საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: როდემდე უნდა აინტერესებდეს ქართულ საზოგადოებას, ვინ ვისთან წევს ღამით ?!

შაკო კუჭაშვილი ახალგაზრდა აქტივისტია. მას უკვე იცნობს ჩვენი აუდიტორია, საპროტესტო პერფორმანსით, რომელი პერფორმანსითაც იგი საკუთარი უფლებების შელახვას აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ მასზე ვერბალურად იძალადეს.
მეამბოხე მოზარდი ამ ბოლო პერიოდში გურამ კაშიას ირგვლივ არსებულ დისკუსიებშიც ჩაერთო – სხვა, მეტ-ნაკლებად აქტუალური თემების პარალელურად და უკვე სხვათა უფლებებზეც საუბრობს.
შესაბამისად სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე, პირად ფოტოს ამშვენებს ფეისბუკ-აპლიკაცია შემდეგი ჰეშთეგით #გურამშენთანვართ

EURONEWS.GE შაკო კუჭაშვილთან მინი-ინტერვიუს გთავაზობთ:

  – ბოლო პერიოდში თქვენ აქტიურად უჭერთ მხარს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს_ გურამ კაშიას, რატომ?

– გურამ კაშიას, არაერთი გარემოების გამო ვუცხადებ სოლიდარობას. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მის მსგავსად მეც არაერთხელ გავმხდარვარ ბულინგისა და მუქარის მსხვერპლი. საკუთარ თავზე გამოვცადე ინტერნეტ-სივრცეში არსებული ძალადობა, რომელიც სულაც არ არის მხოლოდ ვირტუალური.

  – თქვენ თვეების განმავლობაში საუბრობდით ერთ-ერთი მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან არსებულ ინტერნეტ-ჩაგვრაზე, ამ თემაზე ჩვენ დაგითმეთ კიდეც ტრიბუნა, თუმცა ამჯერად კითხვას სხვა მიმართულებით დაგისვამთ: რომ არა ის ისტორია, რასაც თქვენი პროტესტი მოჰყვა, იქნებოდით თუ არა ასეთი სოლიდარული აწ უკვე სკანდალურად ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მიმართ ?

– რა თქმა უნდა, ვიქნებოდი ! უბრალოდ მას შემდეგ, რაც მე, არასრულწლოვანს გადამხდა, უფრო მეტად გამიმძაფრდა დისკრიმინირებულ ადამიანთა დაცვის სერვილი. აქვე იმასაც დავამატებ, რომ გურამ კაშია ბევრისთვის გმირია და მის თავს არც არავის დააჩაგვრინებენ, უბრალოდ, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მასზე მუქარები. საქართველოში უნდა დასრულდეს სიძულვილის ენით საუბარი !
ლგბტ თემის მხარდაჭერა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და არ ატარებს აგრესიულ დატვირთვას.

 – თქვენს მიერ ნახსენები გამოხატვის თავისუფლება, სხვადასხვა ჯგუფებმა “ლგბტ პროპაგანდას” დაუკავშირეს, რას უპასუხებდით მათ?

– ჩემი აზრით, ,,ლგბტ პროპაგანდა” ბუნებაში არ არსებობს, გინახავთ ადამიანი, რომელიც პროპაგანდით იცვლის სექსუალურ ორიენტაციას? ეს მოდის ადამიანის მდგომარეობიდან, ყველას აქვს უფლება, ჰყავდეს ის სექსუალური პარტნიორი, ვინც მას სურს. როდემდე უნდა აინტერესებდეს ქართულ საზოგადოებას, ვინ ვისთან წევს ღამით ?! დროა, ეს ყველაფერი შეიცვალოს. ალბათ ისინი არც ფიქრობენ რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა სწორედ იმის გამო, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვთ, არც იმაზე ფიქრობენ, რამდენი ადამიანი მოკლეს სულიერად და თუნდაც ფიზიკურად მათი სექსუალური კუთვნილების გამო.

    – ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა თქვენ კრიტიკის და პერსონალური შეტევების სამიზნეც გახდეთ…

– მე ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, ახალ თაობას კი ახალი ფასეულობები მოგვაქვს ! ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება, პროვოკაციები, განხეთქილებები, ისე, როგორც ეს ადრე იყო. მართალია, სკოლა წელს დავამთავრე, თუმცა გადმოცემით ვიცი, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში იმ 90-იანი წლების დროს.

– ვატყობ ქართველ კონსერვატორებს თქვენი სახით აქტიური ოპონენტი გამოუჩნდება.

