პოლიტიკა

,,ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით”

    ბიძინა ივანიშვილმა ,,ქართული ოცნების ყრილობაზე, პირველ რიგში, განვლილი გზა მიმოიხილა.

   ბიძინა ივანიშვილი:

 _ დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, რომ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი,  რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და სიამაყითაც კი, ხაზი გავუსვა იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია.
პირადად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში.
დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ  მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს  მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი – ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის მონაცემებით,  ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო, განახლებული მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც.
ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით, რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი.
ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა!
თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.
ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის.
და ბოლოს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცვალებად, არაპროგნოზირებად, ტერორიზმისა და გლობალური სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როცა არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისათვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის  უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close