საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და გარემოს დაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საკანალიზაციო სითხე პირდაპირ მდინარე ვერეში ჩაუშვა

„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამნისტროს განცხადებით მიმართა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სვანიძის ქუჩის ბოლო მოსახლიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით, საკანალიზაციო სითხე პირდაპირ მდინარე ვერეში ჩაედინება და დაბინძურებული წყალი მთელ დედაქალაქს გაივლის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და გარემოს დაცვის სამნისტრო ადასტურებენ, რომ საკანალიზაციო სითხე პირდაპირ მდინარე ვერეში, საკანალიზაციო კოლექტორის გვერის ავლით ჩაედინება.

„ამჟამად ხდება წყნეთისა და ბაგების დასახლებიდან ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ჩადინება მდ. ვერეში საკანალიზაციო კოლექტორის გვერდის ავლით… გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო თავის მხრივ მზად არის ჩაერთოს საკითხის შესწავლაში კომპეტენციის ფარგლებში“ – გვწერს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, რამაზ გერლიანი.

ცოტა ხნით ადრე, თამაზ ელიზბარაშვილმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სვანიძის ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო ქსელის  მოწესრიგება სთხოვა. ამ სამსახურის თანამშრომლებმა კი სვანიძის ქუჩაზე მდებარე კოლექტორი გადაკეტეს და ამაყად მოგვწერეს, განვიხილეთ თქვენი განცხადება, რომელიც საკანალიზაციო ქსელის დაზიანებას ეხება და აღნიშნულ მისამართზე გამავალ საკანალიზაციო ქსელზე ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები, სპეციალიზებული ტექნიკით გაირეცხა ქსელი, ამოიწმინდა სათვალთვალო ჭები და ამჟამად საკანალიზაციო ქსელი ფუნქციონირებს ნორმალურ რეჟიმშიო.

სინამდვილეში,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მარტივი გამოსავალი მოიფიქრა – ის საკანალიზაციო ჭა სვანიძის ქუჩაზე, საიდანაც სითხე მდინარე ვერეში ჩაედინებოდა, ზემოდან გადაკეტა და ამავე ქუჩის ბოლოს, პირველი მოსახლიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით, კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ვერეს მიუერთა. ამას წყლის კომპანია თავადვე ადასტურებს ვაკის რაიონის გამგეობისადმი გაგზავნილი წერილით:

„სვანიძის ქუჩიდან სასაფლაომდე დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის თაობაზე გაცნობებთ, რომ ზემო აღნიშნულ მისამართზე კომპანიას მიმდინარე წლის სარეაბილიტაციო გეგმებში გათვალისწინებული აქვს აღნიშნული საკანალიზაციო ქსელის შეცვლა-განახლების სამუშაოები“ – წერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონის გამგეობას.

გამოდის, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წლის ბოლომდე აქვს უფლება, მდინარე ვერე საკანალიზაციო სითხით დააბინძუროს და მოსახლეობა მოწამლოს. მით უმეტეს, ამ ცხელი ზაფხულის პირობებში, როცა ათასგვარი ეპიდემიის საფრთხეა მოსალოდნელი, რისი გამოწვევაც დაბინძურებულ მდინარეს  შეუძლია. ხელისუფლება კი დუმს და საკუთარი მოსახლეობის უცილობელ განადგურებას მშივიდად ადევნებს თვალს.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close