურად ყველა ცდილობდა მშობლიური ადგილი დროულად მოენახულებინა – შემიძლია ვთქვა, რომ სული მელეოდა, როდის ჩავიდოდი ჩემს კულაშში. რა განცდა მქონდა? ძნელია მოგიყვეთ პირველი ემოცია. როდესაც ჩემი კუთხე და  ეზო დავინახე, თითქოს არც არსად წავსულვარ, ეგ იყო მხოლოდ, რომ გაცილებით პატარა მეჩვენა, ვიდრე დავტოვე. განუმეორებლად ძვირფასია ადგილი, სადაც გავიზარდე, ფეხი ავიდგი, სკოლის მეგობრები მყავდა, მას „ჩემი ბავშვობა“ ერქვა და ქვეყანას მერჩია იქ განავარდება.

მოგეხსენებათ, ბავშვობის მეგობარს ჩვენთვის, ქართველებისთვის სხვა ფასი აქვს, ვერავინ ვერ შეცვლის სიყრმის ამხანაგს, ერთი სული მქონდა მომეძებნა ისინი, მომეკითხა, გამომეკითხა ყველა ამბავი, რაც ჩემი წასვლის მერე მოხდა.  რაც აქედან  წავედი, ვეძებდი მეგობრებს, ბევრს მივაკვლიე, ბევრს – ვერა. სიმართლე გითრათ, ძებნა ახლაც არ შემიწყვეტია.

ბავშვი წავედი საქართველოდან, მერე იყო დიდი ჩაკეტილობის ხანა, არც კი ვიცოდით, როდესმე თუ ჩამოვიდოდით აქეთ. სულ მახსოვდა ჩემი მეგობრები, სულ ვცდილობდი მათთან შეხების წერტილების ძიებას. ერთი ასეთი საყვარელი ამხანაგი მყავდა რევაზ კანდელაკი, კარგა ხანს ვეძებე, კასპში მივაგენი –  პირველი შეხვედრის აღწერა გამიჭირდება, იმდენად ემოციური იყო. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ ყოველი შეხვედრა მონატრებით და მოფერებითაა სავსე და ცალკე საუბრის თემაა.

კულაში ებრაელებით მჭიდროდ იყო დასახლებული,  ამიტომ მას „პატარა იერუსალიმსაც“ უწოდებდნენ. თუ არ ვცდები, იმ ხანისათვის 6200 მოსახლე იყო, ჩვენი წასვლის მერე, ფაქტობრივად იქაურობა დაიცალა, ქართველი ოჯახები კი სხვადასხვა მიმართულებით გადასახლდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე,  ჩემი კლასელებიც უპირატესად ებრაელები გახლდნენ. წელს ყველას საიუბილეო წელი გვაქვს – 60 წლისანი ვხდებით. ახლა თქვენი რუბრიკისთვისნექსკლუზიურად ერთ ამბავს გეტყვით:  აპრილის თვეში დაგეგმილი მაქვს ისრაელიდან ჩამოვიყვანო ჩემი სკოლის ამხანაგები  და მშობლიურ კულაშში ორგანიზება გავუკეთოთ – „შეხვედრას ბავშვობასთან“,  ამაზე დიდ სიხარულს  ჩვენ ვერსად ვერ ვაჩუქებთ ერთმანეთს. ჩვენს ბავშვობას მხოლოდ ჩვენს საქართველოში, ჩვენს კულაშში შეგვიძლია შევხვდეთ და მოვეფეროთ.

 _ ბატონო მოშე, რამდენადაც ვიცი, თქვენის მხარდაჭერით, მალე საფუძველი ჩაეყრება „კულაშობის“ აღნიშვნის ტრადიციას, გვიამბეთ ორიოდ სიტყვით ამის შესახებ.

_ კარგა ხანია გვაქვს იდეა, დავაფუძნოთ ჩვენი პირველი მშობლიური კუთხის დღეობა – კულაშობა. ამაზე ერთობლივად ვმუშაობთ კულაშის ადგილობრივ ხელისუფლებას,  მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ადგილობრივ შესაბამის უწყებებთან.  უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ „კულაშობას“  აუცილებლად დავაარსებთ – როგორც ლამაზ ტრადიციას. ეს  გასულ წელს ვერ  განვახორციელეთ, წელს კი უსათუოდ შევასხამთ იდეას ხორცს.

