ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართზე ობიექტივმა ქრისტეს სახე და ჯორზე მჯდარი ქრისტე დააფიქსირა

,,კვართი იყო წიგნი, რომელზეც იესოს ცხოვრება მისი დაბადებისას აღიბეჭდა"

ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი ღვთისმშობლის კვართზე, რომელიც სამეგრელოში, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული.

ზუგდიდში არსებული ღვთისმშობლის კვართის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა რაც რამდენიმე წლის წინ  პირადად შევიტყვე, ჯერ არსად წამიკითხავს. შევეცდები სრულად გამოგცეთ კვართთან დაკავშირებული სასწაულებრივი ამბები.

საუკუნეების მანძილზე, საქართველოში მრავალმა სიწმინდემ მოიყარა თავი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნდ მარიამ ღვთისმშობლის კვართი ითვლება, რომელიც ზუგდიდში , დადიანების სასახლეში, მე-17 საუკუნიდან ინახება. მარიამ ღვთისმშობლის კვართი დედამიწაზე ერთადერთია და იგი მაცხოვრის დედას იესოს შობის დროს ემოსა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ კვართს 2000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს. იგი სელისგანაა ნაქსოვი, ზომით 180/130 სმ-ია და დადიანების სასახლის სარდაფში, ძვირფასი თვლებით მოჭედილ, ვერცხლის სკივრში ინახება. ამავე სკივრში არის დაბრძანებული წმინდანთა სხეულის უკვდავი ნაწილებიც _ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი, დიდმოწამე წმინდა გიორგის ბარძაყის ძვალი, წმ. ქალწული მარინეს ხელის მტევანი და წმ. მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი.

ერთ-ერთი ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, მარიამ ღვთისმშობელმა, თავისი კვართი, მფარველობის ნიშნად ბერძნულ ეკლესიას დაუტოვა. ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ მეორე ლეგენდაც  გაგვაცნო: ბიზანტიის იმპერატორის ლევ დიდებულის დროს, მის საეკლესიო ერარქ ძმებს, თურმე წმინდა ადგილთა მოსალოცად უმოგზაურიათ პალესტინაში. ნაზარეთში, ღარიბი ქალიშვილის სახლში უნახავთ კიდობანი, რომელშიც ღვთისმშობლის უწმინდესი ხატი ესვენა. ოჯახის დიასახლისს უთქვამს, რომ მიძინების წინ, მარიამმა იგი ორ ქვრივ მოსამსახურეს უანდერძა. ერთ-ერთს კი წესად დაუმკვიდრებია მისი მემკვიდრეობით გადაცემა. ასე მოხვედრილა კვართი ამ ქალთან. ლევ დიდებულის ძმებს კვართის ასლი დაუმზადებიათ და ნაზარეთელი ქალისათვის ნამდვილ კვართში ჩუმად გაუცვლიათ . ბიზანტიის იმპერატორს გახარებია წმინდა განძის მიტანა და იგი ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში დაუსვენებია.

მე-18 საუკუნეში, სამეგრელოში, ლევან დადიანის სასახლეში კვართის მოხვედრის რამოდენიმე ვერსია არსებობს: სამეგრელოს მთავრებს ხშირი კავშირი ჰქონიათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად,ზოგიერთთა აზრით კი, წმინდა რელიქვიები საქართველოში, იმ წმინდა მამებმა დატოვეს, რომელნიც თურქებისაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ , მაჰმადიანთა ტირანიას საქართველოში ემალებოდნენ. ამბობენ იმასაც, რომ კვართი  კოლხეთში ჩამოსულმა არქიეპისკოპოსმა ჩამოიტანა და მანვე განაცხადა, რომ იგი ღვთისმშობელს ეკუთვნოდა, მაგრამ კვართს ჰქონია სარტყელი და თავსაბურავიც. წმ. მარიამის თავსაბურავი საფრანგეთში, შატლის მონასტერშია დაცული. ეს ტაძარი მისთვის სპეციალურად აუშენებიათ. სარტყელი კი სამ ნაწილად დაუყვიათ – ერთს თურმე მუდმივად ატარებდა ჰერაკლე კეისარი. შუა ნაწილი, რომელზეც მარიამის ხელით ნაქარგი ყოფილა მისივე გამოსახულება, საქართველოშ მოხვდა. იგი ბაგრატ მესამის ცოლს,  ელენეს წამოუღია ბიზანტიიდან, რადგან იგი მძიმე სენისგან განუკურნავს. ბედიის მონასტრიდან სარტყელის ეს ნაწილი დადიანების სასახლეში გადაუბრძანებიათ. მისთვის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც გაუკეთებიათ, მაგრამ სარტყელის ნაწილი საქართველოდან მაინც გაქრა. საეკლესიო მუზეუმებში  წესად ყოფილა  ნივთის დაშლა – ოქროს ოქროს ფონს აბარებდნენ, ნაჭერს კი ქსოვილის ფონდში გზავნიდნენ. ეჭვი არსებობს , რომ ღვთისმშობლის სარტყელის შუა ნაწილიც  სწორედ ასე დაიშალა და გაქრა.

