საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საკანალიზაციო სითხე პირდპირ მდინარე ვერეში ჩაუშვა

ბიზნესმენმა, „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  გენერალურ დირექტორს, გიორგი ცხადაძეს განცხადებით მიმართა. საქმე იმაშია, რომ ამ კომპანიამ იმის მაგივრად, რომ სვანიძის ქუჩაზე კანალიზაციის პრობლემა შესაბამისად მოეგვარებინა, საკანალიზაციო სითხე პირდაპირ მდინარე ვერეში ჩაუშვა.

„ბატონო გიორგი,  გახლავართ თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიისას ყველაზე მეტად დაზარალებული სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელი და ასევე – „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარე. მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში, თბილისის მერიას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მივმართეთ განცხადებებით, სადაც საუბარი იყო იმ ანტისანიტარიაზე, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მძვინვარებდა.

ქუჩის ბოლოს, მდინარე ვერეს მიმდებარედ, საბურთალოს სასაფლაოს ფერდობზე გაჭედილი იყო საკანალიზაციო კოლექტორი, რის შედეგადაც, მთელი ბაგებისა და წყნეთის კანალიზაცია მდინარე ვერეში ჩაედინებოდა. გწერდით, რომ ეს ბინძური სითხე მდინარე ვერეს შენაკადად იყო ქცეული და, გარდა იმისა, რომ აბინძურებდა მდინარე ვერეს და მთლიანად ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, საშინელი სუნით ახრჩობდა სტიქიას გადარჩენილ მოსახლეობას.

ჩვენს ამ განცხადებებზე პასუხი თქვენი კომპანიისგან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ მოგვივიდა – NOG17-49458. გვწერთ, რომ განიხილეთ ჩვენი განცხადება, რომელიც საკანალიზაციო ქსელის დაზიანებას ეხება და რომ აღნიშნულ მისამართზე გამავალ საკანალიზაციო ქსელზე ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები, სპეციალიზებული ტექნიკით გაირეცხა ქსელი, ამოიწმინდა სათვალთვალო ჭები და ამჟამად საკანალიზაციო ქსელი ფუნქციონირებს ნორმალურ რეჟიმში.

ბატონო გიორგი, სვანიძის ქუჩაზე კანალიზაციით დაბინძურებული წყალი მართლაც აღარ მოედინება, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მარტივი გამოსავალი მოიფიქრა – ის საკანალიზაციო ჭა სვანიძის ქუჩაზე, საიდანაც სითხე მდინარე ვერეში ჩაედინებოდა, ზემოდან გადაკეტა და ამავე ქუჩის ბოლოს, პირველი მოსახლიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით, კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ვერეს მიუერთა. შესაბამისად, იქნებ აგვიხსნათ, რას გულისხმობს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როცა გვწერს, რომ სპეციალიზებული ტექნიკით გაირეცხა ქსელი, ამოიწმინდა სათვალთვალო ჭები და ამჟამად საკანალიზაციო ქსელი ფუნქციონირებს ნორმალურ რეჟიმში. გარდა იმისა, რომ ჩვენი აზრით, ეს არის ტყუილი, ქვეყანას წარმოუდგენელი ზიანი ადგება.

13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ სვანიძის ქუჩაზე გამოცვალეს საკანალიზაციო მილები, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ფული, რომელიც ამ გაყვანილობის გამოცვლაზე დაიხარჯა, წყალში გადაიყარა. ახლა კი მარტივი გზაა მონახული – მდინარე ვერეში პირდაპირ ჩაუშვით ფეკალიები. იმ ადგილს, სადაც ვერეს კანალიზაცია უერთდება, ისევ ამჩნევია  13-14 ივნისის კვალი – სტიქიის დროს მოტანილი ნაგავი კვლავ ყრია. შესაბამისად, სვანიძის ქუჩა ისევ ყარს! დაბინძურებული ეკოლოგია კი წამლავს არამარტო ჩვენი ქუჩის მოსახლეობას, არამედ, მთელ თბილისს, რადგან, მოგეხსენებათ, ამ საკანალიზაციო ფეკალიებით დაბინძურებული მდინარე ვერე თითქმის მთელ დედაქალაქს გაივლის. მერე კი გვიკვირს, რატომ არის ჩვენს გვერდით უამრავი სიმსივნით თუ სხვა დაავადებით დაავადებული ადამიანი. სანამ მათ კართან არ დაიჩოქებს ასეთი აქლემი, ვისი პირდაპირი მოვალეობაც ქვეყნის ეკოლოგიის და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა, ვერ მიხვდებიან, როგორ დაავადეს უამრავი უდანაშაულო, ვინც მათზე იყვნენ მინდობილნი?! თუმცა, რაზეა საუბარი, როცა თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთმანეთში ვერ გაურკვევია, ვინ უნდა გაწმინდოს დედაქალაქში არსებული ხილულად დაბინძურებული მდინარეები, რომ ქალაქი არ ყარდეს და ტურისტებთან თუ ჩვენი ქალაქის სხვა სტუმრებთან ამ გარემოს გამო არ  შეგვრცხვეს!

ბატონო გიორგი, მოგმართავთ, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლოთ აღნიშნული პრობლემა და პასუხი გვაცნობოთ. იქნებ სულაც არ არის ის ჩანჩქერად ქცეული შენაკადი საკანალიზაციო სითხე და ჩვენ რამე გვეშლება? შესაბამისად, ველით დადასტურებულ ინფორმაციას – ბინძურდება თუ არა მდინარე ვერე საკანალიზაციო სითხით?

გიგზავნით ასევე  სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას, სადაც კარგად ჩანს ჩვენს მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

R

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close