პოლიტიკა

,,ცესკო-ს შედეგები არის ოფიციალური…გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს!”

“გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს, ვუსურვებ ის იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი”, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან თავის შტაბის წევრებს და იმ ადამიანებს გადაუხადა მადლობა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დროს უანგაროდ ეხმარებოდნენ.

“ღმერთია მოწამე, ძალით არავინ არ მიგვიყვანია საარჩევნო უბნებზე, ისინი საკუთარი სურვილით, გულით და ამ ქალაქის სიყავრულით მოვიდნენ.

უზარმაზარი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩემთვის ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ შტაბში და წავიდნენ დამკვირვებლებად. გუშინ ტიტანური შრომა გასწიეს, ჯოჯოხეთური დღე ჰქონდა თითოეულ მათგანს, 24 საათი იმუშავეს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გააკეთეს უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომლებმაც არაჩვეულებრივი პროგრამა დაწერეს, შექმნეს, არაჩვეულებრივი ხედვები ამ ქალაქის და მზად ვარ, ეს ხედვები დავთმო და გადავცე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. მადლობა ჩემი შტაბის წევრებს, რომლებმაც 3 თვე, ასევე უანგაროდ, თავდაუზოგავად იმუშავეს, მოხალისეებით იყო ჩემი შტაბი დაკომპლექტებული და თავი არ დაუზოგავთ მათ”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩვნო პერიოდში უთანასწორო ბრძოლა იყო.

“იყო სახელისუფლებლო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა, საშინელი ანტიპიარი ჩემს წინააღმდეგ სოციალურ ქსელში, იყო უშიშროების ძალიან აქტიური ჩართულობა. გუშინ ვნახეთ ძალიან გულისამრევი ფაქტები, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია საარჩევნო უბნებზე.

თუმცა, ამის მიუხედავად ცესკო-ს შედეგები არის ოფიციალური. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ არ გველაპარაკა სიძულვილით და გველაპარაკა იდეებზე. ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, “ქართული ოცნების” კანდიდატი გაძვრა და დაუსხლტა მეორე ტურს, მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით და 1%-ით. თანაბარ ბრძოლაში თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა. თუმცა, გუშინდელი დღე წარსულია და აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი. მე ახალი კულტურის დამკვიდრება მსურდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს არჩევნების შედეგების ღირსეულად აღიარება. მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის და კაბინეტისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახი კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close