  _ ბატონო მოშე, როგორც ვიცი, თქვენი ძალისხმევითა და თაოსნობით, აშდოდში  მოქმედებს ქართული კულტურის ცენტრი, აკვანი ყოველივე  ქართულისა და  სივრცე  უამრავი ლამაზი ღონისძიებისა, გვიამბეთ ამ ცენტრის დაარსების ისტორია:

_ ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრის დაფუძნება დიდი ხნის წინ მქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, წლები დამჭირდა იდეის განსახორციელებლად. ეს დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავია – ამ იდეაში ერთად ვიყავით, ბატონი აბრამ ნანიკაშვილი – ბიზნესმენი, კუსო მირილაშვილი – ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი და სხვები.  თავიდან ცენტრის აშენება გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბიუროკრატიული და ფინანსური სირთულეების გამო, ახალი შენობის აგება არ გამოგვივიდა.  2  წელი ამაოდ ვცდილობდით, მერე იყო  ახალი არჩევნები,  ჩვენი ქალაქის მერად  დოქტორი იხიელ ლასრი აირჩიეს.  მივედი ჩემი მოსაზერებებითა და პროექტით, შევხვდი  გენერალური მდივანს ბატონ  იგალ მიზრახს, მან ყურადღებით მომისმინა და შემომთავაზა, რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუკი არჩევანს იქვე, აშდოდში არსებულ  ძველი დანგრეულ შენობაზე შევაჩერებდით და ამ ფორმატის თხოვნით მივმართავდით ქალაქის ახალ მერს. მართლაც, ეს იყო  შენობა, ექსპლუატაციისთვის უვარგისი,  მაგრამ  საკმაოდ მოზრდილი ფართით. მივხვდი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი გახლდათ.  მართლაც,  ქალაქის მერი ამ წინადადებაზე დამეთანხმა და საჭირო თანხებიც გამოყო. 2-3 წელი სერიოზული შრომა დაგვჭირდა, აგურ-აგურ, ერთმანეთის გვერდში დგომით ავაშენეთ ის, რაც დღეს გვაქვს – აშდოდის ქართული კულტურის ცენტრი – რითაც ახლა თავს იწონებს, არა მხოლოდ ჩვენი ქალაქი, რითაც ამაყი გახლავართ მეც და მთელი ჩვენი თემიც.

ყველაფერი გვაქვს, ჩვენი რესურსისა და  შესაძლებლობის ფარგლებში – ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიჭიერი და პერსპექტიული ქორეოგრაფი,  თამაზ ციციაშვილი. ჩვენი თემის საამაყოდ მინდა მოგახსენოთ, რომ ანსამბლმა უკვე მოიპოვა 4 გრანპრი ევროპაში და კიდევ მრავალი წარმატების მოლოდინში ვართ. თამაზს გამოვუყავით დიდი საცეკვაო დარბაზი და სიამოვნებით ვუყურებ, როდესაც მის ანსამბლში მოჰყავთ პატარები არა მხოლოდ ჩვენი თემიდან, მასთან ქართულ  ცეკვას სწავლობენ სხვა ქვეყნებიდან ამოსულ ოჯახებში გაზრდილი ებრაელი ბავშვებიც და დამერწმუნეთ,  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გასტროლებზე ჩვენებურ ულამაზეს ცეკვას ისინი არანაკლები ოსტატობით წარმოაჩენენ.  ისრაელში უკვე ის თაობა წამოვიდა, რომლების მშობლებიც იქ არიან დაბადებულები და ნაკლებად იცნობენ ქართულ ფენომენს, ქართულ ნაპერწკალს ცეკვასა და სიმღერაში, მაგალითად ჩემი შვილიც ისრაელშია დაბადებული და შვილიშვილიც, მაგრამ ისინი სიამოვნებით ეზიარნენ ქართულ ქორეოგრაფიას. როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდით, ოპონენტები მეუბნებოდნენ, ვინ იცეკვებსო ქართულს, არ გაამართლებსო, ჰოდა ახლა მათ ვპასუხობ: დიახ ბატონებო, ცეკვავენ და ეხლაც აგრძელებენ ქართული ულამაზესი ცეკვის შესწავლას ისეთივე ენთუზიაზმითა და სიყვარულით.