   ღვთისმშობლის კვართის თანამედროვე სასწაული

ღვთისმშობლის კვართის ისტორიიდან საინტერესოა ისიც, რომ  მას და სარტყელს, ისევე როგორც სხვა სიწმინდეებს სასწაულის მოხდენა შეეძლოთ. როდესაც მისი ზუგდიდში არსებობა ცნობილი გამხდარა, ვიდეოკამერითა თუ ფოტოაპარატით გადაღების სურვილი ბევრს გასჩენია, მაგრამ უშედეგოდ. კვართი პირველად სტუდია „მემატიანე“-ს ოპერატორებს აღუბეჭდავთ კინოფირზე. მისი სასწაულის თვითმხილველნიც ისინი გამხდარან.

  გურამ როგავა – ოპერატორი (აწ გარდაცვლილი) :

_  როდესაც, ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში ყოფნის ამბავი შევიტყვე, გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩავედი. მინდოდა ფირზე აღმებეჭდა ეს მნიშვნელოვანი სიწმინდე, თუმცა წინასწარ გამაფრთხილეს, კვართი არ გადაგეღებინებაო. ჩემი თხოვნით იგი სასახლის პირველ სართულზე ამოასვენეს .  თადარიგი დავიჭირეთ და რაიონის მესვეურები წინასწარ გავაფრთხილეთ,  გადაღების დროს ელექტროენერგია არ შეეწყვიტათ, დავიწყეთ თუ არა საქმიანობა, შუქები ჩაქრა. გადაღება დღის შუქზე გავაგრძელეთ. დეტალების გადაღებისას კვართის ერთ მონაკვეთზე ქრისტეს სახე გამოჩნდა . როცა მუზეუმის მეცნიერმუშაკს კინოაპარატში ეს ვაჩვენეთ განცვიფრდა. მან გვითხრა, რომ კვართზე ასეთი რამ მანამდე არ შეუნიშნავს. კინოაპარატმა კვართზე ორი სურათი დააფიქსირა, ქრისტეს სახე და ჯორზე მჯდომი ქრისტე .

მუზეუმის თანამშრომლები კვართის სხვა სასწაულებსაც მომიყვნენ: ერთხელ ზუგდიდში, კიბოთი დაავადებული მამაკაცი ჩამოსულა როსტოვიდან . მას ამ სიწმინდისთვის ორჯერ დაუდია ხელი და განკურნებულა. მეუბნებიან, კვართის იგივე ადგილები ხელახლა რომ გადავიღო, ქრისტეს გამოსახულება იგივე ფორმით აღარ გამოჩნდებაო. ძალიან მინდა ამ სასწაულის მომსწრეც გავხდე, მაგრამ უსახსრობის გამო სამუშაოს ვერ ვაგრძელებთ.