– არაერთი მეგობარი მყავს ამ იდეოლოგიის მიმდევარი, ისინი გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდზე მედგნენ და მეც პატივს ვცემ ამ იდეოლოგიის მატარებელ ხალხს, მათ შეხედულებებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანის საქციელი, ქმედებები, დღეს შეურაცხყმყოფელია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამაზე არაერთი კამათი მქონია, როგორც შიდა წრეებში, ასევე საჯაროდ. თუ მათ აქვთ ქვეყანაში რაიმეს შეცვლის სურვილი და შესაძლებლობა მაშინ რატომ ვერ დაასახელეს თავიანთი წინამძღოლი საპრეზიდენტო კანდიდატად ?
იყო მოლოდინები, რომ ვასაძე წამოაყენებდა თავის კანდიდატურას, მაგრამ …

– მართალია ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ საიმისოდ, რომ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები გააკეთოთ, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფეისბუკის ქართულენოვან სივრცეში თქვენი პოპულარობა ნელ-ნელა იზრდება. დარწმუნებული ვარ, გააზრებული გაქვთ ისიც, რომ თუნდაც მცირედ ცნობადობას, მოჰყვება საზოგადოებრივი ინტერესი, – საზოგადოებრივ ინტერესს კი კითხვები. შესაბამისად ჩვენც შეგამჩნიეთ და ამ ინტერვიუს ფარგლებში იმასაც გკითხავთ, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალებთ ?

– მე პარტიული არ ვარ… არც ის მიჭირს, რომ ერთი ახალგაზრდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას თავისი შეცდომები დავანახო, ამ მხრივ ვალდებულებები არ მაქვს. მგონი თქვენ იცით, რომ მე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციებშიც ვმონაწილეობდი, სადაც შვილმკვდარი მამის გვერდზე ვიდექი, იმისათვის რომ მას სიმართლე დაედგინა. დათუნას გარდაცვალება არ არის მხოლოდ მისი ოჯახის და მეგობრების ტრაგედია. მე დღემდე ძალიან განვიცდი ამ ამბავს, გამუდმებით მაქვს დაზარალებულების ოჯახებთან კონტაქტი და მათში დიდია უსამართლობის განცდა, უიმედობა… მეშინია, ამ საქმემ სხვა დანაშაულებებიც არ გამოიწვიოს. ასეთი ფაქტები არ უნდა განმეორდეს. შესაბამისად, ახალგაზრდები არ ვადუნებთ ყურადღებას. პირადად მე კარგსაც დაუფარავად ვამბობ და ცუდსაც. აქტიურად ვაკრიტიკებ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. საქართველო უკეთესი უნდა გახდეს. ჩემს თაობაში ბევრი ფიქრობს ისე, როგორც მე.

   – როგორ ფიქრობთ, რიგ შემთხვევებში, რა იწვევს აგრესიას მოზარდებში ?

– მოზარდობის წლები ყველას ერთნაირად ვერ გადააქვს, მძიმე ასაკია, პრინციპში მეც ამ ასაკში ვარ. სამწუხაროდ სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტები არახალია. თუმცა ჩვენს თაობაში ბევრი პოზიტივიცაა. მაინც მგონია, რომ სიყვარული გაგვამარჯვებინებს.
ინტერვიუს დასაწყისში, თქვენ კაშიაზეც მკითხეთ, მაგრამ არაფერი გიკითხავთ ცხრა სექტემბრის შესახებ. სწორედაც იმიტომ უნდა ავირიდოთ დაძაბულობა დინამოს სტადიონზე, რომ არ განმეორდეს მორიგი ტრაგედია. ახალ თაობას უფროსებმა უნდა მოგვცეს მაგალითი.

   – რა მოლოდინები გაქვთ 9 სექტემბერს, მაშინ როდესაც დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს ? აქვე დავკონკრეტდები; მოლოდინებში არ ვგულისხმობ საფეხბურთო ანგარიშს. როგორც ცნობილია ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს გურამ კაშიაც. სტადიონზე კი, მოსვლას აპირებენ “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები. მოხდება თუ არა მასიური კონფლიქტი ?

– ამ თემაზე არაერთი პროგნოზი კეთდება, ჩემი სურვილია რომ ქომაგებმა ( მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა ), არც გურამ კაშიას მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფები და არც ერთმანეთს. საქართველო არ არის ველურების ქვეყანა.

  – თუმცა დამეთანხმები, რომ საფეხბურთო მატჩების მსველობისას და შემდეგ, არაერთ კულტურულ და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში უჩხუბიათ. ჩხუბობენ, ბრიტანელი ქომაგები, ესპანელები და ა.შ.

– მე არ გამიგია სამკლაურის გამო სადმე სკამები მოემტვრიოთ ან ბოთლები ესროლოთ. იმედს ვიტოვებ, ასე არ მოხდება. კი, ჩხუბი, ჩხუბია, ზღვარგასასულ ემოციებს გამართლებას ვერ მოვუძებნი, უბრალოდ ისინი, როგორც წესი სპორტულ ნიადაგზე ცხარდებიან, ვერ ეგუებიან მათი საყვარელი გუნდების წაგებას. ჩვენ რა, მსოფლიოს თავი უნდა გავაცნოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ფეხბურთელს უმცირესობებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების გამო ქოლავენ ? არ მინდა ასე გვიცნობდნენ. იმედია, ეს არ მოხდება.

ზაზა სვანაძე

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close