ცენტრის არსებობის პირველივე დღეებიდან გვაქვს  ქართული თეატრი,  რომელსაც სათავეში ედგა ბატონი ზური ბოთერაშვილი,  ნიჭიერი ადამიანი, დიდი მოამაგე ქართული სიტყვისა. უკვე წელი გახდა, რაც იგი გარდაიცვალა. საწყენი და მტკივნეულია ასეთი დიდი მოღვაწის დაკარგვა. სამწუხაროა, რომ ადამიანები სწორედ მაშინ  გრძნობენ კაცის ფასს, როცა ის აღარ არის. სწორედ ამ დღეებში შესრულდა წელიწადი ზური ბოთერაშვილის გარდაცვალებიდან და ვწუხვარ, რომ ამ დროს მე მისი ოჯახის გვერდით არ ვიყავი.  მინდა, რომ ისევ გავაგრძელოთ  მისი დაწყებული საქმე – ცხოვრება გრძელდება.

ქართული კულტურის ცენტრში გვაქვს ქართული ბიბლიოთეკა – საკმაოდ მდიდარი წიგნადი არსენალით, ადამიანებმა სახლიდან მოიტანეს საქართველოდან წამოღებული წიგნები. ვიდრე იქნებიან ისეთები, როგორიც მაგალითად, ქალბატონი ნანა შაბათაშვილი-დავარია და სხვანი, მანამდის ქართულ იდეას და სიტყვას ქომაგი არ გამოელევა – უნდა ვივარგოთ, არ უნდა შევასუსტოთ ეს მუხტი, მე კი ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც ხელმეწიფება.

ჩვენი ცენტრი არამხოლოდ ქართული კულტურის სამსახურშია, ჩვენ ებრაულ კულტურას ვემსახურებით პირველ რიგში, მე მხოლოდ ქართულის შესახებ გიამბეთ, დანარჩენი რომ გვესტუმრებით, თქვენი თვალით იხილავთ.

     _ სამ ათეულ წელზე მეტია ყოველწლიურად  აშდოდში აღინიშნება „ქართველ ებრაელთა დღეები“,  გვიამბეთ როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი და რა ვითარებაა დღეს?

_ 1984 წელს  ქ. აშდოდის მერის მოვალეობას ცნობილი პოლიტიკოსი, ეფრაიმ გური (გურიელაშვილი) ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი  “ქართველ ებრაელთა დღის”, ანუ  “იომ იადუთ გრუზიას“ აღნიშვნას ჩვენს ქალაქში. მე მაშინ თანამოაზრეებთან ერთად გვერდში ვედექი. დრო გავიდა და ახლა, როდესაც მე და ჩემი გუნდის წევრები ქალაქის მმართველობის სათავეში ვართ, ქალაქის მერის – ბატონ იხიელ ლასრის თაოსნობით,   ამ ლამაზ ღონისძიებას თავიდან შთავბერეთ სული. ოქტომბრის თვეში, „სუქოთის“ სადღესასწაულო დღეებში, ყოველ წელიწადს საქართველოდან ჩამოგვყავს ხელოვნების დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები, იმართება კონცერტები, შეხვედრები. მარტო 2017 წელს ერთობლივი  ღონისძიების ორგანიზებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით 115 ადამიანი ჩამოვიყვანეთ საქართველოდან. ხალხის სიმრავლის გამო, ადრე ფეხბურთის სტადიონზე ეწყობოდა კონცერტები,  ახლაც არ ვუჩივით სიხალვათეს,  მთელი კულტურის ცენტრი გადაჭედილია ხოლმე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არის საქართველოში მომღერალი, რომელიც  მიწვეული არ მყოლია მაღალ  დონეზე და მათი (მხოლოდ ნაწილის) კეთილგანწყობა  გუშინდელ შეხვედრაზე თქვენ თავად იხილეთ.

ჩვენს ქალაქში ასევე აქტუალურია სპორტის საკითხი, სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში  ეწყობა ე.წ. სპორტიადა, რომელშიც  300-400 სპორსტმენი ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა სახეობაში.

_  ერთობ ამაღელვებელი კადრი იყო მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტურ ფილმში, როდესაც თქვენ მამის საფლავს ეფერებით, შეუძლებელია ამას გულგრილად შეხედოს ადამიანმა, რა მდგომარეობაშია დღეს ებრაელთა წინაპრების საფლავები კულაშში, იქაური სინაგოგა?