 კვართის სხვა მნიშვნელოვანი სასწაულები:

 გიორგი კალანდია – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კონოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

_ 626 წლის გაზაფხულზე სპარსელებისა და ხაზარების უზარმაზარი არმია ბოსფორს მისდგომია და კოსნტანტიპოლისაკენ დაძრულა. ისე შემოურტყავს მათ ქალაქისთვის ალყა, რომ  ბიზანტიელებს  წინააღმდეგობა ვერ გაუწევიათ და სპარსელები ქალაქში შეუშვიათ. მაშინ პატრიარქს სხვა სიწმინდეებთან ერთად მარიამ ღვთისმშობლის კვართიც გამოუტანია და ლოცვა დაუწყია . ამ დროს ამოვარდნილა საშინელი ქარიშხალი და მტერი მოუსრავს. აღელვებულ ზღვას კი სპარსელებისა და ხაზარების ფლოტი შთაუნთქავს . იგივე განმეორებულა 716 წელს სარაცინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც.

866 წელს რუს წარმართ რაინდებსაც უნახავთ ღვთისმშობლის კვართის სასწაული. მათაც კონსტანტინოპოლის დაპყრობა სურვებიათ. ბრძოლები შავი ზღვის ნაპირებთან გაუმართავთ, მაგრამ ბიზანტიელებს რუსების დაძლევა გასჭირვებიათ, რის შედეგაც პატრიარქს ტაძრიდან კვართი გამოუსვენებია და ზღვისთვის შეუხია. ლეგენდის მიხედვით ზღვა აღელვებულა, საშინელი ქარბორბალა ამოვარდნილა და რუსების ხომალდები ჩაუძირავს. ამ სასწაულის თვითმხილველ, გადარჩენილ რაინდებს ქრისტიანობა მიუღიათ.

_ სასწაულებს ღვთისმშობლის კვართის სარტყელიც ახდენდა?

_ სარტყელის სამი სასწაულია ცნობილი.  როდესაც, ბიზანტიის დედოფალი ზოია ავად გამხდარა , მისთვის შუბლზე დაუფარებიათ იგი და განკურნებულა. ასევე მის შეხებას განუკურნავს ბაგრატ მესამის ცოლი – დედოფალი ელენე. ჰერეკლე კეისარს სარტყელის ერთი ნაწილი მუდამ თან დაჰქონდა, ამიტომ მის გამარჯვებას ბულგარეთის მეფე კოლომანთან სარტყელის დამსახურებად მიიჩნევენ. სარტყელის შუა ნაწილის საქართველოდან გაქრობასაც მის სასწაულად ვთვლით და დარწმუნებული ვართ, მალე გამოჩნდება.

_  კვართზე ქრისტეს გამოჩენაც სასწაულია?

_  ეს მოვლენა შეიძლება ტურინის სახელგანთქმული მოსასხამის ისტორიას შევადაროთ. ტურინის მოსასხამი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სიწმინდეა.  მიცვალების შემდეგ, მენელსაცხებლე დედებმა ქრისტე სწორედ ამ ნაჭერში შეახვიეს. იგი ამჟამად ტურინშია დაცული და 10 წელიწადში ერთხელ აჩვენებენ ხალხს. ერთ-ერთი გამოფენისას, ფოტოგრაფს მისთვის ფოტო გადაუღია. სწორედ მაშინ გამოჩენილა პოზიტივზე  ქრისტეს გამოსახულება. ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართზე  ქრისტეს გამოჩენაც კინოფირის პოზიტივზე მოხდა. ორივე შემთხვევაში გადაღებული გამოსახულებები  ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

    _  ე.ი. ორივე გამოსახულება სასწაულებრივია?

