ჯანდაცვა

ჯანმო-მ აშლილობად აღიარა ვიდეოთამაშების მიმართ ზღვარგადასული სწრაფვა

2018 წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-11) საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. სპეციალისტებმა მთელი მსოფლიოდან დოკუმენტზე 10 წელიწადზე მეტხანს იმუშავეს და წარმოადგინეს დაახლოებით 10 ათასი ცვლილება. ICD-10 მიიღეს 1990 წელს და მას შემდეგ მასში ცვლილებებიშეჰქონდათ. ბოლო ცვლილება 2016 წელს შეიტანეს, მაგრამ ახალ ვერსიაში საკმაოდ სერიოზული ცვლილებებია.

ცვლილება რისთვის არის საჭირო, ახალი დაავადებები გაჩნდა?

დიახ, მეცნიერები ახალ დაავადებებს პოულობენ, იცვლება წარმოდგენები ძველი დაავადებების შესახებაც, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD) – მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმის გასაგებად, თუ რამდენად გავრცელებულია სხვადასხვა დაავადება, როგორია სიკვდილის მიზეზები და როგორ იცვლება ეს ყველაფერი.

დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში ყველაფერი გარკვეული თვალსაზრისით კოდირებულია. კოდით ბევრად იოლია სხვადასხვა საავადმყოფოების და რეგიონების მონაცემების შედარება – დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გათვალისწინებულია ყველა შემთხვევა და მნიშვნელოვანი არაფერია გამოტოვებული მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაავადებას სხვადასხვა სახელი აქვს.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვისაც.

ახალ კლასიფიკაციაში დაავადებების რაოდენობა შეიცვალა?

დიახ. ICD-10-ში 14 400 დასახელების დაავადება შედიოდა, ICD-11-ში კი – 55 000-ა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადებების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა: დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია იმ გარემოებებსაც მოიცავს, რომლებიც ჯანმრთელობაზე აისახება. მაგალითად, სკოლის ატმოსფეროთი უკმაყოფილება და პირადი ჰიგიენის დაბალი დონე.

ICD-ში დასახელებების რაოდენობის შეცვლა ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან მკვლევარებს და ჯანდაცვის ორგანიზატორებს უფრო სრულ სურათს უქმნის. მაგალითად, ICD-11-ში დეტალურადაა აღწერილი შაქრის დიაბეტის ყველა ტიპი, რაც ჩვეულებრივ ორ ტიპზე მეტია. შიდსის ინფექციის ფონზე წარმოქმნილ დაავადებებს განსაკუთრებული კოდი აქვს. იშვიათი გენეტიკური დაავადებები ახლა კოდირებულია არა ჯგუფებად, არამედ ცალ-ცალკე. არის ასევე განყოფილება „ტრავმის მიყენებაში მონაწილე ობიექტები“, რომელიც მოიცავს არამხოლოდ იარაღს და სხვა სახიფათო ნივთებს, არამედ მაგალითად, ჩანთოსან ცხოველებს, ხელის საათს და ვარცხნილობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამედიცინო რუკაზე ICD-11-ში შეიძლება ფაქტობრივად ყველა იმ მოვლენის კოდირება, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახა.

კიდევ რა შეიცვალა დაავადებების კლასიფიკაციაში?

ცვლილება ძალიან ბევრია, თუმცა ექიმები ძირითადად ხაზს უსვამენ შემდეგს:

– აშლილობად აღიარეს ვიდეოთამაშების მიმართ ზღვარგადასული სწრაფვა;
– „ტრანსსექსუალიზმი“ და სხვა „სქესობრივი იდენტობის აშლილობები“ ახლა მიეკუთვნება არა ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, არამედ სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ახალ განყოფილებაშია. ახალი სახელწოდებაა – „გენდერული შეუსაბამობა“. ეს ასახავს თანამედროვე წარმოდგენას ამგვარ მდგომარეობაზე და იმავდროულად, ხელს შეუწყობსსტიგმის მოხსნას და ადამიანებს აღარ ეტყვიან უარს სამედიცინო დახმარებაზე, თუ მათ ეს სჭირდებათ.

სხვა მნიშვნელოვან, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ცვლილებებს შორის არის ის, რომ

– გაქრა დიაგნოზი „ჰერმაფროდიტიზმი“. ახლა ასეთ მდგომარეობას მიაკუთვნებენ სქესის ფორმირებასთან დაკავშირებულ აშლილობებს. შესაძლოა, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ დროის გასვლასთან ერთად სასქესო ორგანოების არაერთგვაროვანი ერთობლიობა დარღვევად აღარ ჩაითვლება;

– პედოფილიის ნაცვლად, ICD-ში გაჩნდა პედოფილური აშლილობა, რომლის დიაგნოსტირებაც შეიძლება, თუ ადამიანი თავისი მიდრეკილებების გამო ძალიან შფოთავს ან ქმედებებზე გადადის;

– გაჩნდა აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი სხეულის მთლიანობის დაღვევის აღქმასთან – როდესაც ადამიანს სურს მხედველობის, კიდურის დაკარგვა ან პარალიზება;

– გაჩნდა განყოფილება, რომელიც ტრადიციულ მედიცინას ეძღვნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამას იმით ასაბუთებს, რომ ასე უფრო იოლია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გავლენას ახდენს მსგავსი მეთოდები ჯანმრთელობაზე. ამასთან, ორგანიზაცია ცალკე განმარტავს, რომ ასეთი სიახლე არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციამ ტრადიციული მედიცინის ეფექტიანობა აღიარა.

ახალი კლასიფიკაცია უკვე ამოქმედდა?

2022 წლის 1 იანვრიდან ყველა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ICD-11: ექიმებმა სამედიცინო ბარათებზე უნდა მიუთითონ არა ძველი, არამედ ახალი კოდები, ამას დაეფუძნება სტატისტიკა.

წყარო: Meduza

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close