_ არიან  კეთილი ადამიანები, რომლებიც მადლიან საქმეს აკეთებენ და უვლიან ებრაელთა სასაფლაოს. ქართველები პატივისცემით ექცევიან იქაურობას და ამისთვის ჩვენ მუდამ მადლობლები ვიქნებით, მამა-პაპის საფლავი ხომ წმინდათაწმინდაა ადამიანისთვის.  ამას გარდა, ჩამოდიან ებრაელებიც და სიკეთეს თავის წილადაც აკეთებენ. მაგალითად, იაშა ვალსოვსკი (თუ არ ვცდები). ჩამოვიდა ეს კაცი  კულაშში და მამამისის სულის მოსახსენებლად და სამადლოდ ყველა ებრაელის საფლავი გაასუფთავა, მოაწესრიგა და აბრა გაუკეთა – რათა იქ მისულმა ებრაელმა, თავისი მიცვალებულის საფლავი იოლად იპოვნოს და დასტურად წინაპრების ხსოვნისა, ერთი კენჭი დადოს. ეს დიდი ამბავია, დამიჯერეთ. ამას გარდა, კულაშის  სინაგოგა გაარემონტეს ძმებმა მერაბ და გია ელაშვილებმა.  მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთი აგური მაინც დადო. ქვეყანას ერთი კაცი ვერ ააშენებს, ძალა ერთობაშია. მე პირადადაც მადლობას მოვახსენებ სიკეთის მკეთებელ ადამიანებს.

   _ ბატონო მოშე, საქართველოს მწერალთა კავშირმა და ოქროს ფონდმა თქვენ  „კულტურის ამაგდარის წოდება“ მოგანიჭათ, ჩვენი რუბრიკისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცავთ ამ მაღალ ჯილდოს, წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს გისურვებთ, გთხოვთ ორიოდ სიტყვით ამის შესახებ:

სასიამოვნოა შეგრნება იმისა, რომ ის, რაც წლების მანძილზე გიკეთებია, გიფასდება. მე ბავშვი წავედი აქედან, ახლა კი ვბრუნდები და ამ რანგის წოდებას მანიჭებენ. სიმართლეს გეტყვით, ვერასოდეს მოვიფიქრებდი რომ საქართველო ასე დამიფასებდა, ეს მარტო ქართველ კაცს შეუძლია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერს. და ვაცხადებ: დიდი მადლობა, ვღებულობ დიდი პატივით.

ქართულ-ებრაული მეგობრობა არ უნდა მოიშალოს, ძნელია მსოფლიო პოლიტიკაში ამის ანალოგი მოიძებნოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს შევინარჩუნოთ და თაობებს გავდავცეთ. 

    წინა დღეს გამართულ „მეგობრობის საღამოზე“  ოქროს ფონდის პრეზიდენტმა  და მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა ბატონი მოშე „კულტურის ამაგდარის წოდებით“ დააჯილდოვა. ჩვენ კითხვით მივმართეთ მას:

    _ ქალბატონო მაყვალა, რატომ მიიღო საქართველოს მწერალთა კავშირმა და ოქროს ფონდმა  ბატონი მოშე ბოთერაშვილის დაჯილდოვების გადაწყვეტილება?

_ საქართველოს მწერალთა კავშირისა და ხელოვანთა ოქროს ფონდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ბატონ მოშე ბოთერაშვილს ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა. როცა ბატონ მოშეზე საუბრობ, უნებლიედ ლექსის სტრიქონები გახსენდება:

წლები, როგორც მუჭში წყალი

წვეთ-წვეთობით იპარება,

ხე –  ნაყოფით, ჩიტი – ბარტყით,

კაცი საქმით უკვდავდება.

ბატონი მოშე ბოთერაშვილი ხომ თავისი დიდი ღვაწლითა და საქმითაა გამორჩეული. ორი ერის სიყვარულისა და თაყვანისცემის ნიშნად მას არაერთი რჩეული ქართველისთვის გაუღია ისრაელში გულისა და სახლის კარი. საღამო, რომელიც მუზეუმში შედგა, სწორედ მადლიერებისა და სიყვარულის საღამო იყო. ერთხელ დიდმა მწერალმა, ჭაბუა ამირეჯიბმა გულისტკივილით თქვა: ობოლი ერი ვართო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩემს საყვარელ მწერალს ვერ დავეთანხმები. ქართველებს გვყავს სულიერი ნათესავები ამ დედამიწაზე ქართველი ებრაელების სახით, რომელთა ღირსეული წარმომადგენელი სწორედ ბატონი მოშე ბოთერაშვილია, მან ეს ჯილდო დამსახურებულად მიიღო.

 სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close