_ ისტორიული წყაროების მიხედვით, ღვთისმშობლის ხატზე ნახატები არ იყო. კაბას დეკოლტე ბოლო ნაწილზე და სახელოებზე აქვს, ზემოთ კი მოჩითულია. იქ სადაც კინოობიექტივმა ქრისტეს გამოსახულება  დააფიქსირა,  მსგავსი რამ არასოდეს უნახავთ. ნახატი კვართს ახლაც არ ეტყობა. მასზე ამ ნახატს ვიდეო და ფოტოკამერა აფიქსირებს. გამოსახულება კვართზე ოქროსფერ-მოყავისფროა. ასევეა ტურნიშიც, მაგრამ შეიმჩნევა სისხლისფერი ლაქებიც , რაც ქრისტეს სისხლად ითვლება, რომელიც წამებისას გამოუვიდა. ღვთისმშობლის კვართზე კი სისხლისფერი ლაქები იმ სითხის კვალია, რომელიც ღვთისმშობელმა ქრისტეს დაბადების დროს დაღვარა. როდესაც ტურინის მოსასხამის სისხლისფერ ლაქებს ანალიზი ჩაუტერეს, იქ სისხლის ჩვეულებრივი შემადგენლობა არ აღმოჩნდა. არც რაიმე ქიმიური ნივთიერებით ყოფილა იგი გაჟღენთლი.

   _ მაშ, რისი კვალი იყო?

_ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტურინის გამოსახულება არასამყაროსეულია, და ხელთუქმნელი. იგი თანამედროვე მეცნიერებისთვის ამოუცნობია. იგივე ითქმის ღვთისმშობლის კვართზეც. საინტერესოა, ისიც, რომ კვართზე გამოსახული ქრისტე მოწიფულ ასაკშია, რაც პარადოქსულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ცნობით,  კვართი იყო წიგნი, რომელზეც იესოს ცხოვრება მისი დაბადებისას აღიბეჭდა.  ღვთისმშობლის კვართზე, ობიექტივმა, იესოს სახის გარდა, ჯორზე მჯდარი ქრისტეც დააფიქსირა, იესო პროფილში ჩანს. ეს იერუსალიმში შესვლის ბიბლიური სცენაა. კვართზე ქრისტეს სახე, მუცლის ადგილზეა აღბეჭდილი, ჯორზე მჯდარი იესო კი კვართის ბოლოდან  ნახევარი მეტრის მოშორებით. შესაძლოა, მასზე სხვა სურათებიცაა გამოხატული, მაგრამ მისი გაშიფვრა არ ხერხდება. მალე კვართის ქსოვილს ევროპის პრესტიჟულ ლაბორატორიაში ჩაუტარდება გამოკვლევა და გაირკვევა, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.ზუგდიდის მუზეუმის მთავარი მცველი ლილი ბერაია კვართს  ზედმიწევევნით უფრთხილდება და მისი ყოველი სასწაულის თვითმხილველია. კვართის დიდი სასწაულია ისიც, რომ იგი საქართველოს უბედურებებისაგან იცავს.

სასწაულებს წმინდანთა სხეულის უხრწნელი ნაწილებიც ახდენენ

ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სკივრში, ღვთისმშობლის კვართთან ერთად,  როგორც აღვნიშნეთ, წმინდანთა სხეულის ნაწილებიც ინახება. წმ. გიორგის ბარძაყის ძვალი და წმ. მარინეს ხელის მტევანი საქართველოში ბიზანტიის დედაქალაქის დაცემის შემდეგ მოხვედრილა. იოანე ნათლისმცემლის ძვალი ოპიზის მონასტრიდან ყოფილა ჩამობრძანებული. წმინდა კვირიკე ადგილობრივი წმინდანია და მისი ხელის მტევანიც ამიტომ არის საქართველოში. გიორგი კალანდიამ მათ სასწაულებზეც მოგვითხრო:

_ 1936 წელს, როცა ეს სიწმინდეები ხობის მონასტრიდან, კვლავ ზუგდიდის სახლ-მუზეუმში გადმოუტანიათ, ერთ-ერთ კომუნისტს წმინდა მარინეს ხელის მტევანი გადაუტეხია, – ვნახოთ რას მიზამს თქვენი სიწმინდეო. ცოტა ხანში ეს კაცი დამწვარა და საშინელი სიკვდილით დაღუპულა. წმინდა მარინესა და წმინდა კვირიკეს ხელის მტევნებს ხორცი აქვთ, მაგრამ ის არ ლპება. იგი მუმიფიცირებულიც არ არის. ასეთი რამ მხოლოდ წმინდანთა სხეულის ხვედრია,  აქედან გამომდინარეა სასწაულიც.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close