ჯანდაცვა

ქირურგი: დავიღალე დაუცველობისგან. ისეთი სიტუაციისგან, როცა ყველა არამზადას შეუძლია, რაიმე დაგაბრალოს

ერთ-ერთ საავადმყოფოში მოღვაწე ქირურგის ეს წერილი სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა დღესაც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია. აი, რას წერს უკვე ყოფილი ქირურგი:

,,უკვე აღარ შემიძლია სრულფასოვნად მუშაობა იმ პირობებში, რომლებშიც ჩემმა კოლეგებმა ჩამაყენეს. აღარ შემიძლია შვილების რჩენა იმ ფულით, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მიხდის. ,,მოწყალების” პაციენტისგან გამოთხოვას კი ჩემი საკუთარი აღზრდა არ მანებებს. არ შემიძლია ღიმილით ვუპასუხო მთვრალი ლაწირაკის უხეშობას. არ შემიძლია მეორე ყურიდან გავუშვა ფრაზები: “ექიმო, თქვენ ვალდებული ხართ”, ,,თქვენ უნდა გააკეთოთ”, ,,თუ არადა, გიჩივლებთ”. დავიღალე დაუცველობისგან, ისეთი სიტუაციისაგან, როდესაც ნებისმიერ არამზადას შეუძლია, რაღაც დამაბრალოს, რის გამოც შემდეგ თავი უნდა ვიმართლო და ძვირფასი სამუშაო დრო დავკარგო.

დავიღალე სამსახურში დილის შვიდ საათზე მისვლით და “როცა დავამთავრებ” წამოსვლით, რადგან ქაღალდის საქმეებს ვერ ავუდივარ.

არ შემიძლია პაციენტების მკურნალობის ნაცვლად, გამუდმებით ფიქრი “სამედიცინო დოკუმენტები სწორად შეავსე”-ზე, “რაც შეიძლება ცოტა ანალიზი დანიშნე”-ზე, “გასულ თვეში განყოფილებამ რვა მილიონის ზარალი ნახა”-ზე, “მთავარია ავადმყოფობის ისტორიის სწორად შევსება”-ზე, “ნაკლები ძვირადღირებული წამლები გამოიყენეთ”-ზე.

აღარ შემიძლია ასე!

მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი! მინდოდა ადამიანები განმეკურნა და ამისთვის ღირსეული ანაზღაურება მმიმეღო. არ გამოვიდა. სადაზღვევო კომპანიებმა და ოპტიმიზაციამ ქირურგიდან ბუღალტრული უნარების მქონე კლერკად მაქცია. კლერკად, რომელიც ყოველი სასვენი ნიშნის დაწერისა თუ ახალი ანალიზის დანიშვნაზე შიშით კანკალებს. არავის აინტერესებს როგორც ვმკურნალობ ადამიანებს. აინტერესებთ მხოლოდ ის, თუ როგორ ვაფორმებ ავადმყოფობის ისტორიას, რათა სადაზღვევომ… არა, უფრო სწორად, ს ა დ ა ზ ღ ვ ე ვ ო მ  ჯარიმა არ დაადოს უხარისხოდ შევსებულ ჩანაწერს. არც პაციენტებს ანაღვლებთ ჩემი პროფესიული უნარი. უფრო ჩემი ღიმილი, “სუდნოს” ფერი და კვება ადარდებთ. კიდევ აინტერესებთ “რაც შეიძლება ნაკლები ქიმია” და, აუცილებლად “რაღაცის ამოქექვა”. ჩემი ძირითადი სამუშაო იარაღი სკალპელი ან, ტვინი კი არ არის, არამედ – კალამი. ინტერნებს, უნივერსიტეტის შემდეგ რომ მოდიან, თავიდან ამის არ სჯერათ. იმის გაცნობიერებას, რამხელა წუმპეში აღმოჩნდნენ, სამი-ოთხი კვირის შემდეგ იწყებენ. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ…

მორჩა… მე კლერკი გავხდი! დოკუმენტებთან ვმუშაობ. მზად ვარ მისთვის ხელფასი მივიღო, მაგრამ მაშინ ექიმი ვეღარ მერქმევა. ექიმის დევიზია “ვიწვი, რათა სხვებს გავუნათო”. მე ექიმი ვარ, მე უნდა ვუმკურნალო. მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რეალობაში მე მოსახლეობას უბრალოდ სამედიცინო ხასიათის სამსახურს ვუწევ. არ მინდა უაზროდ დავიწვა და ვხვდებოდე, რომ ჩემი შრომა არავის სჭირდება, და ჩემი პროფესია ხელოვნების სფეროდან მომსახურეობის სფეროში გადავიდა.

ძვირფასო ხალხო, ადამიანები, პაციენტებო! დავიღალე. მივდივარ… ნუ გახდებით ავად!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close